21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი რეაბილიტაცია ჩატარდება, სწავლა ზაფხულამდე აღდგება – მიქანაძე

21-ე საჯარო სკოლაში რამდემიკვირიანი “კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები” ჩატარდება და სასწავლო პროცესი ზაფხულამდე აღდგება. ამის შესახებ ივანიშვილის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა. სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება “ექსპერტიზის დასკვნის დამაზუსტებელი შეფასების მიხედვით” მიიღეს და 2026-2027 სასწავლო წელს 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იმავე შენობაში დაასრულებენ.
“კომისიის წევრებმა განიხილეს იმ სკოლების საკითხი, რომელთა შენობების მდგომარეობის შესახებ დასკვნები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო. აღინიშნა, რომ სამინისტრო თითოეულ ასეთ სკოლასთან მიმართებით, შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასების მოთხოვნით, მიმართავს ექსპერტიზას და მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებებს” – აცხადებს სამინისტრო.
ივანიშვილის მინისტრის თქმით, შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასებით გამოიკვეთა, რომ 21-ე საჯარო სკოლასთან მიმართებით “შესაძლებელი და აუცილებელია, უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე ჩატარდეს კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც რამდენიმე კვირა დასჭირდება”.
“ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება, რომ მოსწავლეები და მასწავლებლები დაუბრუნდნენ სკოლას და იქ წლის ბოლომდე სპეციალურად დაწესებული მონიტორინგის საფუძველზე აღდგეს სწავლების რეჟიმი. ზაფხულის პერიოდიდან მუნიციპალური განვითარების ფონდი სარეკონსტრუქციო საუშაოებს დაიწყებს და შემდეგი სასწავლო წლიდან სკოლა ფუნქციონირებას ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებს” – ამბობს მიქანაძე.
ივანიშვილის ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის თქმით, 21-ე საჯარო სკოლაში სამხარაულის ექსპერტების ბიუროს ექსპერტების ჩართულობით, “შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით”, უახლოეს დღეეში დაიწყებენ სამუშაოებს.
21-ე სკოლის შენობა უსაფრთხო არაა, სწავლა ალტერნატიულ ფართში გაგრძელდება – მიქანაძე
შეხვედრაზე მშობლებს დროებით სხვა საჯარო სკოლაში გადასვლა შევთავაზეთ – სამინისტრო 21-ე სკოლაზე
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში შეიტყვეს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება უსაფრთხოების გამო სასწავლო პროცესს წყვეტს. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეა, მშობლები საპროტესტო აქციებს მართავენ.
ოცნება “ასაწყობ სკოლებს” ყიდულობს, გამოცხადდა 18.5-მილიონიანი ტენდერი
საჭიროებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ – სოხაძე “ასაწყობ სკოლებზე”