პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე და ფილოლოგი გიორგი ლობჟანიძე:
პაატა ნაცვლიშვილი როცა გავიცანი, მეექვსეკლასელი ბავშვი ვიყავი. ორი წლით ადრე იმ პუბლიკაციამდე, რომლითაც მერე, 1987 წლის 19 აგვისტოს მთელ საქართველოს გააცნო ჩემი თავი.
წუხანდლიდან მოყოლებული, რაც მისი გარდაცვალების შემზარავი ამბავი შევიტყვე, გამუდმებით ვფიქრობ ჩვენი ურთიერთობის დეტალებზე და მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება უბრალოდ არ არსებობს ამ ადამიანის გარეშე. პაატა ჩემი მფარველი ანგელოზი იყო, მიწიერი ანგელოზი, რომელსაც თითქოს ზეგარდმო დავალებად ჰქონდა მიცემული ჩემი აღზრდა. ის იყო ჩემი ზნეობრივი კომპასი, რომელზედაც საკუთარი სვლის, აზრების, ინტერესების, ჩადენილი საქციელის სისწორეს ვამოწმებდი.
მართლა მიკვირის, სად ჰქონდა იმდენი დრო, ენერგია და ბოლოსდაბოლოს ადამიანური დიდბუნოვნება რომ ამდენი ხანი დაეთმო ჩემთვის, ასე მოთმინებით ვეზარდე და ვეწრთვენი, როგორც თავისი ნამდვილი შვილი.
იმ ადრეული ასაკიდან პაატა მირჩევდა, უფრო სწორად მავალებდა წიგნების წაკითხვას. სწორედ მან შემაყვარა მთელი მაშინდელი თანამედროვე ქართული პოეზია. საათობით მელაპარაკებოდა ვახტანგ ჯავახაძის, ტარიელ ჭანტურიას, ოთარ ჭილაძის და საერთოდ, ყველა მაშინდელი მნიშვნელოვანი პოეტის შესახებ. დაწვრილებით აანალიზებდა თითოეული მათგანის თავისებურებას და მასწავლიდა, რა სიახლე შემოიტანეს მათ ქართულ ლიტერატურაში. ამით კი რეალურად მაძლევდა გეზს, რისი განვითარება ღირდა სამომავლოდ ისე, რომ მაქსიმალურად გამეთვალისწინებინა და მცოდნოდა ჩემი წინა თაობების ნამდვილი მიღწევები.
ერთ საღამოს, სწორედ ამ მეხუთეკლასელს სამი საათი მესაუბრა ნიკო ნიკოლაძეზე. დაიწყო კი პროვოკაციული შეკითხვით: შენი აზრით ნიკო ნიკოლაძე უფრო დიდია თუ ილია ჭავჭავაძეო. პასუხი წინასწარვე იცოდა და ეს შეკითხვაც ამიტომ დამისვა. რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძე! ილიას ვინ შეედრება-მეთქი! ჰო, რა საკვირველია, არის ისეთი სიმაღლეები, რომლებსაც ვერავინ და ვერაფერი შეედრება, მაგრამ ილია და ნიკო თითქმის თანასწორნი არიან და ჟურნალისტიკაში (პუბლიცისტიკაში) მხოლოდ ნიკოს თუ შევადარებთ ილიასო!
მერე მთელი ნიკო ნიკოლაძე, თითქმის ყველაფერი გამიმზადა და ერთი წლის განმავლობაში თავაუღებლად მაკითხა, მანამ, სანამ ამ დიდი მოღვაწის მხურვალე მიმდევრად არ მომაქცია.
ახლა ვხვდები, თვითონ რატომ უყვარდა ასე ნიკო ნიკოლაძე. იმიტომ, რომ დღევანდელ საქართველოში თუ ვინმე ოდნავ მაინც მიუახლოვდა ნიკო ნიკოლაძისი აზროვნებისა და მოღვაწეობის საოცარ მასშტაბებს, ეს მხოლოდ ჩემი მფარველი ანგელოზი, ჩემი და მთელი საქართველოს პაატა ნაცვლიშვილი იყო.
ისევ ჩემი სკოლაში სწავლის ხანს, როცა პაატამ ჩათვალა რომ უკვე შეიძლებოდა ჩემი ლექსების პირველი კრებულის გამოცემა, შემაკრებინა ჩემი ყველა ლექსი, გულდასმით იმუშავა, როგორც რედაქტორმა და “მერანში” გივი ალხაზიშვილთან მიმიყვანა. გივიმ მაშინ უთხრა: სიამოვნებით გამოვცემდით, მაგრამ მალე ვერ მოხერხდება, ხომ იცი, რიგიაო!
მაშინ ასეთი წესი იყო, სახელმწიფო გამომცემლობებში წიგნის გამოსაცემად უგრძეს რიგში უნდა ჩამდგარიყავი და წიგნის გამოცემა მხოლოდ ხუთი-შვიდი წლის მერე თუ მოგიწევდა, ისიც უკეთეს შემთხვევაში.
პაატამ იქვე, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, რომელიც თურმე ამდენი წელიწადი თავის რიგში მდგარიყო და ერთ თვეში უწევდა კრებულის გამოცემა, გივის უთხრა: ხომ მიწევს მალე ჩემი წიგნის რიგი! ჰოდა, მოდი, ჩემი წიგნი ამოიღე და გიროგის კრებულით ჩაანაცვლეო!
ასეც მოხდა და ასე დაიბეჭდა ჩემი “ობლის კვერი”.
და ახლა რომ ვფიქრობ, ვისთვის არ დამენანებოდა ჩემი სიცოცხლეც კი, ჩემს შვილებთან და რამდენიმე უახლოეს ადამიანთან ერთად, პაატა ნაცვლიშვილიც იყო!
სუნთქვას, სასუნთ სივრცესაც კი გავუყოფდი, ოღონდ ქართულ კულტურას, ლექსს, ჟურნალისტიკას ცოტა ხანს, სულ რამდენიმე წელი კიდევ ჰყოლოდა ცოცხალი პაატა ნაცვლიშვილი!

News.ge მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის, დიზაინერის, ბიბლიოფილისა და საზოგადო მოღვაწის, პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მრავალრიცხოვან კოლეგებს.




