ზელენსკის თქმით, მოლდოვაში მისი თვითმფრინავის ყოფნის დროს რუსეთმა იქ დრონები ორჯერ გაუშვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ბოლო პერიოდში რუსული დრონები მოლდოვის საჰაერო სივრცეში ორჯერ შევიდნენ მაშინ, როდესაც ქვეყანაში მისი საპრეზიდენტო თვითმფრინავი იმყოფებოდა. ამის შესახებ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“მოლდოვაში ჩემი საპრეზიდენტო თვითმფრინავი იმყოფებოდა და სწორედ ამიტომ შეუტიეს მათ მოლდოვას. მათ მოლდოვის საჰაერო სივრცე გამოიყენეს. შესაძლოა, მათ პირადად ჩემზე თავდასხმა არ სურდათ… ჩვენ ამის შესახებ მედიას არ ვეუბნებოდით, მაგრამ როდესაც სახლში ვბრუნდებოდით, კვლავ კიშინიოვის გავლით, მათ იგივე გააკეთეს.” – თქვა ზელენსკიმ.
CBS News-ის ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ მოსკოვი ამ გზით მის დაშინებას ცდილობდა, უკრაინის პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა.
ზელენსკიმ მოლდოვაში მომხდარი ინციდენტები გაიხსენა რუსული დრონის მიერ უკრაინაში მიმავალი მატარებლის მახლობლად თავდასხმაზე საუბრისას. იმავე მარშრუტით სპეციალური სარკინიგზო შემადგენლობა გადაადგილდებოდა, რომლითაც უკრაინიდან პოლონეთში ევროპელი დიპლომატები და ოფიციალური პირები მიემგზავრებოდნენ.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა შესაძლოა იცოდა, რომ მატარებელში “ევროპელები, ამერიკელები და დიდი დელეგაციები” იმყოფებოდნენ.
“მათ იერიში მიიტანეს. ისინი ამას ხშირად აკეთებდნენ მოლდოვაში, რუმინეთში და ზოგჯერ პოლონეთშიც. ეს პროცესია. ისინი ძალას აჩვენებენ და, როდესაც ამას აკეთებენ, მათ არავინ პასუხობს.” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
9 სექტემბერს ნორვეგიის პრემიერმინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა, რომ ზელენსკის თვითმფრინავი მოლდოვიდან ოსლოში გაფრენისას დრონთან შეჯახებას გადაურჩა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ნორვეგიაში მეფე ჰარალდ V-ის დაკრძალვაზე მიემგზავრებოდა.
მოგვიანებით მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დრონის აღმოჩენის გამო ქვეყნის საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა, რის გამოც კიშინიოვიდან ზელენსკის თვითმფრინავის გაფრენა გადაიდო. დრონი საბოლოოდ რიშკანის რაიონში, სოფელ სტარიე მიხაილენთან აფეთქდა – კიშინიოვის აეროპორტიდან დაახლოებით 160 კილომეტრში.
მოლდოვის ხელისუფლების ცნობით, ინციდენტის შედეგად დაშავებულები არ ყოფილან. დრონის ფრაგმენტების შემოწმების შემდეგ სპეციალისტებმა ის რუსეთის მიერ გამოყენებულ “გერანის” ტიპის დრონებს მიამსგავსეს.
ნორვეგიის პრემიერის განცხადების შემდეგ ზელენსკის ოფისის წყარომ AFP-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავის დრონთან “კინაღამ შეჯახების” აღწერა გადაჭარბებული იყო. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი თქვა, რომ ზელენსკის თვითმფრინავს რეალური საფრთხე არ ემუქრებოდა და საფრთხე “წარმოსახვითი” იყო.
CBS News-ის ცნობით, ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მისი უკრაინაში დაბრუნებისას, რამდენიმე დღის შემდეგ, მოლდოვის საჰაერო სივრცეში კიდევ ერთი ან ორი დრონი შევიდა. ეს მეორე შემთხვევა მანამდე საჯაროდ ცნობილი არ ყოფილა.