დათო სიმონია: როგორც კი პროვოკატორი გავიდა, ექიმი დაიჭირეს

ილუსტრატორი დათო სიმონია: 
ეს მაია კოხტაშვილია, ახმეტაში მომუშავე ექიმი. გუშინ მიუგზავნიათ ვიღაც კაცი, რომელიც თავს აცოდებდა, დედა მყავს ლოგინად ჩავარდნილი და მისთვის წამალი გამომიწერეო. თან ჩუმად იღებდა. ქალმა გამოუწერა. როგორც კი პროვოკატორი გავიდა, ექიმი დაიჭირეს. 3-დან 6 წლამდე პატიმრობით ემუქრებიან ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით.
ფარული ჩანაწერი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დადო. ვიდეოში 3 საქმეა გაერთიანებული. ისეა დამონტაჟებული, თუ არ დააკვირდები, ვერც გაარჩევ, რომელი საქმე სად იწყება და სად მთავრდება. მითითებულიც არაა. მაია კოხტაშვილის ეპიზოდის მერე ფულიანი კადრები ჩნდება, რაც დაუკვირვებელ თვალს აბნევს. სხვაგანაც მინახავს ეს ხერხი. მაშინ იყენებენ, როცა პიროვნების ან ადამიანთა ჯგუფის დისკრედიტაციას ცდილობენ.
ნაცვლად დისკრედიტაციისა მიიღეს ამ სიმახინჯით აღელვებული ახმეტა და უზარმაზარი მხარდაჭერა ქალბატონი მაიასადმი. მე მას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი მისი ქალიშვილი, ანი – საქართველოს ყველა კუთხეზე შეყვარებული მკვლევარი, ისტორიული ძეგლების აღმომჩენი, აღმწერი და მუდმივად მშრომელი, რომელსაც სულ ახალხანს შეეძინა შვილი. ასეთი ქალიშვილის აღზრდას მხოლოდ კეთილშობილი ქალი შეძლებდა. ანი და მისი მეუღლე რუსთაველის პროტესტის აქტიური მონაწილეები არიან, რის გამოც ქმარი დაპატიმრებული იყო პოლიტიკური ნიშნით.
ჩემი მხარდაჭერა ამ ოჯახს და ჩემი თხოვნა ახმეტას – არ შეეგუოთ. ხალხს დიდი ძალა აქვს, როცა უიმედობის ნაცვლად თვითორგანიზდება. მე ეს მინახავს ქუთაისში, როცა ქალაქი თავისიანის უსამართლოდ დაჭერას სიგნალებით, აქციებით აპროტესტებდა და მინახავს შედეგიც.