ხმაურიანი სხდომა გიგა ავალიანის საქმეზე – „გადაღება შავი სათვალით“, სასწრაფო სასამართლოსთან

გიგა ავალიანის დედა შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი და მისი თანაშემწე, სასამართლოს დარბაზში და შემდეგ უკვე ეზოში პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.მისი თქმით, ადვოკატის თანაშემწე ქალი სასამართლოს დერეფანში გიგა ავალიანის ოჯახის წევრებისა და მათი მხარდამჭერების გადაღებას სპეციალური გადამღები საშუალებით აღჭურვილი სათვალით ცდილობდა. ეკა კუპატაძის თქმითვე, ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი სხდომათა დარბაზში იცინოდა:„ფეხი-ფეხზე გადადებული იცინოდა, უტეხად მიყურებდა. მოკლულია უდანაშაულო ახალგაზრდა და ადვოკატი მთელი პროცესის განმავლობაში იცინოდა…ამასთანავე, ვიღაც ქალი, ადვოკატის თანაშემწე იღებდა სათვალით, არ ვიცი, ალბათ ნიკას [გიგა ავალიანის ძმა რ.თ.] წამოგება უნდოდათ პროვოკაციაზე, მანდატურმა შენიშვნაც მისცა, სათვალეც ჩამოართვეს“.ჩაწერა-გადაღება შავი სათვალით – ვინ რას ამბობსრაკი ახალგაზრდა პედაგოგის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულები არასრულწლოვნები არიან, სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ასე იყო 10 სექტემბერსაც. მერვე დარბაზის სასამართლოს კარი მანდატურებმა სპეციალური ბარიერითაც შემოსაზღვრეს.სხდომა დახურულ კარს მიღმა თითქმის 5 საათს გაგრძელდა.დაცვისა და ბრალდების მხარეებმა სხდომათა დარბაზში საქმეში არსებული იმ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, რომლებითაც პროკურატურა ნ.ი.-ს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავება.სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ქეთევან სონიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობები რიგი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა:
პროკურორი ქეთევან სონიძე
„სიამაყით შეიძლება აღინიშნოს, რომ 40 ტომიანი საქმიდან მხოლოდ მექანიკურ და ტექნიკურ ხარვეზებზე ამახვილებდნენ ყურადღებას და სამართლებრივად სრულიად დაუსაბუთებელი შუამდგომლობები იყო. ბუნებრივია, მოსამართლემ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ყველა მტკიცებულება, ჩვენს მიერ ნამუშევარი 40 ტომი გადაეცა სასამართლოს საქმის არსებით განხილვაზე.ვინაიდან ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ხელმოცარული დარჩა, სწორედ ამის შემდეგ მან გააკეთა ის ქცევები, რამაც წონასწორობა დააკარგინა ემოციურად დაზარალებულის უფლებამონაცვლეს და ისეთ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო“.პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სხდომის მსვლელობისას, მანდატურმა აღმოაჩინა, რომ ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი სხდომათა დარბაზიდან პირდაპირ რეჟიმში „ასმენინებდა ვიღაცას სხდომის მიმდინარეობას“:„ასევე იღებდა პროცესს. მანდატურმა მას არაერთხელ მისცა შენიშვნა, თუმცა, ადვოკატმა მანდატურს არ მისცა შესაძლებლობა, რომ შესაბამისი გადამოწმება მოეხდინა. ასეთი პროვოკაციული ქმედებები დარბაზს გარეთაც გაგრძელდა. სავარაუდოდ, ბატონი გიორგი კოლეგა ქალბატონი მოძრაობდა ჩამწერი მოწყობილობით, რის შესახებაც შეგვატყობინა მანდატურის სამსახურმა. ეს დამოუკიდებელი ჩაწერები და დეტექტიური ხასიათის ქმედებები რას ემსახურება, სიმართლე გითხრათ, როგორც პროკურორი ვერ ვხვდები და ეს გამიზნულია დაზარალებულის მხარეზე ემოციური ზემოქმედებისთვის“.ის, რომ ნ.ი.-ის ადვოკატის თანაშემწე 10 სექტემბერს, სასამართლოს დერეფანსა და შემდეგ უკვე ეზოში, ნამდვილად იღებდა სპეციალურად აღჭურვილი სათვალით, არ უარყო ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა.ის ირწმუნება, რომ ბრალდებულის დაცვის მხარემ მას შემდეგ გადაწყვიტა ვიდეო-გადაღება, რაც მათ „საფრთხე იგრძნეს“:
გიორგი ლეკიშვილი, ნ.ი.-ს ადვოკატი
„სადაც თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, ასეთ შემთხვევაში, იღებ. დიახ, იღებდა. ვინაიდან ჩვენთან მიმართებაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს სიტუაციის პროვოკაციას, ჩვენი მხრიდან აუცილებელია სათანადო რეაგირება… თავდაცვის მიზნით. ქალბატონო დარეჯანი [დარეჯან სულაშვილი, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატი რ.თ.] აგრესიულად იყო განწყობილი ჩემი თანამშრომლის მიმართ და აქედან გამომდინარე, იღებდა… გინდ დაიჯერეთ, გინდ არა“, – უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ლეკიშვილმა.დარეჯან სულაშვილი ამბობს, რომ კურიოზულს უწოდებს კოლეგის ბრალდებებს და ამბობს, რომ არც სასამართლოს დერეფანში და არც სასამართლოს გარეთ, მისი მხრიდან არანაირ აგრესიას არ ჰქონია ადგილი. ის ჟურნალისტებთან საუბრისას ასე იხსენებს მომხდარის დეტალებს:
დარეჯან სულაშვილი, ადვოკატი
„[ადვოკატის] პარტნიორმა, როდესაც გამოვიდა სასამართლოს დარბაზიდან, დერეფანში გაიკეთა სათვალე და მანდატურმა აღმოაჩინა, რომ ამ სათვალეზე დამონტაჟებული იყო კამერა. როდესაც გამოვედით გარეთ და როდესაც დავინახე, რომ ჩემს კოლეგას ისევ ეკეთა ეს სათვალე, ვკითხე, კვლავაც აგრძელებდა თუ არა გადაღებას. ეს იყო და ეს. ჩემი მხრიდან თუ ეს წარმოადგენს საფრთხეს, აქვეა პროკურორი, აქვეა პროკურატურაც, მიმართონ და მოითხოვონ შესაბამისი კვალიფიკაცია მისცენ ჩემს ქმედებას“.რას ამბობენ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესახებ მხარეები?ბრალდება და დაცვა ამ მტკიცებულებებს რადიკალურად განსხვავებულად აფასებენ.პროკურორი ქეთევან სონიძე ირწმუნება, რომ საქმეში არსებული მიმოწერები, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერი, სატელეფონო კავშირების შესახებ ინფორმაცია და მოწმეთა ჩვენებები ერთობლიობაში ადასტურებს ნ.ი.-ს მოტივსა და მიზანს, რომ მისი შეყვარებულისთვის, ამ საქმეზე მსჯავრდებული ა.გ.-სთვის გიგა ავალიანის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ის პედაგოგზე ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ წააქეზა.ნ.ი.-ს ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი კი ამბობს, რომ გამოძიების მიერ მოპოვებულ უზარმაზარი მოცულობის მასალაში არ არსებობს არც ერთი შეტყობინება, ჩანაწერი თუ სხვა პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 16 წლის მოსწავლემ ა.გ.-ს გიგა ავალიანზე თავდასხმისკენ მოუწოდა ან დაიყოლია.„ზუსტად ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ბრალდების მხარე ვერ პასუხობს – რა კონკრეტულ ქმედებაში გამოიხატა წაქეზება“, – ამბობს გიორგი ლეკიშვილი.რას ედავება გამოძიება ორ არასრულწლოვან გოგოს?ნ.ი. და ა.ბ. სამართალდამცველებმა 5 აგვისტოს, გვიან ღამით, საკუთარ სახლებში დააკავეს.ნ.ი.-ს გამოძიება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავება – სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით. დანაშაული 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ა.ბ.-ს კი ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი. ამ დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.პროკურატურის ვერსიით, ნ.ი.-მ თავის მეგობარ ბიჭს, ამ საქმეზე უკვე მსჯავრდებულ ა.გ.-ს, უთხრა, რომ მათემატიკის მასწავლებელი გიგა ავალიანი მის მიმართ „ზედმეტ ყურადღებას იჩენდა“. გამოძიება მიიჩნევს, რომ გოგომ იცოდა ა.გ.-ს დამოკიდებულების შესახებ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ის „პედოფილებად“ მიიჩნევდა და სწორედ ამ ცოდნის ფონზე აწვდიდა მას ინფორმაციას მასწავლებლის შესახებ.დაცვის ვერსიით, ნ.ი.-ს ა.გ.-სთვის პედაგოგზე თავდასხმა არ უთხოვია, მის წარსულ ჩხუბებსა და დაჯგუფებების შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ მეგობარი ბიჭის დაკავების შემდეგ გაიგო, რომ გიგა ავალიანზე თავდასხმაში ის მონაწილეობდა.რას ეყრდნობა პროკურატურა?„საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებმაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე და ახლა უკვე წინასასამართლო სხდომაზე დასაბუთებული სტანდარტით დაადასტურეს ნია იმნაძის ბრალეულობა ჩადენილ დანაშაულში. აქ ვსაუბრობთ როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაზე, ასევე მობილური ტელეფონების შემავალი და გამავალი ზარების შესახებ გამოთხოვილ ინფორმაციასა და ბრალდებულებს შორის არსებულ მიმოწერებზე. საქმეში წარმოდგენილია ასევე მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებს ნია იმნაძის მოტივსა და მიზანს“, – ამბობს პროკურორი ქეთევან სონიძე.ბრალდების მხარე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებად ა.გ.-ს ტელეფონიდან ამოღებულ მიმოწერას ასახელებს. პროკურორის თქმით, ერთ-ერთ შეტყობინებაში ა.გ. თავის მეგობარსა და კლასელს ნ.ი.-ს შესახებ წერს:„ორი კვირაა მეუბნება, რომ მასწავლებელი მაწუხებსო და რას იფიქრებს ჩემზე, რომ მე არაფერს ვმოქმედებო“.ქეთევან სონიძის შეფასებით, ეს ფრაზა აჩვენებს, რომ ნ.ი.-ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ა.გ.-ზე მოქმედებდა და ის თავს ვალდებულად მიიჩნევდა, რაღაც მოემოქმედებინა.„ამ წინადადებას სწორედ ის შინაარსობრივი დატვირთვა აქვს, რომ ნ.ი. იმიტომ აწოდებდა გიგა ავალიანის შესახებ არასასურველ ინფორმაციას ა.გ.-ს, რომ შემდეგ ა.გ. მას ფიზიკურად გასწორებოდა და შური ეძია, როგორც ეს მოხდა. […] ამ მიმოწერით დასტურდება ისიც, რომ ა.გ. თავს ვალდებულად თვლიდა, ამ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ გაეკეთებინა ის, რაც ნ.ი.-ს სურდა“, – ამბობს პროკურორი.პროკურატურა ასევე ეყრდნობა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად 2026 წლის თებერვალში მოპოვებულ აუდიოჩანაწერს. ბრალდების მხარის თანახმად, ჩანაწერში ნ.ი. მამასთან განიხილავს გიგა ავალიანზე ა.გ.-ს თავდასხმას, მეგობარი ბიჭის საქციელს ამართლებს და ამბობს, რომ „სხვანაირად არ გამოვიდოდა“:„იმასთან დაკავშირებით, რომ ნ.ი. უკვე კმაყოფილი იყო ჩადენილი ქმედებით, თავის ემოციურ დამოკიდებულებას ავლენს მამასთან საუბრისას, რაც ფარული საგამოძიებო მოქმედებით დადგინდა“, – ამბობს პროკურორი.მისივე თქმით, ნ.ი.-მ იცოდა, რომ ა.გ. დაკავშირებული იყო „პედოფილებთან მებრძოლ“ დაჯგუფებასთან. ამის დასადასტურებლად კი საქმეში ბრალდებული კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგოს Instagram-მიმოწერა მოჰყავს:“ა.ბ. მეგობართან ნ.ი.-ს საქციელს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მან ა.გ.-ს „ცეცხლზე ნავთი დაუსხა“, რადგან „ამათ მეტი რა უნდოდათ“.პროკურატურის პოზიციით, ეს მასალები ერთობლიობაში მიუთითებს, რომ ნ.ი.-მ იცოდა, რა რეაქცია შეიძლებოდა ჰქონოდა ა.გ.-ს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე.„46 ტელეფონი შეისწავლეს, მაგრამ წაქეზების მტკიცებულება ვერ იპოვეს“ – რას ამბობს დაცვა?ნ.ი.-ს ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი ირწმუნება, რომ დაცვის მხარემ შეისწავლა საქმის ათეულობით ტომი და „კოლოსალური მოცულობის“ ელექტრონული ინფორმაცია – მიმოწერები, მობილური ტელეფონებიდან ამოღებული შეტყობინებები, შემავალი და გამავალი ზარები, მობილური ანძების მონაცემები, თუმცა ამ მასალაში არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, რომ ნ.ი.-მ ა.გ. დანაშაულისკენ წააქეზა.„ჩვენ შევისწავლეთ ათეულობით ტომი, დავამუშავეთ მოცულობითი ინფორმაცია […] 46 მობილური ტელეფონია ამოღებული. აღნიშნული ინფორმაციის სრული დამუშავება მოვახდინეთ და ამ მასალის შესწავლის შედეგად ვერ ვიპოვეთ ვერც ერთი კონკრეტული მტკიცებულება – ვერც SMS, ვერც ირიბი თუ პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც წაქეზებას დაადასტურებდა“, – ამბობს გიორგი ლეკიშვილი.როგორც ადვოკატი ამბობს, საქმეში არ დევს მტკიცებულება, თუ კონკრეტული რა სიტყვებით ან ქმედებით დაიყოლია ნ.ი.-მ ა.გ. ძალადობაზე.„მტკიცებულებებში ვერ ნახავთ ვერც ერთ მინაწერს, პირდაპირს თუ ირიბს, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა იმასთან, რომ ჩაარტყი, მოკალი, მითითებას მისცემდა ან დაიყოლიებდა ამ ქმედებისთვის. ზუსტად ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ბრალდების მხარე ვერ პასუხობს: რა კონკრეტულ ქმედებაში გამოიხატა წაქეზება“, – ამბობს ადვოკატი.გიორგი ლეკიშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ ნ.ი.-მ ტელეფონის ე.წ. reset გააკეთა და შესაძლო მტკიცებულებები წაშალა. მისი თქმით, გამოძიებას შესაბამისი ციფრული ინფორმაცია ამოღებული და დამუშავებული აქვს.დაცვის მხარის არგუმენტია ასევე მთავარ მსჯავრდებულ ა.გ.-სა და მის კიდევ ერთ მეგობარ გოგოს, ა.ნ-ს შორის 2025 წლის 29 სექტემბრიდან დაწყებული მიმოწერა.ამ მიმოწერისას ბიჭი მეგობარ გოგონას ეუბნება, რომ თუ შეყვარებული, ნ.ი [ავალიანზე თავდასხმის] გეგმის შესახებ გაიგებს, დაშორდება.იცოდა თუ არა ნ.ი.-მ ა.გ.-ს საქმიანობის შესახებ?ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც მხარეების პოზიციები ერთმანეთს უპირისპირდება.ა.გ. დამნაშავედაა ცნობილი როგორც გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ის ასევე დამნაშავედ ცნო სასამართლომ 225-ე მუხლით გათვალისწინებულ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში.პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე გამოძიებისას აღმოჩენილი ახალი ეპიზოდების შესახებ 2026 წლის 10 თებერვალს განაცხადა და გაბაშვილს დამატებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა წაუყენა ბრალად. პროკურატურის ვერსიით, გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი და სხვა პირები სისტემატურად არჩევდნენ მათთვის „მიუღებელ“ ადამიანებს, მათ შორის გოგოების სახელით უკავშირდებოდნენ, მოტყუებით იბარებდნენ წინასწარ შერჩეულ ადგილას, უსაფრდებოდნენ და ჯგუფურად სცემდნენ; ძალადობას ტელეფონით იღებდნენ და ჩანაწერებს დახურულ ჯგუფებსა და ახლო წრეში ავრცელებდნენ.პროკურორი ამბობს, რომ ნ.ი.-სთვის და ა.ბ.-სთვის ცნობილი იყო გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულების საქმიანობისა და მათი „მიდრეკილებების“ შესახებ, რადგან ისინი მათი შეყვარებულები იყვნენ.დაცვის მხარე ამას უარყოფს.„ნია იმნაძემ არაფერი იცოდა დაჯგუფებების შესახებ და ბრალდების მხარისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, როდის გაიგო მან ამის შესახებ. ეს მოხდა პროკურატურის მიერ ბრიფინგის ჩატარების დღეს, 10 თებერვალს, როცა ყველა ჩვენგანისთვის გახდა ცნობილი აღნიშნული გარემოებები“, – ამბობს გიორგი ლეკიშვილი.
რას მოჰყვა წაქეზება გამოძიების ვერსიითგიგა ავალიანის საქმის პროკურორი ირწმუნება, რომ როდესაც ნ.ი.-მ, მეგობარ ბიჭს ა.გ-ს უთხრა, რომ მასწავლებელი „ზედმეტ ყურადღებას იჩენდა“, ამით იგი დანაშაულისკენ წააქეზა, რადგან „იცოდა“, რომ ის „პედოფილებს ებრძოდა“.მოკლული ახალგაზრდა პედაგოგის დედა, ეკა კუპატაძე კატეგორიულად უარყოფს იმის შესაძლებლობას, რომ მისი შვილი ვინმეს ავიწროვებდა. ამ ვერსიას დაცვის მხარის სტრატეგიას უკავშირებს და ამბობს, რომ ფულად ჯილდოს გადასცემს მას, ვინც დაამტკიცებს, რომ ავალიანს იგი შეუვიწროებია.პროკურორმა ისიც თქვა, რომ 16 წლის ნ.ი-მ მეგობარ ბიჭამდე ჯერ მშობლებსა და კლასის დამრიგებელს უთხრა, რომ მათემატიკის მასწავლებელი მის მიმართ „ზედმეტი ყურადღებას“ იჩენდა, თუმცა ამაზე უფროსებს რეაგირება არ მოუხდენიათ.2 ივნისს მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ ერთ-ერთი განაჩენის გამოცხადებისას თქვა, რომ „სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არ დგინდება გიგა ავალიანის მხრიდან რამე სახის ზედმეტი კომუნიკაციის არსებობა, რაც სასამართლოს შეფასებით, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთდამოკიდებულებას გასცდებოდა“.საქმის არსებითი განხილვა 22 სექტემბერს დაიწყება.მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ – რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა – სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, არაერთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ამბობს, რომ „საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხდართან კავშირში მყოფი ყველა პირის დაკავების პირობას დებს, მათ შორის ექიმების, პროკურორებისა და გამომძიებლების.ნ.ი. არის ამ საქმეზე მთავარი მსჯავრდადებულის, არასრულწლოვანი ა.გ.-ის მეგობარი. ის ავალიანის მოსწავლე იყო.მთავარი მსჯავრდადებული დამნაშავედ ცნეს ჯანმრთელობისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებაში, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია.