კადრების სამჭედლო. როგორ თანამშრომლობენ ირანი და რუსეთი ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების სფეროში

ამის გამო 90-იანი წლების ბოლოს რუსეთის რამდენიმე ტექნიკური უმაღლესი სასწავლებელი დიდი ხნის განმავლობაში მოხვდა აშშ-ის სანქციების სიაში.პროექტ „სისტემის“ მიერ ღია პუბლიკაციების ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთსა და ირანს შორის ბოლო ათწლეულშიც აწყობილი იყო თანამშრომლობა ისეთ თემებზე, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია ირანის თავდაცვითი მრეწველობისთვის. ახლა ეს მხოლოდ ისეთი კლასიკური მიმართულებები კი აღარაა, როგორებიცაა სარაკეტო ძრავები და ურანის გამდიდრება, არამედ ტექნოლოგიებიც, რომლებიც თანამედროვე ომის რეალობად იქცა – რადიოელექტრონული ბრძოლა, GPS-სპუფინგი, ხელოვნური ინტელექტი უპილოტო აპარატებში.ირანელი სტუდენტების რაოდენობა იზრდება1998 წელს ირანმა „შაჰაბ-3“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტის პირველი გამოცდა ჩაატარა. რაკეტა ირანში შეიქმნა და აიგო – ჩრდილოეთ კორეული რაკეტის ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე (ირანში ამ ვარაუდს უარყოფდნენ), რომელიც, თავის მხრივ, საბჭოთა რაკეტა „რ-17“-ის ადაპტაცია იყო. შეერთებულ შტატებში მიიჩნიეს, რომ რუსეთი ირანს სარაკეტო პროგრამაში დაეხმარა – არა მხოლოდ აღჭურვილობისა და კომპონენტების მიწოდებით, არამედ როგორც კადრების სამჭედლო ირანის სამხედრო მრეწველობისა და კვლევა-განვითარებისთვის.
რაკეტა “შაჰაბ-3” და აიათოლა ხამენეის პორტრეტი ირანში.
1999 წლის დამდეგს აშშ-მა სანქციები დააწესა რუსეთის ზოგიერთი საწარმოს, სამეცნიერო ორგანიზაციისა და უნივერსიტეტის წინააღმდეგ – იყო ეჭვი, რომ ისინი ირანს ეხმარებოდნენ სარაკეტო და ბირთვულ სფეროებში. ზოგ ორგანიზაციას აღჭურვილობის, მასალებისა და ტექნოლოგიების მიწოდებაში დასდეს ბრალი. ირანელი სტუდენტების სწავლების გამო სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის სამი უმაღლესი სასწავლებელიც – მოსკოვის ავიაციისა და კოსმონავტიკის ინსტიტუტი (მაი), ბალტიის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (ვოენმეხი) და მენდელეევის სახელობის რუსეთის ქიმიურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. მონტერეიში მდებარე მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 1990-იანი წლების მეორე ნახევარში რუსეთის მრავალი ორგანიზაცია მონაწილეობდა ირანის სარაკეტო პროგრამაში, მათ შორის, „შაჰაბ-3“-ისთვის ძრავის შექმნაში.ძნელი სათქმელია, რამდენად არსებითი იყო რუსეთში სპეციალისტების მომზადების წვლილი ირანის სარაკეტო პროგრამაში. „შეიძლება დაგვაბრალონ, რომ ნიუტონის კანონს ვუკითხავდით, რადგან მის გარეშე რაკეტას ვერ დააპროექტებ. რაკეტის დაპროექტება შეგიძლია, თუ ნიუტონის კანონი იცი. აი, რა დონეზე ხდება ეს“, ჩიოდა „ვოენმეხის“ ყოფილი რექტორი იური საველიევი მისი უნივერსიტეტის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას. თუმცა შეზღუდვები აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მხოლოდ 2010 წელს მოხსნა – სამი დღის შემდეგ მას მერე, რაც რუსეთი და აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი ერთობლივი პაკეტის შინაარსზე შეთანხმდნენ.
2000-იანი წლების მეორე ნახევარი და 2010-იანი წლების დასაწყისი მთლიანობაში რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო თანამშრომლობის დონის შემცირების პერიოდი იყო. თუმცა პრეზიდენტის სავარძელში ვლადიმირ პუტინის დაბრუნებისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა და ირანმა 2015 წლის დასაწყისში სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ახალი შეთანხმება გააფორმეს. იმავე წელს მაი-მ, რომელიც მანამდე ირანელების სწავლების გამო სანქციების სიაში მოხვდა, ირანის შირაზის უნივერსიტეტთან ერთობლივ მუშაობაზე მოილაპარაკა, ხოლო ერთი წლის შემდეგ მოსკოვის ავიაციის ინსტიტუტს ირანის მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია ეწვია. 2018 წელს მაი-ის ირანელი სტუდენტები უკვე იმ უცხოელ სტუდენტთა ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ, რომლებმაც პრაქტიკა გაიარეს საავიაციო-სარაკეტო შეიარაღების მწარმოებელ თავდაცვით საწარმო „ვიმპელში“.
ვლადიმირ პუტინი სამიტზე თეირანში. 2022 წ. ივლისი.
ირანთან თანამშრომლობენ თავდაცვით მრეწველობასთან მჭიდროდ დაკავშირებული რუსეთის სხვა უნივერსიტეტებიც. მაგალითად, ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს ხანგრძლივი კავშირები აქვს შარიფის სახელობის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან – „მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიებისა“ და „ინფორმატიკის, ხელოვნური ინტელექტისა და მართვის სისტემების“ კათედრებზე სწავლების ფარგლებში. 2024 წელს „ბაუმანკამ“ „როსტეხთან“ მოაწერა ხელი შეთანხმებას თავდაცვითი მრეწველობის ინტერესებიდან გამომდინარე უცხოელი, მათ შორის ირანელი სტუდენტების მომზადების შესახებ. ირანულ ორგანიზაციებთან ანალოგიური შეთანხმებები აქვთ რუსეთის სხვა ტექნიკურ უნივერსიტეტებსაც.რუსეთსა და ირანს შორის სამეცნიერო და სტუდენტური თანამშრომლობის დონე ბოლო წლებში მხოლოდ იზრდება – რუს ოფიციალურ პირებს უყვართ ამით ტრაბახი. რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ირანიდან თითქმის 10 ათასი სტუდენტი სწავლობდა – 42 პროცენტით მეტი, ვიდრე ორი წლით ადრე. და მიუხედავად იმისა, რომ სწავლების ყველაზე პოპულარული მიმართულება მედიცინაა, ასევე ძლიერდება ირანის თანამშრომლობა რუსეთის ტექნიკურ უნივერსიტეტებთან.ეს შეიმჩნევა პუბლიკაციების სფეროში აქტიურობითაც. რუსი და ირანელი მეცნიერების ერთობლივ პუბლიკაციებს ისტორიულად მცირე წილი ეკუთვნოდა ევროპელ ან ამერიკელ თანაავტორებთან პარტნიორობასთან შედარებით. თუმცა ზოგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ვითარება შეიცვალა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. მაგალითად, ITMO-ში 2025 წელს ირანელ და გერმანელ მკვლევრებთან ერთად გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა თითქმის გათანაბრდა, თუმცა უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე გერმანია პეტერბურგშიც ერთ-ერთი საკვანძო სამეცნიერო პარტნიორი იყო.
თავისთავად პუბლიკაციების სფეროში რუსეთისა და ირანის ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი აქტივობის ზრდა არ მიუთითებს ირანის სამხედრო პროგრამაში რუსეთის ორგანიზაციების უშუალო წვლილზე. თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ასობით რუსულ-ირანული სამეცნიერო ნაშრომის შესწავლისას „სისტემამ“ გამოავლინა შემთხვევათა რიგი, როდესაც ირანელი სპეციალისტები რუსეთში მუშაობდნენ პროექტებზე, რომლებიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული სამხედრო თემატიკასთან ან ხორციელდებოდა რუსეთის სამხედრო ორგანიზაციების მონაწილეობით, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძეს ირანის არმიასა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (ირგკ) დაკავშირებულ ორგანიზაციებში. სხვა შემთხვევებში თავად სამეცნიერო ნაშრომების თემატიკა არის მჭიდროდ დაკავშირებული ირანის სამხედრო მრეწველობის ყველაზე აქტუალურ მიმართულებებთან.აირტურბინული ძრავები რაკეტებისა და დრონებისთვისრაკეტების მშენებლობის სფეროში რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა დაიწყო ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, როდესაც რუსეთის ინსტიტუტები და საწარმოები ირანს საკუთარი პირველი ბალისტიკური რაკეტის შემუშავებაში ეხმარებოდნენ. 2026 წლის სექტემბრის დამდეგს Financial Times-ი გაჟონილ მიმოწერასა და პატენტებზე დაყრდნობით იუწყებოდა საიდუმლო პროექტის შესახებ, რომელიც ირანისთვის რუსეთის დახმარებას ითვალისწინებდა ზებგერითი ფრთოსანი რაკეტების პირდაპირნაკადოვანი საჰაერო-რეაქტიული ძრავის შექმნაში.ჟურნალისტების მონაცემებით, პროექტი, რომელშიც რუსეთის მხრიდან „მანქანათმშენებლობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება“ მონაწილეობდა, ამოქმედდა არაუგვიანეს 2023 წლისა. შედეგად, დანადგარი წარმატებით გამოცადეს ირანში, თუმცა მის ბაზაზე ზებგერითი რაკეტის აგება, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
ლექცია მაი-ში. 2021 წ.
ღია პუბლიკაციების ანალიზისას „სისტემამ“ აღმოაჩინა, რომ ირანელი მკვლევრები რუსეთის ორგანიზაციებთან, მათ შორის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შემადგენლობაში შემავალ სტრუქტურებთან, იმ აირტურბინული ძრავების სფეროშიც თანამშრომლობენ, რომლებიც დრონებსა და ბგერამდელ ფრთოსან რაკეტებში გამოიყენება.2000 წელს ირანელმა ინჟინერმა ალი მოჰამად ამუიმ სწავლა დაასრულა მოსკოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (მატი, მოგვიანებით მაი-ს ნაწილი გახდა) ასპირანტურაში, სადაც იგი აირტურბინულ ძრავებს სწავლობდა.რუსეთში სწავლის შემდეგ იგი ირანში დაბრუნდა. LinkedIn-ზე ამუის გვერდის მიხედვით, ოცი წლის განმავლობაში მან ავიაციის სფეროში ტოპმენეჯერის პოზიციას მიაღწია. 2017-იდან 2022 წლამდე მას Farsco Aviation MRO center-ში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეჭირა ვაჭრობისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში.Farsco ხაზს უსვამს თავის კომერციულ, სამოქალაქო სპეციალიზაციას, თუმცა იურიდიული პირების შემოწმების ირანული პლატფორმა Rasmio-ს მონაცემებით (სადაც ინფორმაცია მათ შორის ე.წ. ოფიციალური გაზეთიდან ხვდება), Farsco-ს აქციონერებს შორის არიან ირანის საავიაციო მრეწველობის ორგანიზაცია (თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში) და, მაგალითად, Mahan Air-ი, რომელიც 2011 წლიდან აშშ-ის სანქციების სიაში იმყოფება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან კავშირის გამო, ხოლო ევროკავშირის სანქციების სიაში – უკრაინაში ომისთვის რუსეთში ირანული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გადაზიდვაში მონაწილეობისთვის. 2020 წელს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ თავად FARSCO-ც შეიყვანა სანქციების სიაში და აღნიშნა, რომ კომპანია მონაწილეობდა Bell 412 ტიპის ვერტმფრენების უკანონო შესყიდვის სქემაში აშშ-ის საექსპორტო კონტროლის გვერდის ავლით.
Mahan Airlines-ის თვითმფრინავები.
სახელმწიფო სამსახურში გადასვლის შემდეგ ამუის არ გაუწყვეტია კავშირი ზოგადად მეცნიერებასთან და კერძოდ რუსეთის აკადემიურ სფეროსთან – მან განაგრძო მუშაობა მეტალურგიისა და აირტურბინული ძრავების მასალების სფეროში. 2016 წელს ამუი, კიდევ ორ ირანელ მეცნიერსა და მაი-ის თანამშრომელთან ერთად, გახდა ავტორი ნაშრომისა, რომელიც ტურბინის ფრთებზე დამცავი საფარის დატანის მეთოდებს ეძღვნებოდა.2021 წელს ამუიმ მონაწილეობა მიიღო ძრავებისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი ნაშრომის დაწერაში. აფილიაციის სახით ამჯერად მითითებული ჰქონდა მალექ აშთარის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მასალებისა და წარმოების ტექნოლოგიების კომპლექსი. ეს უნივერსიტეტი ექვემდებარება ირანის თავდაცვითი ტექნოლოგიებისა და მეცნიერების კვლევით ცენტრსა და თავდაცვის სამინისტროს. 2025 წელს მისი ერთ-ერთი კამპუსი დაბომბა ისრაელის არმიამ, რომელიც, აშშ-ის არმიის მსგავსად, მას ირანის ბირთვულ პროგრამასთან აკავშირებს. ამერიკული პროექტის, Iran Watch-ის მონაცემებით, ამ უნივერსიტეტის პედაგოგები სარაკეტო და ბირთვულ თემატიკაზე ატარებენ კვლევებს.
2021 წლის პუბლიკაცია ეძღვნება ავიაძრავების ტიტანის დეტალების გამყარებას. თანაავტორთა შორის არიან „საფრენი აპარატების ძრავების წარმოებისა და ექსპლუატაციის ტექნოლოგიის“ კათედრის გამგე ალექსეი ბოიცოვი, ასევე რუსეთის საავიაციო ძრავების მშენებლობის ინსტიტუტის „მცირეგაბარიტიანი აირტურბინული ძრავების კონსტრუქციების ანალიზის“ სექტორის უფროსი სვიატოსლავ რემჩუკოვი.მცირეგაბარიტიანი აირტურბინული ძრავები არის ძრავების ტიპი, რომლებიც ფრთოსანი რაკეტებისა და რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატებისთვის გამოიყენება. ბოიცოვი ასევე „როსტეხსა“ და „როსკოსმოსს“ უწევს კონსულტაციებს „სარაკეტო-კოსმოსური დარგისა და ექსპერიმენტულ-საგამოცდო ბაზის ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარების პრობლემებზე“.ბოიცოვის კათედრას არაერთხელ მიუღია სტუდენტები ირანიდან – ამუი ერთადერთი არ ყოფილა. იმ თანაავტორთა და მკვლევართა სიაში, რომელთა სამეცნიერო ხელმძღვანელიც ბოიცოვი იყო, სულ მცირე კიდევ ოთხი ირანული გვარია.მართალია, ირანი ფლობს კომპეტენციებს საავიაციო აირტურბინული ძრავების შეკეთებასა და მათი ცალკეული ნაწილების წარმოებაში, მაგრამ ქვეყანაში ასეთი ძრავების სრულფასოვანი სერიული წარმოება ძალიან შეზღუდულია. 2020 წელს იუწყებოდნენ მსუბუქი აირტურბინული ძრავის, Owj-ის (General Electric-ის წარმოების ამერიკული J85-ის ასლი) საწარმოო ხაზის გაშვების შესახებ. ეს ძრავა ირანულ გამანადგურებელ Koswar-ზე გამოიყენება. თუმცა ამ ტიპის ძრავებში ირანის ძირითადი კომპეტენცია სწორედ ფრთოსანი რაკეტებისა და დრონებისთვის განკუთვნილი მცირეგაბარიტიანი აირტურბინული ძრავების ხაზია. ირანში სამოქალაქო საავიაციო აირტურბინული ძრავების წარმოების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სამოქალაქო საავიაციო აირტურბინული ძრავების წარმოება, რუსეთი.
ამუის კიდევ ერთი თანაავტორია მოსკოვის სამოქალაქო ავიაციის ტექნიკური უნივერსიტეტის (მგტუ გა) კურსდამთავრებული, საადათიბაი მეჰდი. იგი ასევე სწავლობდა აირტურბინული ძრავების ტურბინის ფრთების დამცავი საფარის ტექნოლოგიას და, ამუისთან თანამშრომლობის გარდა, აქვეყნებდა ნაშრომებს ლიტკარინოს მანქანათმშენებლობის ქარხნის („როსტეხი“) მთავარ მეტალურგთან თანაავტორობით, რომელსაც 2022 წლიდან თანმიმდევრულად უწესებდნენ სანქციებს აშშ და ევროკავშირის ქვეყნები.ამ ქარხანაში 2013 წელს ჩაატარეს „117С“ ძრავის გამოცდა Su-35-ის პირველი გაფრენისთვის, ხოლო 2016 წელს იქვე გაიმართა რუსული გამანადგურებლის, Su-57-ის ძრავის პირველი გაშვება მიწაზე. მთლიანობაში, ლიტკარინოს ქარხანა რუსეთის საავიაციო აირტურბინული ძრავების გამოცდისა და სრულყოფის საკვანძო ბაზაა.2015 წელს მეჰდი ასევე გახდა სტატიის თანაავტორი აირტურბინული ძრავების ტურბინის ფრთების დამცავი საფარების შესახებ, რიბინსკის „სატურნის“ (ახლა „ოდკ-სატურნი“ ჰქვია) წამყვან სპეციალისტთან ერთად. სტატიაში აღნიშნულია, რომ თანაავტორებს წვდომა ჰქონდათ „სატურნის“ საწარმოო მონაცემებთან ოთხი წლის განმავლობაში – 2011-იდან 2014 წლამდე. „სატურნი“ აირტურბინული ძრავების საკვანძო მწარმოებელია რუსეთში, როგორც სამხედრო ავიაციისთვის, ისე, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის ფრთოსანი რაკეტებისთვის.„გლონასი“ რაკეტებისთვის და რადიოელექტრონული ბრძოლაისრაელის სამხედროების მონაცემებით, რუსეთი ირანს გადასცემს რადიოელექტრონული ბრძოლის ტექნოლოგიებს, კერძოდ, რადიოელექტრონული ბრძოლის ირანული სისტემა Cobra V8, სავარაუდოდ, რუსული „კრასუხა-4“-ის გადამუშავებული ვერსიაა. „სისტემამ“ აღმოაჩინა, რომ ირანი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან GPS-სიგნალების ჩახშობისა და გაყალბების (GPS-სპუფინგის) სფეროშიც – ეს არის ტექნოლოგია, რომელსაც ირანი 2010-იანი წლების დასაწყისიდან ეფექტიანად იყენებს რაკეტებისა და დრონების შეტევებისგან დასაცავად, ასევე მოწინააღმდეგის თვითმფრინავებისა და ხომალდების ნავიგაციის გასართულებლად.
რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი “კრასნუხა-4C”
2025 წელს ისრაელს, აშშ-სა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ სპარსეთის ყურე მსოფლიოში რადიოელექტრონული ჩახშობის საშუალებების გამოყენების მთავარ ზონად იქცა. კონფლიქტის პირველ დღეებში GPS-სიგნალებს მასობრივად ახშობდნენ და აყალბებდნენ, რის შედეგადაც ათასზე მეტმა ხომალდმა დაკარგა ორიენტაცია, ხოლო მათმა სანავიგაციო სისტემებმა აჩვენა, რომ ხომალდები ხმელეთის შუაგულში იმყოფებოდნენ.GPS-სპუფინგის სფეროში ირანის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მკვლევარია მოჰამად-რეზა მოსავი, ირანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ელექტრონული ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი და ირანის სამხედრო-საზღვაო აკადემიის მიერ გამოცემული ჟურნალის მთავარი რედაქტორი. მის პორტფოლიოში დაახლოებით 30 სტატიაა GPS-სპუფინგის შესახებ და ისიც თანამშრომლობდა რუსეთთან.2016 წელს მოსავი სამარის უნივერსიტეტის ნანოსატელიტური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელთან, სტეპან შაფრანთან ერთად აქვეყნებდა ნაშრომებს. ეს ცენტრი კურირებს პროექტ „სამსატ კოროლიოვეცის“ საინჟინრო მიმართულებას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ნანოსატელიტს ქმნიან. მისი ერთ-ერთი პარტნიორია „სპეციალური ტექნოლოგიური ცენტრი“ – კომპანია, რომელიც სხვათა შორის აწარმოებს თანამედროვე რუსულ დრონებს, „ორლან-10“-ებს. აშშ-მა კომპანიას ჯერ კიდევ 2016 წელს დაუწესა სანქციები „გრუ“-სთვის (სამხედრო დაზვერვისთვის) რადიოელექტრონულ დაზვერვაში გაწეული დახმარებისთვის.
უპილოტო საფრენი აპარატი “ორლან-10”
2015 წელს მოსავის ასპირანტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ამირ თაბათაბაი, სწავლის დასასრულებლად გაემგზავრა სამარაში, სადაც მუშაობდა თანამგზავრული ნავიგაციის ცნობილი დანიელი სპეციალისტის, კაი ბორეს (იგი 2017 წელს გარდაიცვალა) მიერ გახსნილ ლაბორატორიაში. თაბათაბაის თავდაპირველი ინტერესი იყო „გლონასი“ (ГЛОНАСС) – რუსული თანამგზავრული პოზიციონირების სისტემა, რომელსაც ირანი სხვათა შორის იყენებს თავისი ბალისტიკური რაკეტების სიზუსტის გასაუმჯობესებლად.პუბლიკაციების მიხედვით, ჯერ კიდევ სამარაში ჩასვლამდე, თეირანში თაბათაბაის ლაბორატორიაში უკვე ჰქონდათ „გლონასის“ მომუშავე კვლევითი მიმღები, ხოლო 2014 წელს მან მოსავისთან ერთად გამოაქვეყნა სტატია ნეიროქსელების მეშვეობით „გლონასის“ სიზუსტის გაუარესების გაანგარიშების შესახებ. „გლონასზე“ მუშაობისას ავტორები არ მალავდნენ სისტემის ორმაგ დანიშნულებას – სტატიაში არის აღნიშვნა იმის შესახებ, რომ რუსული სისტემა ემსახურება „როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მომხმარებლებს“.
2016 წელს თაბათაბაი და მოსავი პირველად მიუბრუნდნენ GPS-სპუფინგის თემას და გამოაქვეყნეს ნაშრომი რუსული თავდაცვითი კონცერნის, „ელექტროპრიბორის“ ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გამოცემაში, რომელიც ნავიგაციის სისტემებს ქმნის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის. ამ პუბლიკაციისთვის მათ წამოაყენეს GPS-ზე სპუფინგ-შეტევების აღმოჩენის ალგორითმი და მეთოდის შესამოწმებლად შექმნეს ხელოვნური, ყალბი სიგნალი.სტაჟირების შემდეგ თაბათაბაი სამარაში დარჩა პედაგოგად, ხოლო 2018 წელს, როცა ჯერ კიდევ ირიცხებოდა რუსეთის უნივერსიტეტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, მუშაობა დაიწყო ავსტრიულ კომპანიაში, რომელიც ხელოვნური jamming/spoofing შეტევების სიმულატორებს ყიდის მათ შორის თავდაცვითი ორგანიზაციებისთვის. იმავე წელს ირანში გამოქვეყნდა თაბათაბაის მონოგრაფია, რომელიც „გლონასის“ სისტემას ეძღვნებოდა.
სისტემა “გლონასის” ერთ-ერთი თანამგზავრი. 2011 წ.
თაბათაბაი არ არის ერთადერთი ირანელი სპეციალისტი მოსავის სამეცნიერო ჯგუფიდან, რომელიც სამარის ეროვნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობდა. ფაქტობრივად, საქმე ეხება სამარაში კაი ბორეს ლაბორატორიასთან ირანელ მეცნიერთა თანამშრომლობის მთელ კლასტერს. თაბათაბაის გარდა სამარის ლაბორატორიაში მუშაობდა სულ მცირე კიდევ ერთი ირანელი სტუდენტი, შერვინ ბეჰზად ფარი. ამავე კლასტერში მონაწილეობდა ზეინაბ ქუჰი, ასევე თეირანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ჰადი შაჰრიარ შაჰჰოსეინი. „სისტემამ“ შეძლო LinkedIn-ზე სამარის აეროკოსმოსურ უნივერსიტეტში იმავე პერიოდში მოსწავლე სხვა ირანელი სტუდენტების რამდენიმე პროფილის პოვნა.ბოლო წლებში სამარის უნივერსიტეტთან ირანის თანამშრომლობა ვითარდება. 2023 წელს უნივერსიტეტს ირანის კოსმოსური სააგენტოს დელეგაცია ეწვია – სტუმრები დაინტერესდნენ საგანმანათლებლო პროგრამებით თანამგზავრული ნავიგაციისა და ნანოსატელიტური ტექნოლოგიების სფეროში – სწორედ ამ მიმართულებებზე თანამშრომლობდა ადრე სამარასთან მოსავის სამეცნიერო ჯგუფი.
ცენტრიფუგები ურანის გამდიდრებისთვის და რადარებისგან დაცვა1990-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთი აქტიურად არის ჩართული ირანის ატომურ ენერგეტიკაში. თავდაპირველად რუსი სპეციალისტები მუშაობდნენ ჯერ კიდევ 1975 წელს დაწყებული ბუშერის ატომური ელექტროსადგურის პირველი ენერგობლოკის დამთავრებაზე, ხოლო 2014 წლიდან ამ სადგურის მეორე ენერგობლოკს აშენებენ. რუსეთისა და ირანის თანამშრომლობა „მშვიდობიანი ატომის“ სფეროში ღიად მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე – სამთავრობოდან სამეცნიერომდე, სადაც ირანელ სპეციალისტებთან განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს კურჩატოვის ინსტიტუტი. ამასთან, ოფიციალურ დონეზე რუსეთს არასოდეს დაუჭერია მხარი ირანის საბრძოლო ბირთვული პროგრამისთვის და 2015 წლის ე.წ. ბირთვული შეთანხმების მხარეც იყო.„არ არსებობს მტკიცებულებები, რომ რუსეთი პირდაპირ ეხმარება ირანს ბირთვული იარაღის წარმოებასთან დაკავშირებულ სფეროებში. ირანის მაღალი დონის ბირთვული ლატენტური პოტენციალის რუსული მხარდაჭერა ძირითადად უფრო დიპლომატიური მხარდაჭერის ფორმით,“ ნათქვამია მონტერეიში მდებარე მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკურ ანგარიშში.
ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი რეაქტორი.
რუსი და ირანელი მეცნიერები რეგულარულად აქვეყნებენ ერთობლივ ნაშრომებს ბირთვულ ფიზიკაში. უმრავლეს შემთხვევაში მათ წმინდა ფუნდამენტური ხასიათი აქვთ, ზოგჯერ აშკარად ეხება ატომური ენერგეტიკის თემატიკას, თუმცა არის სასაზღვრო სფეროების ნაშრომების მაგალითებიც პოტენციურად ორმაგი, სამოქალაქო და სამხედრო გამოყენებით, მაგალითად, აირის ცენტრიფუგების შესახებ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დააფიქსირა ირანში გაზის ცენტრიფუგების კასკადების გამოყენება U-235 იზოტოპის შემცველობით ურანის 60 პროცენტამდე გასამდიდრებლად. ეს ჯერ კიდევ არ არის საბრძოლო ხარისხის ურანი, თუმცა 60-პროცენტიანი გამდიდრების დონის მიღწევამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია IAEA-ში. ირანული ცენტრიფუგები არაერთხელ გამხდარა კიბერ-, დივერსიული და სარაკეტო შეტევების სამიზნე.2015 წლიდან სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა ასპირანტი ირანიდან – მოჰამად ჰოსეინპურ ხანმირი. მისი თანაავტორი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის იმჟამინდელი წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი რომან ბოგდანოვი.ისინი ერთად ამუშავებდნენ ბუნებრივი მინერალების გეოლოგიურ ნიმუშებში ურანისა და თორიუმის იზოტოპების შეფარდების გაზომვის მეთოდს. ამ თემაზე გამოქვეყნებული პუბლიკაციების სერიაში ხანმირისა და ბოგდანოვის გარდა მონაწილეობდნენ პეტერბურგის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის რუსი ფიზიკოსები და ირანელი სპეციალისტები – მოჰამად სამადფამი და მოჰამად უთოქეში.
2022 წლისთვის ხანმირმა ბოგდანოვთან ერთად შემუშავებული მეთოდი დამოუკიდებლად გამოიყენა საღანდის – ირანული ურანის საბადოს მადანზე, საიდანაც ურანის შემცველი მასალები შემდგომი გადამუშავებისთვის იგზავნება არდაქანის ქარხანაში. ხანმირის ამჟამინდელი აფილიაცია არის ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია, რომელიც ქვეყანაში ბირთვული ენერგეტიკის ობიექტებს აკონტროლებს.ბოგდანოვის სხვა ირანელი თანაავტორები, მოჰამად სამადფამი და მოჰამად უთოქეში, წლების განმავლობაში სწავლობდნენ ისპაანის კონვერსიული ქარხნის ნარჩენებიდან ურანის აღდგენის შესაძლებლობას. უთოქეში ამ დროს გაზის ცენტრიფუგის პარამეტრებს ამოწმებდა. უთოქეშმა ამ თემაზე ერთ-ერთი ნაშრომი დაწერა ჯავად ქარიმი-საბეთთან ერთად, რომელიც ირანის ცენტრიფუგების პროგრამის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა.ქარიმი-საბეთი ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილეა, რომელიც სხვათა შორის ურანის გამდიდრებაზეა სპეციალიზებული. 2006 წელს ირანის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, იგი პირადად შეაქო ნათანზის გასამდიდრებელ ობიექტზე ბირთვული აღჭურვილობის დაგეგმვის, მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის, მათ შორის „ცენტრიფუგების ახალი თაობის“ შემუშავებისთვის. ქარიმი-საბეთზე დაწესებულია ამერიკული და ევროპული სანქციები, როგორც პირზე, რომელიც ჩართულია ირანის მგრძნობიარე ბირთვულ საქმიანობაში.
პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი გაზის ცენტრიფუგების მესამე თაობას წარმოადგენს. 2010 წ.
2025 წელს ირანელი ფიზიკოსი აზამ რაჰმათინეჟადი, რომელიც უფროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობს რუსეთის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში, შიდა პრემიაზე წარადგინეს – იმ გაანგარიშებებისთვის, რომლებიც აღწერს, თუ როგორ ნაწილდება ნატეხებს შორის კუთხური მომენტი ბირთვის დაშლისას. დუბნაში მდებარე ამ ინსტიტუტში – ბოგოლიუბოვის სახელობის თეორიული ფიზიკის ლაბორატორიაში – რაჰმათინეჟადს იმ დროისთვის უკვე სულ მცირე ოთხი წელი ჰქონდა ნამუშევარი.ჯერ კიდევ ირანში, ხოლო შემდეგ რამდენიმე წელი დუბნაში მუშაობის პარალელურად, რაჰმათინეჟადი კვლევებს ატარებდა რუჰოლა რაზავისთან – იმამ ჰუსეინის სახელობის უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის პროფესორთან ერთად (უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსი აკონტროლებს). 2009-იდან 2018 წლამდე მათ ერთად გამოაქვეყნეს სულ მცირე შვიდი სამეცნიერო სტატია რეაქტორულ ფიზიკაში. ეს ნაშრომები თავისთავად არ არის დაკავშირებული საბრძოლო თემატიკასთან, თუმცა რაზავის ფიგურა საგულისხმოა. 2019 წლიდან მან გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია რადიოაქტიური მასალების მეშვეობით რადიოლოკაციური შემჩნევადობის შემცირების შესახებ, მათ შორის ირანულ გამოცემებში – მაგალითად, იმამ ჰუსეინის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში. კერძოდ, რაზავი ითვლიდა, რამდენად შემცირდებოდა ბრტყელი ფირფიტის, სფეროსა და ცილინდრის რადიოშემჩნევადობა სხვადასხვა სიმაღლესა და სიხშირეზე, რომლებსაც საჰაერო თავდაცვის რადარები იყენებენ.
არის მაგალითებიც, როდესაც რუსი და ირანელი მეცნიერები თანამშრომლობდნენ ბირთვული ფიზიკის ისეთ სფეროებში, რომლებსაც პირდაპირი სამხედრო გამოყენება აქვს, თუმცა ბირთვულ იარაღს არ ეხება. 2022 წელს ტომსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკოსმა სერგეი ბედენკომ და ფირდოუსის სახელობის მაშჰადის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ნიმა გალ-ემ და ფაეზე რაჰმანიმ გამოაქვეყნეს სტატია ნეიტრონული გამოსხივების წყაროს მეშვეობით ნაღმების აღმოჩენის სისტემის შესახებ. ხელსაწყო გათვლილია ჯავშნიან სატვირთო ავტომობილში დამონტაჟებაზე, თანმხლები ჯავშანმანქანით რადიოაქტიური მასალების კაფსულების გადასაზიდად.ხელოვნური ინტელექტი უპილოტო აპარატებისთვისმონტერეიში მდებარე მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ირანი შესაძლოა დაინტერესებული იყოს უპილოტო საფრენი აპარატების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების მართვისთვის ხელოვნური ინტელექტის ელემენტების გამოყენების რუსული გამოცდილებითა და ტექნოლოგიებით. ირანის ხელისუფლება პირდაპირ აცხადებდა ინტერესის შესახებ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე ისეთი საფრენი და საზღვაო უპილოტო აპარატების შექმნის მიმართ, რომლებსაც გუნდის შემადგენლობაში მუშაობა შეუძლიათ, ასევე სამიზნეების ამოცნობისა და დამატებითი დამიზნების სისტემების შემუშავების მიმართ.
ირანული დრონი “შაჰედის” რუსული ადაპტაციები.
უპილოტო აპარატებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რუსული კვლევითი ცენტრია მოსკოვის ბაუმანის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი ინდუსტრიულ პარკ „რუდნიოვოში“ მართავს უპილოტო აპარატების თემატიკის კომპეტენციების ცენტრს. 2026 წელს „ბაუმანკაში“ გამოვიდა მონოგრაფია „კომპიუტერული ხედვის ჰიბრიდული ალგორითმები უპილოტო აპარატების პრეციზიული ავტონომიური მართვისთვის“, რომელშიც მოხსენიებულია სამხედრო დრონებისთვის დამახასიათებელი ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა სამიზნის ავტომატური მიტაცებისა და დაკავების სისტემა.ბაუმანის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლები აქვეყნებენ ნაშრომებს ავტონომიური ხელოვნური ინტელექტის ნავიგაციის შესახებ – როგორც უპილოტო აპარატების, ისე სახმელეთო რობოტებისა. უპილოტო აპარატების ავტონომიური ნავიგაციის შესახებ ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი მარია სკვორცოვა მუშაობს და ასწავლის ბაუმანის უნივერსიტეტის „ინფორმატიკის, ხელოვნური ინტელექტისა და მართვის სისტემების“ ფაკულტეტზე – სწორედ იმ ფაკულტეტზე, რომელსაც 2024 წელს, იქ მოსწავლე ირანელ სტუდენტებთან დაკავშირებით, ეწვია ირანის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილე ომიდ რეზაი ფარი.
მოსკოვის ბაუმანის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი. 2025 წ.
ის ფაქტი, რომ „ბაუმანკა“ ირანელ სპეციალისტებს ამზადებს ხელოვნური ინტელექტის რობოტოტექნიკაში, რუსულმა პროპაგანდამაც კი გამოიყენა. 2014 წელს, ირანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მიღებიდან ორი წლის შემდეგ, მკვლევარი სეიედ ჰასან ზაბიჰიფარი ბაუმანის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩაირიცხა. იქ მან ოთხი წელი ისწავლა პროფესორ არკადი იუშჩენკოს ხელმძღვანელობით. ისინი ერთად შეისწავლიდნენ ადაპტური ნეირომართვის ალგორითმებს ქანქარიან მოდელებზე – ეს არის არაწრფივი არამდგრადი სისტემების მართვის მეთოდი, რომელიც სხვათა შორის სხვადასხვა ტიპის უპილოტო აპარატებში გამოიყენება.„ბაუმანკაში“ სწავლის პარალელურად, ზაბიჰიფარი თავის კოლეგებთან ერთად ირანული ალმა მატერიდან მუშაობდა უპილოტო წყალქვეშა აპარატის მართვის ალგორითმზე. ანალოგიური ავტონომიური რობოტები გამოიყენება როგორც სამოქალაქო ოკეანოგრაფიაში, ისე სამხედრო ამოცანებისთვის, მაგალითად, დაზვერვისთვის.„ბაუმანკაში“ სწავლის შემდეგ ზაბიჰიფარი ირანში დაუყოვნებლივ არ დაბრუნებულა – ჯერ ორ-ნახევარი წელი იმუშავა „სკოლტეხში“, შემდეგ კი ინჟინრად მოეწყო „სბერის“ რობოტოტექნიკის ცენტრში, სადაც ობიექტების მიტაცებისთვის კომპიუტერულ ხედვასა და ღრმა სწავლებაზე (deep learning) გადაერთო.
2021 წელს პროპაგანდისტულმა გამოცემა „სპუტნიკმა“ გამოაქვეყნა ზაბიჰიფართან ინტერვიუ სათაურით: „ახალგაზრდა ირანელმა რუსეთში წარმატება მოიპოვა რობოტოტექნიკის სფეროში მიღწევების წყალობით“. ამ ინტერვიუში ირანელმა მკვლევარმა რუსეთში სასწავლად წასვლის არჩევანი ახსნა „ირანისა და რუსეთის მთავრობებს შორის ხელსაყრელი ურთიერთობებით დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით“, ასევე „უსამართლო“ უწოდა ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს და აღნიშნა, რომ მათ გამოიწვიეს ირანული აქტივების გაყინვა საზღვარგარეთ, რის გამოც გართულდა რობოტოტექნიკის განვითარებისთვის საჭირო კომპონენტების შესყიდვის პირობები.2023 წელს ზაბიჰიფარი დაბრუნდა ირანში, სადაც ახლა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დოცენტად მუშაობს. „სისტემას“ არ მოეპოვება ცნობები, რომლებიც მიუთითებს ზაბიჰიფარის მუშაობაზე ირანის სამხედრო მრეწველობის ინტერესებისთვის.შავი სია მეცნიერებისთვის2024 წელს მოსკოვის ავიაციისა და კოსმონავტიკის ინსტიტუტი კვლავ მოხვდა აშშ-ის სანქციების სიაში – ამჯერად არა ირანის სარაკეტო მრეწველობის დახმარების, არამედ უკრაინაში ომის ფონზე რუსეთის სამხედრო მრეწველობისთვის კადრების მომზადების გამო. აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების სიაში ანალოგიური მიზეზებით მოხვდნენ რუსეთის სხვა უნივერსიტეტებიც, მათ შორის ბაუმანის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი. 2025 წლის ივლისში მაი, „ბაუმანკა“, კურჩატოვის ინსტიტუტი, მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი (მფტი), „სკოლტეხი“, ტომსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და კიდევ რუსეთის 27 უნივერსიტეტი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი პენტაგონის „შავ სიაშიც“ მოხვდნენ.რუსეთის ფედერაცია რჩება ირანის შეიარაღების ერთ-ერთ ძირითად მიმწოდებლად და თავადაც სარგებლობს ირანული ტექნოლოგიებით – უმთავრესად უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ირანული „შაჰედის“ ტიპის დრონების ადაპტირებული და გაუმჯობესებული ვერსიების გამოყენებით. Financial Times-ის გამოძიების თანახმად, ბოლო წლებში რუსეთი საიდუმლოდ გადასცემს ირანს ზებგერითი რაკეტების შექმნის ტექნოლოგიას, ამასთან, ამ პროექტის საკვანძო ფიგურა რუსეთის მხრიდან, „მანქანათმშენებლობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების“ გენერალური კონსტრუქტორის მოადგილე ალექსანდრ დერგაჩოვი, ერთდროულად პროფესორად მუშაობს მაი-ში.მზა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გაცვლის ფონზე რუსეთის უნივერსიტეტები (ისევე, როგორც ზოგიერთი სხვა ქვეყნის უნივერსიტეტები) განათლებასა და კარიერულ სტარტს აძლევენ ირანელ მკვლევრებს ირანის სამხედრო მრეწველობისთვის ყველაზე აქტუალურ სფეროებში: რაკეტებისა და დრონების ძრავებში, თანამგზავრულ ნავიგაციასა და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებში, უპილოტო აპარატებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში.„სისტემის“ მიერ შეგროვილი ღია პუბლიკაციებიც კი აჩვენებს, რომ რუსეთსა და ირანს შორის აწყობილია ამ სფეროებში სამეცნიერო თანამშრომლობა. ამასთან, ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა მიგვეღო მონაცემები სამუშაოების დახურულ ნაწილსა და რუსული უმაღლესი სასწავლებლების იმ კურსდამთავრებულებზე, რომლებიც ირანში დაბრუნებისას უშუალოდ სამხედრო სექტორში იწყებენ მუშაობას და წყვეტენ ღია საგამომცემლო საქმიანობას. სავარაუდოდ, რუსეთში ირანელი სტუდენტების რაოდენობის ახლანდელი ზრდა ირანის სამხედრო-ტექნოლოგიური კომპეტენციების გაძლიერებაში დაყოვნებულ ეფექტს მოგვცემს, რაც რამდენიმე წლის შემდეგ გახდება შესამჩნევი.„არცერთი ირანული კვლევითი პროგრამა – განსაკუთრებით საზღვარგარეთ წასული ასპირანტების მონაწილეობით – არ არის სრულიად აპოლიტიკური. უმეტეს შემთხვევებში მათ აქვთ მთავრობასთან ესა თუ ის კავშირი ან ფარული მოტივები. იგივე ეხება რუსეთის ზოგ ინსტიტუტსაც – უფრო ტექნიკურებს, როგორებიცაა კურჩატოვის ინსტიტუტი ან ტომსკის უნივერსიტეტი“, განუცხადა „სისტემას“ Sciences Po-ს უნივერსიტეტის დოცენტმა და რუსეთისა და ირანის პარტნიორობის შესახებ წიგნის ავტორმა ნიკოლ გრაევსკიმ.გრაევსკის თქმით, სამეცნიერო ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება ბირთვული ფიზიკის სფეროში, ასევე სხვა მგრძნობიარე სფეროებში, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი და აეროკოსმოსური ტექნოლოგიები, ირანის დიდი ხნის მიზანია.2020 წელს მოჰამად ჯავად ზარიფმა, რომელიც იმ მომენტში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ედგა სათავეში, განაცხადა: „ბევრ საკითხში ჩვენ გარკვეული თავდაცვითი თვითკმარობა გაგვაჩნია, თუმცა ზოგ საკითხში სერიოზული საჭიროებები გვაქვს სამხედრო თანამშრომლობისა ჩვენს მეგობრებთან რუსეთში და სხვა ქვეყნებში“.„სისტემამ“ მოთხოვნები გაუგზავნა რუსეთის მოხსენიებულ უნივერსიტეტებსა და ირანელ მკვლევრებს. ამ მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის პასუხები არ მიგვიღია.მასალა მომზადებულია რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის, “რადიო ფარდას” მონაწილეობით.