პუტინი – თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში საჭირო აღარაა, ხვალვე გავალთ

რუსეთი სომხეთიდან, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე გავა, თუ ერევანი სამხედრო ბაზას არასაჭიროდ ჩათვლის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში საჭირო აღარაა, ჩვენ ხვალვე გავალთ. მაგრამ, სომხეთი მზად არის ამისთვის? ჩვენ არავის არაფერს ვახვევთ თავს”, – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სომხეთის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ ფაქტობრივად ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის გამოცხადების ტოლფასია, რადგან ორივე ორგანიზაციის წევრობა შეუძლებელია. ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არჩევანი სომეხმა ხალხმა უნდა გააკეთოს. „სომხეთის ხელისუფლებამ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მისცეს. ყველაზე მარტივი ის არის, რომ ხალხს მიმართო და ჰკითხო: „რა გსურთ?“ და სულ ესაა“, – აღნიშნა პუტინმა.