არჩილ კონცელიძემ თანამდებობა დატოვა – ის ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსი იყო

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი არჩილ კონცელიძე, თანამდებობიდან წავიდა.

მან აღნიშნული ინფორმაცია „ბათუმელებთან“ დაადასტურა.

არჩილ კონცელიძე თანამდებობის დატოვების მიზეზად, სხვა სამსახურში გადასვლას ასახელებს. თუმცა, რომელ უწყებაში გადადის, არ ამბობს.

„როცა გადავალ ნახავთ“, – გვითხრა მან.

კონცელიძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2025 წლის ნოემბერში დანიშნეს. ის მანამდე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

2023 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ არჩილ კონცელიძის შესახებ წერდა, რომ მუნიციპალური ინსპექციის უფროსის პოსტზე ყოფნისას, მისი ნათესავები სამშენებლო ბიზნესს დარღვევებით აწარმოებდნენ.

„ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, რესან კონცელიძის ინიციატივით მიღებული სამშენებლო ამნისტია კი ეჭვს ბადებდა ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე, „ვინაიდან მისი ძმისშვილები ვახტანგ და გოჩა კონცელიძეები უშუალოდ არიან ჩართულნი სამშენებლო ბიზნესში, ხოლო კიდევ ერთი ძმისშვილი, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, არჩილ კონცელიძე ზედამხედველობს მშენებლობებს“, – წერდა „გამჭვირვალობა-საქართველო“.