ვურჩევთ, რუკას დახედონ და გაითავისონ, რომ თავიანთი ცივილიზაციური უფსკრულის პირას მყოფი პოზიციიდან საუბარი ისევ მათთვის არის არაჯანსაღი – როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, კიდევ უფრო მეტად შეიძლება სჭირდებოდეს, ამ მომენტში, ევროკავშირს საქართველო, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის საქართველო არ დაასახელა.
მისივე თქმით, მარტა კოსი წუხს იმაზე, რომ საქართველოში „შავი ფულის“ შემოტანა შესაძლებელი აღარაა და არ საუბრობს იმაზე, რომ „ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის მიერ ჩატარებული კვლევით თუ ანგარიშებით, საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს, მაგალითად, მოლდოვასთან, ან სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით“.
„მარტა კოსი საქართველოს ახსენებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წუხს იმაზე, რომ ჩვენი გუნდის ინიციატივით მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად, აღარ არის შესაძლებელი „შავი ფული“ შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. მხოლოდ და მხოლოდ ამაზე წუხს ხოლმე. წუხს, რომ ყველანაირ გზას ეძებენ, როგორმე ეს „შავი ფული“ შემოიტანონ, რომელიც მერე ამ ქვეყანაში ძალადობებში, აქციებში და ქსენოფობიური კამპანიების საწარმოებლად არის გამოყენებული. ამაზე წუხს და ამ კონტექსტში ყოველთვის ახსენებს საქართველოს, მაგრამ ის იმაზე არ საუბრობს, რომ თავისსავე ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის მიერ ჩატარებული კვლევით თუ ანგარიშებით, საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს, მაგალითად, მოლდოვასთან, ან სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით. ეს არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ მათთვის არავითარი ფაქტობრივი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას აკეთებს საქართველო, რა ნაბიჯებს დგამს იმისათვის, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს. მთავარი არის პოლიტიკური მიზანშეწონილობა და მაშინ როდესაც ისინი პირდაპირ გარე მმართველობას არიან დამორჩილებულები, საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში უნდა ისაუბრონ, მაშინაც კი როდესაც გეოპოლიტიკის, გეოგრაფიის და რუკის წინააღმდეგ მიდიან ხოლმე. გვახსოვს, როდესაც ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყნებს შორის სამიტი იმართება, საქართველო ავიწყდებათ ხოლმე. ვურჩევთ, დახედონ რუკას და კიდევ ერთხელ გაითავისონ, რომ თავიანთი ცივილიზაციური უფსკრულის პირას მყოფი პოზიციიდან საუბარი ისევ მათთვის არის არაჯანსაღი. როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, კიდევ უფრო მეტად შეიძლება სჭირდებოდეს, ამ მომენტში, ევროკავშირს საქართველო, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე,“ – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ოქტომბერში ევროპელი ლიდერები ევროპულ საბჭოში გაფართოების საკითხზე სასაუბროდ შეიკრიბებიან. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, სექტემბერში, ევროპელი ლიდერების დისკუსიის მოსამზადებლად, კომისია წარადგენს იდეებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადოს ევროკავშირი მაშინ, როცა კანდიდატი ქვეყნები გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების ხაზს უახლოვდებიან.
კოსმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად უმაღლეს დონეზე კონსენსუსის მისაღწევად ოთხი საკითხის განხილვა უნდა მოხდეს.
„პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ახალ წევრებს და სადაც ეს გავლენა ჩვენი წევრი სახელმწიფოებისთვის საზიანო შეიძლება იყოს, უნდა ვიმოქმედოთ მათი ინტერესების დასაცავად. მეორე, უნდა განვიხილოთ შიდა რეფორმები, რომლებიც საჭიროა უფრო დიდი კავშირისთვის, რათა შეინარჩუნოს მოქმედების უნარი და იყოს მოქნილი კრიზისების გათვალისწინებით სწრაფად ადაპტირებისთვის. მესამე, ყველა ახალმა წევრმა უნდა გააძლიეროს ევროპა – პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ჩვენი უსაფრთხოების კუთხით. ეს იწყება კანონის უზენაესობით. ჩვენ გვჭირდება დადასტურებული გამოცდილება რეფორმებისა და გაწევრიანების ვალდებულებების შესრულების კუთხით, მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ უნდა წავიდეთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ტროას ცხენებს არ ვუშვებთ. არც დღეს, არც 10 ან 20 წლის შემდეგ. მეოთხე, ევროკავშირის გაფართოება უნდა განვითარდეს დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით. გაწევრიანებისთვის მომზადებას დრო სჭირდება. მაგრამ დრო სწორედ ის არის, რასაც ჩვენი მოწინააღმდეგეები აღარ აძლევენ ჩვენს კანდიდატებს. ისინი მოთმინებით არ ელოდებიან კანდიდატი ქვეყნების ოცწლიანი გაწევრიანების პროცესის დასრულებას. ისინი ინვესტიციებს დებენ. ახორციელებენ პოლიტიკურ ზეწოლას. ქმნიან დამოკიდებულებას. იყენებენ გაურკვევლობას. ამიტომ, გაფართოების პროცესში უარი უნდა ვთქვათ ლოგიკაზე „ყველაფერი ან არაფერი“. ჩვენ გვჭირდება უფრო სტრუქტურირებული მიდგომა და უნდა ვეძებოთ ეტაპობრივი ინტეგრაციის უფრო ამბიციური გზები. გვსურს, კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებამდე მოვუტანოთ ჩვენი კავშირის სარგებელი, რათა მათ უკეთ შეძლონ გარე ზეწოლის თავიდან აცილება. ეს სარგებელი უნდა ფოკუსირდეს სტრატეგიულ სექტორებზე. რომლებიც ემსახურება როგორც ამჟამინდელ, ასევე მომავალ წევრებს. თუმცა, პრინციპი უცვლელი რჩება: სარგებელი მოდის ვალდებულებებისა და რეფორმების შესაბამისად“, – აღნიშნა კოსმა.
მისი თქმით, 2026 წელი ევროკავშირის გაფართოების პროგრესის თვალსაზრისით რეკორდული იქნება.
“მონტენეგრომ მოლაპარაკებების თავების ნახევარზე მეტი დახურა და წევრმა სახელმწიფოებმა გაწევრიანების ხელშეკრულების მომზადება დაიწყეს. ალბანეთმა ასევე ახლახან გადალახა კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი შუალედური კრიტერიუმი და თავების დახურვა დაიწყო. უკრაინამ და მოლდოვამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტექნიკური პროგრესი განიცადეს ევროკავშირის მთელ კანონმდებლობაში. მიმდინარე კვირის ბოლოს ისლანდია გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას უყრის კენჭს. ის უკვე ერთიანი ბაზრის ნაწილია და გაწევრიანების მოლაპარაკებები ერთ-ორ წელიწადში შეიძლება დაასრულოს. ასევე მსურს, რომ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც შეუერთდნენ ამ ლიდერთა ჯგუფს. და მათ შეუძლიათ, თუ ისინი გამოიჩენენ იმავე მონდომებას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და ნდობა დაამყარონ ჩვენს ყველა წევრ სახელმწიფოსთან. თუმცა, დღევანდელ სამყაროში ეს ნდობა ევროპული კანონმდებლობის მიღებაზე გაცილებით მეტს ეფუძნება“, – აღნიშნა კოსმა.




