სანდრო თვალჭრელიძე: ჩემი აზრით, ირაკლი კობახიძეს სურს მარტო წარმოადგენდეს ბიძინა ივანიშვილს, რომ ივანიშვილის გარემოცვაში არავინ განიხილებოდეს მის კონკურენტად

20 აგვისტოს ექსპრემიერმა და “ქართული ოცნების” ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამჟამად 5-წლიან სასჯელს იხდის, პენიტენციარული დაწესებულებიდან უკვე მესამე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ყოფილი თანაგუნდელების მძიმე ბრალდებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა – ოჯახის წევრების დაჭერის მუქარა, კორუფციაში მონაწილეობის აღიარების იძულებითი მოთხოვნა და პოლიტიკური შანტაჟი – ღარიბაშვილის თქმით, ყოფილი პოლიტიკური ოჯახი მას არ ასვენებს. მოგეხსენებათ, მან ციხიდან გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში შუამავლად სუს-ის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე დაასახელა, ეს უკანასკნელი კი მსგავს ბრალდებებს უარყოფს. ღარიბაშვილის წერილები, რომლებშიც ის ოჯახის დასაცავად ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს, პოლიტიკური განხილვის ეპიცენტრშია. მმართველი გუნდი ღარიბაშვილის წერილს ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობად აღიქვამს და აღნიშნავენ, რომ წერილები ბევრ ეჭვს ბადებს, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მმართველ გუნდში შიდა განხეთქილება პიკზეა… რა დგას მმართველი გუნდის ყოფილი წევრების დაპირისპირების უკან და რატომ გადაწყვიტა ირაკლი ღარიბაშვილმა დუმილის დარღვევა მაინცდამაინც ახლა? – ამ საკითხებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

– ამ თემაზე არავითარი დამატებითი ინფორმაცია არა მაქვს, შესაბამისად, მხოლოდ საჯაროდ გავრცელებულ ცნობებს თუ დავეყრდნობი.

როცა ხდები “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, იმავე დღიდან მზად უნდა იყო ციხეში წასასვლელად ან ქვეყნიდან დროულად გასაქცევად, როგორც, მაგალითად, გახარიას შემთხვევაში მოხდა. მოკლედ, “ქართულ ოცნებაში” შიგნით ბრძოლა გაცილებით უფრო ხისტია, ვიდრე გარეთ გამოგონილ მტრებთან თუ სხვა პარტიებთან.

ერთი მხრივ, შეიძლება დავუშვათ, ღარიბაშვილს ეგონა ან შეჰპირდნენ კიდეც, რომ რაღაც მომენტში შეიწყალებდნენ და ციხიდან გამოუშვებდნენ, მაგრამ “გადააგდეს”, ამიტომაც გადაწყვიტა ამოძრავება, რათა პროცესები გააქტიუროს. რამდენად გონივრულია ეს ყველაფერი, ეს უკვე სხვა საკითხია. თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე იყოს, რასაც ექსპრემიერი წერილებში გვიყვება.

– ღარიბაშვილის თქმით, მან წერილი მიიღო მდინარაძისგან. ამბობს, რომ ემუქრებიან ოჯახის წევრების დაჭერით, ორიოდე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს ექსპრემიერის ქვისლი… მისივე მტკიცებით, მას კატეგორიულად სთხოვდნენ პოლიტიკაში აღარასდროს დაბრუნებულიყო… როგორ ფიქრობთ, ვისთვის რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ციხეში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი?

– აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, ციხეში თუ მის გარეთ ღარიბაშვილის პოლიტიკური კაპიტალი როგორი იქნება – ჩემი აზრით, ის ამ თვალსაზრისით ბანკროტია…

ვფიქრობ, იმ ჯგუფისთვის, რომელიც, დიდი ალბათობით, მას უპირისპირდება, მნიშვნელოვანია, რომ მან არ მოახერხოს ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობების დალაგება – ეს აშფოთებთ ყველაზე მეტად. ღარიბაშვილი წლების განმავლობაში ივანიშვილის შვილად წარმოაჩენდა თავს, ეფიცებოდა ერთგულებას, დღესაც სიყვარულს უხსნის, საბოლოოდ მაინც ის ეიმედება. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ეს მიკვირს, რადგან არაერთი ადამიანი ვიცი, რომელიც საკმაოდ ახლოს იყო ბიძინა ივანიშვილთან, შემდგომ კი არა მხოლოდ მისი გარემოცვიდან, საზოგადოების თვალსაწიერიდანაც გაუჩინარდა.

ჩემი აზრით, ირაკლი კობახიძეს სურს მარტო წარმოადგენდეს ბიძინა ივანიშვილს, რომ ივანიშვილის გარემოცვაში არავინ განიხილებოდეს მის კონკურენტად.

უკვე კარგა ხანია ლაპარაკია, რომ მოვიდა კობახიძის შეცვლის დრო, და ეს ხმები, დარწმუნებული ვარ, მოქმედ პრემიერ-მინისტრამდეც აღწევს და ეს აიძულებს დიდი სიფრთხილე გამოიჩინოს, ყველაფერს აკეთებს, რომ ივანიშვილმა მისი ადეკვატური შემცვლელი ვერ მონახოს. არ ვიცი, შეიძლება უფრო რთულადაც არის საქმე, მაგრამ ერთი შეხედვით ასე ჩანს… ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს. მე აქამდეც მითქვამს, ნელ-ნელა მზადდება და ახლოვდება მთავრობის შეცვლის მომენტი-მეთქი. ვფიქრობ, კობახიძემ იმაზე დიდხანს გაძლო პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ვიდრე იგეგმებოდა.

ჩემი აზრით, ამაზე მსჯელობა ნამდვილად მიდის, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ რამდენად განხორციელდება ეს ჩანაცვლების პროექტი, ეს სხვა საკითხია.

– ისმის კითხვა, ამ ჩანაცვლებისთვის რამდენად აქვს ივანიშვილს რესურსი?

– სწორედ ამას ცდილობს კობახიძე, რომ ეს რესურსი აღარ დარჩეს ივანიშვილს – ღარიბაშვილთან დაკავშირებული პროცესებიც ამის ნაწილად უნდა განვიხილოთ. აქ კიდევ ერთი საკითხია – რამდენად გაიმეტებს მას ივანიშვილი? საქმე ის არის, გააჩნია, როგორ და რა დასჭირდება. მისი ტიპის პოლიტიკოსები პაიკებზე არასდროს ფიქრობენ, ისინი უფრო კომპლექსურად უდგებიან საკითხებს. თუ აღმოჩნდა, რომ მას ღარიბაშვილი ბალანსისთვის სჭირდება, შესაძლოა მალე უდანაშაულო ფრთათეთრ მტრედადაც კი წარმოგვიდგინონ.

– 18 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე ისევ ილაპარაკა ერეკლე მეორის “არჩევანზე”, “დიფ სთეითზე”, “სუვერენიტეტზე”, “აგენტურულ ოპოზიციაზე” თუ 2008 წლის ომში მიხეილ სააკაშვილის მთავრობის “დანაშაულზე”… “განსაკუთრებით პარადოქსულია, როდესაც დღეს ფსევდოლიბერალები ერეკლე მეორეს იმ გადაწყვეტილებისთვის აკრიტიკებენ, რომელმაც საქართველოს ისტორიული არსებობისა და შემდგომი სახელმწიფოებრივი განვითარების, მათ შორის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობა შეუნარჩუნაო, განაცხადა მან გეორგიევსკის ტრაქტატზე საუბრისას. მართლაც გასაოცარია საქართველოს ხელისუფლების ამგვარი შეფასებები, რამაც, თავის მხრივ, ახალ მოლოდინებს გაუჩინა საფუძველი. მაგალითად, ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა ახალ გეორგიევსკის ტრაქტატს უმზადებდეს ქვეყანას…

– ეს მხოლოდ მითქმა-მოთქმაა, რაზეც ჩვენ ანალიზს ვერ დავაფუძნებთ. მეორე გეორგიევსკის ტრაქტატს გამოვრიცხავ, მაგრამ ფაქტია, რაღაც კონტაქტებსა და ურთიერთობის ფორმებს ეძებენ რუსეთთან, ეს ცხადია. ამას აქვს ორი მხარე: სტრატეგიული და ტაქტიკური. აქამდე საქართველოს ჰქონდა ერთადერთი მექანიზმი სუვერენიტეტის დასაცავად – ეს იყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაზე ფსონის დადება, რაზეც “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი ნებით თქვა უარი. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია-ანექსია პუტინამდე დაიწყო ელცინმა, შემდეგ პუტინმა გააგრძელა ეს აგრესიული პოლიტიკა… თუ ძალიან შორს აღარ წავალთ, ხრუშჩოვის პერიოდს გავიხსენებთ, იქიდან მოყოლებული ყელში ძვალივით აქვთ საქართველო გაჩრილი რუს პოლიტიკოსებს, არ მოსწონთ თავისუფლებისმოყვარე ხალხი, არ უყვართ, მათ მხოლოდ ყურმოჭრილი მონები სჭირდებათ.

მოკლედ, როგორც უკვე ვთქვი, საერთაშორისო დახმარების მექანიზმზე ჩვენ თვითონ ვთქვით უარი, ამას “დიფ სთეითი” დაარქვეს და მოიკვეთეს. შესაბამისად, ამ მექანიზმის გამოყენება ახლა უკვე ძნელია. სამაგიეროდ, დადებულია ფსონი იმაზე, რომ რაღაც ფორმით გაფორმდება რუსეთთან რაღაც შეთანხმება და სჯერათ, რომ რუსეთი ამ შეთანხმებას პატივს სცემს.

ისტორია გაიხსენონ, იგივე გეორგიევსკის ტრაქტატი თუ მანამდე არსებული მოლაპარაკებები, რუსეთი ყოველთვის არღვევდა საკუთარ შეთანხმებებს და დაპირებებს; აფხაზეთის ომი გაიხსენონ, როგორ მოგვატყუეს და დაგვაკარგვინეს სოხუმი. რუსეთი სულ გვატყუებს, როგორ შეიძლება მისი ნდობა?! პირდაპირ მგლის ხახაში მივდივართ საკუთარი ფეხით.

– მაშინ, როდესაც რუსეთს უკრაინაში ურთულესი ვითარება აქვს, რაში შეიძლება სჭირდებოდეს “ქართულ ოცნებას” მასთან ურთიერთობის დალაგება?

– ომი უკრაინასთან და წარუმატებლობა არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ კრემლმა ეგებ ვერ მოასწროს ჩვენი გადასანსვლა, ისე დაეწყოს ურთულესი პრობლემები…

2022 წელს რუსეთმა უკრაინაში დაიწყო თავისი ექსპანსიის პოლიტიკა და არა საქართველოში, ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობდა, მათ შორის პუტინის პირადი შურისძიებაც. როგორი იქნება უკრაინაში სიტუაცია, ამაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, მათ შორის საქართველოსთვისაც.

რაც შეეხება 2008 წლის ომში საქართველოს დადანაშაულებას, მე აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ პუტინი ამ ომისთვის 2006 წლიდან ემზადებოდა. ტყუილად არ გაიყვანა რუსული ბაზები და ტყუილად ნუ იბრალებს სალომე ზურაბიშვილი, რომ ეს მისი მიღწევაა. მაშინ უნდა დაერეკათ ზარები… არადა, ეიფორიაში იყო მთელი ხელისუფლება. არა აქვს მნიშვნელობა, პირველად ვინ გაისროლა, სააკაშვილმა თუ რუსეთმა. ეს არ იქნებოდა, სხვა საბაბს მოიფიქრებდნენ საქართველოში შემოსაჭრელად. პუტინი ნამდვილად ემზადებოდა ომისთვის და ამის მრავალი მტკიცებულება არსებობს.

რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას და მათ შემოგდებულ თემებს, რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ საქართველოსთან ურთიერთობას დაალაგებენ, ისინი ქართველი კაცის გულს ვერ მოიგებენ. დღეს რუსეთი ჩვენთვის ოკუპანტია, რომელიც ჩვენს მიწაზე დგას და ჩვენს ტერიტორიას უკანონოდ იკავებს. ხელისუფლების წარმომადგენლების თუ სხვების ვერანაირი დითირამბები ამას ვერ შეცვლის. ხელისუფლება საქმეს კიდევ უფრო გაიფუჭებს, თუ ამ ნარატივებით ლაპარაკს თავს არ დაანებებს.

– ისევ შიდა პოლიტიკას დავუბრუნდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სერიოზული და ძლიერი ოპოზიცია ჩამოყალიბდეს, არსებითად მაინც არაფერი იცვლება.

– მე ასე უიმედოდ არა ვარ… ვნახოთ, რას იზამს ვიქტორ ყიფიანის ახალი პარტია “ჯერ საქართველო”. მე მაინც მგონია, ჯერჯერობით რასაც აკეთებს, სწორია, ყოველ შემთხვევაში, შეცდომებს არ უშვებს. ამ დროს არც ერთი აქტორი, რომლებიც თავს შეურიგებელ ოპოზიციად ასაღებენ, არაფრისმაქნისი არ არის. ვნახოთ, რას იზამს ყიფიანი, რომელიც ამ ეტაპზე პარტიის შიდა სტრუქტურას აძლიერებს. ყოველ შემთხვევაში, ორგანიზაცია “ჯეო ქეისი”, რომლის ბაზაზე შენდება პარტია, მეტად სერიოზული ორგანიზაციაა.

– პოლიტიკური დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე კიდევ უფრო მწვავე ფაზაში გადადის. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და ნიკა გვარამიას შორის გაჩენილი ბზარი ურთიერთბრალდებებსა და ფინანსურ სკანდალებში გადაიზარდა. ერთი მხრივ, ენმ-ის წარმომადგენელი ანა წითლიძე გვარამიას პარტიულ “ღალატში”, მედიარესურსების გაძარცვასა და მმართველი გუნდის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს, რასაც გვარამია არანაკლებ მძიმე საპასუხო დარტყმით პასუხობს. “ახალის” თანადამფუძნებელი ყოფილ თანაპარტიელებს პოლიტიკურ კორუფციაში, ბუნდოვან მილიონიან გარიგებებსა და “ქართულ ოცნებასთან” ფარულ თანამშრომლობაში სდებს ბრალს. თავის მხრივ, ლამის ყოველდღიურად ცეცხლზე ნავთს ასხამს სააკაშვილი, რომელიც ყოფილ თანაპარტიელებზე ყველაზე უარეს ეპითეტებს არ იშურებს.

– სააკაშვილი რეალობას სრულად არის აცდენილი, თავი ისევ “ნაციონალური მოძრაობის” უპირობო ლიდერი ჰგონია, რომელსაც ყველა უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს. ეს ძალიან უნდა, მაგრამ არ გამოუვა… წასულია მაგის მატარებელი.

სამწუხაროდ, დღეს ისეთი ვითარებაა, ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები, ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი არ წავა არჩევნებზე, შედეგად კი “ქართული ოცნება” კვალიფიციური უმრავლესობით გაიმარჯვებს.

წყარო