მწერალი ლაშა ბუღაძე პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც მისი წიგნის, „დამკვირვებლის“ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეტანაზე უარი ითქვა, ცენზურად და პოლიტპატიმრების მიმართ დისკრიმინაციად აფასებს.
ბუღაძე უწყების მიერ ნანა სანდერის ადვოკატისთვის გაგზავნილ განმარტებას „სრულ სისულელესა“ და „სამარცხვინო ტექსტს“ უწოდებს და ამბობს, რომ „წიგნებთან ომს ვერ მოიგებ“.
პენიტენციური სამსახურის წერილი, რომელიც ნანა სანდერის ადვოკატს მიუვიდა, არის სრული “სისულელე”. ასეთუ უხერხული და სამარცხვინო ტექსტი ალბათ არც წამიკითხავს არასდროს. წიგნებთან ომს ვერ მოიგებ, ეს არის დისკრიმინაცია სინდისის პატიმრების და პოლიტიკური პატიმრების მათ შორის. აბსოლუტურად სწორია ნანა სანდერი და მისი ადვოკატი, რომ ამას გაასაჩივრებე. ეს არის ისევ და ისევ ცენზურის შემთხვევა. რომელი ლიტერატურული ტექსტი არსებობს, საერთოდ, რომლის ერთგვაროვანი შეფასებაც შეიძლება, არსებობდეს? ეს არსებობს ტოტალიტარულ სისტემებში, სადაც არსებობდა და არსებობს ცენზურა, სადაც უნდა იცოდეს მკითხველმა, პირობითად, რა არის კარგი და რა არის ცუდი და ყველაფერი თავში უნდა ჩაუდონ. ეს მოხდა რუსეთში 5-6 წლის წინ, არც მაშინ სჯეროდათ, რომ ეს მოხდებოდა და რეალობა იქნებოდა, ამიტომ ეს ძალიან საშიშია და ამას სჭირდება ყოველთვის რეაგირება, – ამბობს ლაშა ბუღაძე.
პენიტენციურმა სამსახურმა ლაშა ბუღაძის წიგნის, „დამკვირვებლის“ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეტანაზე უარი თქვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბაია პატარაია წერს და პოსტს პენიტენციურის წერილსაც ურთავს. უწყების განმარტებით, წიგნის სათაური „არაერთმნიშვნელოვანი და ბუნდოვანია პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართებით“.



