ლატვიაში დააკავეს 28 მიგრანტი, რომელიც ქვეყანაში ბელარუსიდან გათხრილი მიწისქვეშა გვირაბით შევიდა

ლატვიაში დააკავეს 28 მიგრანტი, რომელიც ქვეყანაში ბელარუსიდან გათხრილი მიწისქვეშა გვირაბით შევიდა – ამის შესახებ Delfi ლატვიის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
🔻 ოფიცრებმა საზღვრიდან დაახლოებით 20 მეტრში მიწისქვეშა გვირაბი აღმოაჩინეს, რომლის შესასვლელი ხავსით იყო შენიღბული. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დაკავებული 28-ვე პირი ბელარუსში დააბრუნეს. ლატვიის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურის განცხადებით, ეს უკვე მეორე დაფიქსირებული შემთხვევაა, როდესაც მიგრანტებმა ქვეყანაში არალეგალურად შესვლის მიზნით მიწისქვეშა გვირაბი გამოიყენეს.
🔻 მსგავსი მიწისქვეშა გასასვლელები მეზობელი ლიეტუვისა და ბელარუსის საზღვარზეც აღმოაჩინეს. 5 აგვისტოს, ლიეტუვის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ დრუსკინინკაის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლატეჟერისის მახლობლად, სასაზღვრო ღობის ქვეშ ბელარუსიდან მომავალი დაუსრულებელი, ოთხმეტრიანი გვირაბი იპოვეს. გასასვლელი დაახლოებით 1,5 მეტრის სიღრმეზე იყო გათხრილი.