საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში რუსოფობიის გავრცელებაზე ლაპარაკობს და აქაც ე.წ. დიპ სტეიტს – “გლობალური ომის პარტიას” ადანაშაულებს, ისევე როგორც აგვისტოს ომის დაკვეთაში, საქართველოს ახალ ომში ჩათრევის მცდელობასა თუ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება 5 აგვისტოს დაწყებული გამოძიება საბოტაჟის მუხლით – “საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით”.
რუსოფობიის დაგმობას “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურმა სპეციალური ბრიფინგი 12 აგვისტოს მოუძღვნა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დადებული და მოსკოვის მხრიდან შეუსრულებელი – ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მე-18 წლისთავზე. ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები – რუსული არმიის შემოჭრას და საქართველოში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას სააკაშვილის ხელისუფლებას აბრალებენ.
რუსოფობიასთან “ქართული ოცნების” ვერბალურ და სამართლებრივ ბრძოლას პოლიტიკური ოპოზიციის გარდა, ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები ჰყავს. მათაც დასავლეთიდან “დაკვეთილი რუსოფობიის” აღსრულება ედებათ ბრალად.
თანამედროვე რუსოფობიის სათავედ, წლებია, დასავლეთს მიიჩნევს მოსკოვიც. ბოლო წლებში აქტიურად ემზადებიან საკანონმდებლო ცვლილებებისთვის – რუსოფობი უცხოელების დასასჯელად.
სიტყვა ფობია – [ძველი ბერძნული (phobos)] ნიშნავს აკვიატებულ, ძლიერ და არარაციონალურ შიშს ან სიძულვილს რაიმეს მიმართ. სიტყვის შემადგენელ ნაწილად, ის გამოიყენება სხვადასხვა ობიექტის, სიტუაციის ან მოვლენის მიმართ შიშის აღსანიშნავად. რუსოფობიას კრემლი იყენებს მთავარ იარაღად – რათა მისი აგრესიის მიუღებლობა და კრიტიკა ეთნიკურ სიძულვილად წარმოაჩინოს. მოსკოვში ასევე რუსოფობიით ამართლებენ სამხედრო აგრესიასაც.
რა მიაჩნია რუსოფობიად “ოცნებას”?
“ქართული ოცნების” მთავრობის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 12 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, რუსოფობიის კონკრეტულ მაგალითებად ჩამოთვალა:
- საკრუიზო გემის – Astoria Grande-ს შემოსვლის გაპროტესტება ბათუმის პორტში, 2023 წელს – გემიდან ჩამოსულ რუს ტურისტებს პუტინის საოკუპაციო პოლიტიკის მხარდაჭერა არ დაუმალავთ. სტუმრები შეურაცხმყოფელი, ანტიქართული კომენტარებით გამოირჩეოდნენ; იყო შეურაცხმყოფელ ჟესტებიც გემბანიდან. ირაკლი კობახიძემ მომიტინგეების ხმაურიან დახვედრას მაშინ „ქაჯობა“ უწოდა.
- აქცია სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“, 2023 წელს – ამ სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის, ეკატერინა ლავროვას მაზლის ქორწილი უნდა გამართულიყო. აქცია გამართეს ოპოზიციონერებმა და აქტივისტებმა.
- სოციალურ ქსელებში გაურკვეველი ანგარიშების მიერ გავრცელებული ცნობები, რომ საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი.
- რუსი ტურისტების გაღიზიანება შავი ზღვის სანაპიროზე – “დადიან უცხოელი აგენტები ბათუმის პლაჟზე რუსოფობიური განცხადებებით, ბანერებით, გზავნილებით”- თქვა კობახიძემ.




