ილია დარჩიაშვილი – მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით, საქართველოს მიერ მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის წამოწყებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა – მზად ვართ, ჩვენი ჩართულობა გავაგრძელოთ

მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ვითარებისა საქართველო ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას და არაერთგზის შეუწყო ხელი აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის კომუნიკაციას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სამეზობლო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის მზაობა, გააგრძელოს მშვიდობასა და სტაბილურობაზე დაფუძნებული სამეზობლო პოლიტიკა.
„რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს მიერ მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის წამოწყებით. მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი ჩართულობა ამ მიმართულებით, ჩვენი მეზობელი ქვეყნების საჭიროების შესაბამისად. ჩვენ გვინდა, რომ თბილისი მომავალშიც იყოს ადგილი ჩვენი მეზობლებისთვის, სადაც მათ შეეძლებათ განიხილონ ნებისმიერი აქტუალური თემა, რომელიც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას,“ – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.
სიტყვით გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა ასევე სატრანსპორტო/ენერგეტიკული დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ე.წ. „შუა დერეფნის“ როლზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, საქართველო ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, მათ შორის გაააქტიურებს ევროკავშირთან ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებით მუშაობას.
დარჩიაშვილმა საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ჰაბის მნიშვნელობაც აღნიშნა.
„საქართველოს საკვანძო როლის დადასტურებას წარმოადგენს, 2022 წელს ბუქარესტში, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ხელმოწერა. ხაზი უნდა გაესვას, რომ შეთანხმება საქართველოს ინიციატივით მომზადდა,“ – აღნიშნა მან.
ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები გაიზარდა და ქვეყანა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან აქტორად ჩამოყალიბდა, რამაც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება კიდევ უფრო აქტუალური გახადა.
მისივე თქმით, ძალისხმევა მიმართული იქნება ცენტრალური აზიის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან სტრატეგიულ-პოლიტიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ.
მან ასევე ისაუბრა ამ მიმართულებით უკვე მიღწეულ შედეგებზე, რაც გამოიხატა 2023 წელს საქართველოს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის თაობაზე (CEPA) შეთანხმების ხელმოწერით; საუდის არაბეთთან, მინისტრების დონეზე გაფორმდა შეთანხმება მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ; ასევე მინისტრების დონეზე, ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე; მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება საქართველოს და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე (EPA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან – ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ