მიშა ზაქარეიშვილი: ხურცილავამ თქვა, რომ სწორად მიაჩნია ჩადენილი, რაც იმას ნიშნავს, ონისე რომ ქუჩაში შეხვდება ისევ იძალადებს მასზე

იურისტი მიშა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პატიმრობაში უნდა დაეტოვებინა. გამომდინარე იქიდან, რომ ნიკა ხურცილავამ პირდაპირ თქვა, რომ არ ნანონდა ჩადენილს.

ხურცილავამ თქვა, რომ სწორად მიაჩნია ჩადენილი, რაც იმას ნიშნავს, ონისე რომ ქუჩაში შეხვდება ისევ იძალადებს მასზე -ამბობს ზაქარეიშვილი.

ამ ადამიანმა იზოლატორიდან გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ მართალია მოძალადე არ არის ზოგადად, მაგრამ იმას რაც ჩაიდინა, არ ნანობს და მიაჩნია ეს სწორ საქციელად. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს პირდაპირ ჰქონდა ერთ-ერთი გარემოება, რომელიც კანონში გვიწერია, რომ თუკი არსებობს იმის საფრთხე, რომ ადამიანი კიდევ ჩაიდენს დანაშაულს, ის უნდა იყოს პატიმრობაში. ამ შემთხვევაში ადამიანი ამბობს, რომ მას სწორად მიაჩნია ის საქციელი, რაც ჩაიდინა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ონისეს კიდევ შეხვდება ქუჩაში, კიდევ იძალადებს მასზე. ის, რომ მას საკუთარი თავი არ მიაჩნია მიაჩნია მოძალადედ, ეგ არაფერს არ ნიშნავს”, – ამბობს მიშა ზაქარეიშვილი. 

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი, ნიკო ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს – “ტვ პირველის” კორესპოდენტის თქმით, ხურცილავას  საგულშემატკივროდ სასამართლოში “ოცნების” პარტაქტივი, მხარდამჭერები, მათ შორის გია გაჩეჩილაძეც იყო მისული. მათ ნიკა ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან ტაშით გააცილეს.

ცნობისთვის, 23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომიკოსზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ადგილზე თვითმხილველებმა გადაიღეს, ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კომიკოსს ეუბნება: “ნოდარ დუმბაძეს აგინე… ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო”.

რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას “აშავებენ”, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.