რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, ელვირა ნაბიულინას თქმით, ბანკი რუსეთის ყველაზე მსხვილი ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე უკრაინული იერიშების გამო სადაზღვეო სექტორის დასახმარებლად ზომების მიღებას არ აპირებს.
ამის შესახებ ნაბიულინამ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
ნაბიულინამ თქვა, რომ დამზღვევთა რისკის ნაწილს საკუთარ თავზე რუსეთის გადაზღვევის ეროვნული კომპანია კისრულობს, რომელიც ქონებას, მათ შორის, დრონების თავდასხმისგანაც აზღვევს.
“მიგვაჩნია, რომ სადაზღვეო სექტორს მთლიანობაში გამძლეობის საკმარისი მარაგი აქვს. […] დიახ, სადაზღვეო კომპენსაციების რაოდენობა იზრდება, თუმცა როგორც სადაზღვეო კომპანიებს, ისევე რუსეთის გადაზღვევის ეროვნულ კომპანიას საკმარისი რესურსი აქვთ, რათა მოთხოვნები დააკმაყოფილონ და ფინანსური მდგრადობა შეინარჩუნონ”. – თქვა ნაბიულინამ.
ცნობისთვის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინამ Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები და საწყობები რუსეთის სხვა ქალაქებშიც დაბომბა, მათ შორის, მოსკოვის ოლქშიც.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს საწყობები რუსულ ჯარს ამარაგებდნენ დრონების კომპონენტებითა და ნავიგაციის აღჭურვილობით.




