“უშენოდ ყველაფერი გაუფერულდა და დაცარიელდა, ჩემო ღიმილიანო ნიკა…”

„მეორე დღეა ჩემი გული და გონება არ იღებს იმ ამბავს, რომ ნიკა ღუნაშვილი აღარ არის… სიტყვებს ვერ ვპოულობ, ტკივილის, უსუსურობისა და მწუხარების განცდა მახრჩობს. იქამდეც მივედით, რომ ღიმილისა და სიცილის გამო საუკეთესო შვილებს გვიკლავენ. რატომ? როდემდე? როგორ მივედით აქამდე?
ორი წლის განმავლობაში ნიკას ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი და მისი დამრიგებელი ვიყავი. ვინც მას იცნობდა, დამეთანხმებიან, რომ ნიკა ყველასგან გამოირჩეოდა. ყველას უყვარდა. უბრალოდ შეუძლებელი იყო, არ გყვარებოდა სიკეთით, სითბოთი, სიყვარულით სავსე ბიჭი. სიცილიც განსაკუთრებული იცოდა – გულიანი, გემრიელი, გადამდები… სწორედ სიცილის გამო მოკლეს… აქამდეც მივედით, უფრო სწორად, დავეცით…
ნიკა ისეთი ბიჭი იყო, სხვის გამო დაუფიქრებლად გასწირავდა თავს. ყველას გვერდში მდგომი იყო, ყველას დამცველი. ჩვენ კი ვერ დავიცავით, ვერ გავუფრთხილდით, ბოროტებას უფლება მივეცით, რომ კიდევ ერთი გამორჩეული სიცოცხლე გაენადგურებინა. სიხარულითა და სიყვარულით სავსე ბიჭი ჩვენს მოურჩენელ ტკივილად იქცა… ქვეყნის მომავალს გვიკლავენ და ჩვენ ამის უფლებას ვაძლევთ.
უშენოდ ყველაფერი გაუფერულდა და დაცარიელდა, ჩემო ღიმილიანო ნიკა…“, — წერს მარინა ნაკაიძე, ვერაზე მოკლული 17 წლის ბიჭის, ნიკა ღუნაშვილის მასწავლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ