ფსიქოლოგი, პროფესორი, ჯანა ჯავახიშვილი:
1) პირველი პერსპექტივა: ბულინგი, ანუ აბუჩად აგდება.
არც თუ ისე იშვიათად ისე ხდება ხოლმე, რომ ბულინგის სამიზნეს უგროვდება სტრესი, რაღაც მომენტში გადმოხეთქავს და შეიძლება აგრესორზე იძალადოს კიდევაც.
ხშირად, ამ ამბის მხოლოდ ეს ნაწილი ჩანს გარშემომყოფთათვის (ყურადღება და აღქმა შერჩევითია) და ბულინგის მსხვერპლს აღიქვამენ ხოლმე პირველად აგრესორად. ჩაგვრა და უსამართლობა არის კიდევაც აგრესიის რისკის ფაქტორები.
აღდგენითი მართლმსაჯულების პროექტებში ვისაც უმუშავია, კარგად იცნობს სიტუაციას – არასრულწლოვანი ძალადობის გამო ხვდება მართლმსაჯულების სისტემაში, აღდგენითი მართლმსაჯულების ფორმატში “მსხვერპლისთვის” ბოდიშის მოსახდელად ამზადებ, მაგრამ რომ მოიკვლევ სინამდვილეში რა მოხდა, აღმოაჩენ, რომ პირველადი მსხვერპლი თავად ის არის. როგორი უსამართლობის განცდა უჩნდება ხოლმე მედიატორს, როცა არასრულწლოვანმა ბოდიში თავისივე აგრესორსა და აბუჩად ამგდებს უნდა მოუხადოს, ასიმეტრიულად.
ასე ხდება ხშირად პოლიტიკური ძალადობის კონტექსტშიც. მაგალითად, მზიამ გააწნა სილა დგებუაძეს, მაგრამ ეს იყო სისტემის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების ჩაგვრის, აბუჩად აგდებისა და განადგურების საპასუხო სასოწარკვეთილი ჟესტი. მზიაა აგრესორი, თუ სისტემა?.. მზიას ვინც ძრახავს – სილა როგორ გააწნაო ადამიანს, როგორ “განაცდევინა ტკივილიო” – კარგად ვიცით, ვინც არიან. ამას განმარტება არ უნდა.
2) მეორე პერსპექტივა: ომი.
ბევრმა არ იცის და ვერც ვხვდება, რომ რუსეთ-საქართველოს ომი არ შეწყვეტილა. “აბა ომი გინდა” ირწმუნეს. როგორც მცოცავი და რეალური ოკუპაცია გრძელდება (ამასც კი თვალს უხუჭავენ უკვე), ისე გრძელდება და არასდროს შეწყვეტილა რუსული ჰიბრიდული ომი ჩვენი სახელმწიფოებრივობის წინააღმდეგ.
ჰიბრიდული ომის ფარგლებში ახლა ხდება არა მხოლოდ სტრატეგიული ობიექტების რუსეთზე გასხვისება, და საკანონმდებლო ცვლილებებისა და “რეფორმების” ინიცირება რომელიც გვაცილებს დასავლეთს (და თურქმენეთს გვაახლოებს), არამედ, აგრეთვე, საქართველოს ეთნიკური, კულტურული, და ენობრივი ლანდშაფტის ცვლილება.
დიდი ოდენობით რუსების ჩამოსახლება საქართველოში ე.წ. “რუსკი მირის” ჩანერგვას ნიშნავს, რაც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიზანი და უკვე დამდგარი სავალალო შედეგია. რუსეთმა ვერ აიღო უკრაინა სამ დღეში, მაგრამ სრულად დაიკავა საქართველო უკანასკნელ წლებში. თუ არ გჯერათ, უბრალოდ გაიხედ-გამოიხედეთ, ოღონდ თვალებსა და ყურებს ნუ დახუჭავთ.
არა აქვს მნიშვნელობა, რომ ეს ერთი შეხედვით უკონტროლო მიგრაცია ომის საბაბით ხდება – სამწუხაროდ, შეუქცევადი ცვლილებები უკვე სახეზეა, საქართველოს ყველა რეგიონში.
ომი ომია. ომში ქალი ჯარისკაცი თუ გესვრის მამაკაც ჯარისკაცს – არ უნდა უპასუხო, არა? პირიქით, უნდა მიხვიდე მასთან, ხელზე ეამბორო, დახმარება შეთავაზო (შენ არ შეწუხდე, მე თვითონ გავირტყავ ტყვიასო?). ანუ, ეს არის ქართველობა? მოკლედ, არ უნდა “იძალადო” მეორე მხარის ჯარისკაცზე, რომელიც შენზე ძალადობს (ანუ, გესვრის), თუ ის ქალია?..
რუსი ჩამოსახლებულების, ქალებისაც და კაცებისაც, ინფორმაციაც და გამოცდილებაც ისეთია, რომ ადგილობრივი სამართალდამცავები მათ ინტერესებს იცავენ ქართველი მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომ იღებენ ხოლმე ვიდეოებს ასე გამეცადინებულად – იციან, რომ სინამდვილის რა ნაწილსაც აჩვენებენ, სრული სურათიდან ამოჭრილს, იმ ნაწილით გაამართლებს ის სისტემა, რომელსაც მზია – და სხვებს უბრალოდ აღარ ჩამოვთვლი – ციხეში ყავს.
ჰიბრიდული ომის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური სპეცოპერაციების გამო უკვე იმდენად აღრეულია ორიენტირები, და დაბნეულია მოსახლეობა, რომ ომის, სისტემური პოლიტიკური უსამართლობისა და ჩაგვრის კონტექსტს განიხილავენ გენდერული ძალადობის ფორმატში.
ზუსტად იგივე ფენომენია, პრორუსულ, კრემლიდან დაფინანსებულ-მართულ, ქართული სახელმწიფოებრივობის წინააღმდეგ მომუშავე მტრულ ძალებს რომ “პოლიტიკურ პლურალიზმად” ნათლავენ, ხოლო პრორუსულ ანტიდასავლურ პროპაგანდას კი “აზრისა და სიტყვის თავისუფლებად”.
რაც მთავარია, იმის შეხსენებას, რომ ომში ვართ, ნათლავენ “ძალადობის გამართლებად”.




