17 ივლისს, EDU.ARIS.GE-მ რეგიონის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის წერილი მიიღო, რომელიც მათემატიკაში მასწავლებლის საგნის გამოცდის (VII-XII) თაობაზე გვწერს და არაერთი სხვა პედაგოგის მოსაზრებას გვიზიარებს იმის შესახებ, რომ საგამოცდო ტესტები იმდენად რთულად იყო შედგენილი, როგორიც მათთვის მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო, რადგან “მასწავლებლის სახლში” გამოცდისთვის გავლილი ტრენინგის ფარგლებში მათ სულ სხვა, დამაიმედებელი ინფორმაცია მიაწოდეს.
რა პრეტენზიები აქვთ მასწავლებლებს
“ძალიან გულდაწყვეტილები ვართ მასწავლებლები მათემატიკა 7-12 გამოცდის გამო.
მასწავლებლის სახლმა ტრენინგები რომ ჩაგვიტარა, დაგვაიმედეს, ბოლო 5 წლის მსგავსი იქნება, შეიძლება, კიდევ უფრო გამარტივებულიცო. თუმცა რეალობა სულ სხვაა, ისეთი რთული ტესტი დაგვიდეს, უმეტესობა ადგა და ცარიელი ფურცელი დატოვა. მაღალ ქულიანი საკითხებიც ისეთი რთული იყო, ალბათ, მასწავლებლების მეასედი ნაწილი თუ ჩააბარებს. რატომ გაიმეტეს მასწავლებლები ასე, ჩვენ ხომ ბოლო შანსი გვქონდა ძველი ანაზღაურების მისაღებად? იქნებ მიაწვდინოთ ჩვენი ხმა! სკოლები კადრის გარეშე დარჩება!”, – გვწერდა პედაგოგი.
გარდა ამისა, ტესტებში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს მათემატიკის სპეციალისტი ნანა დაბრუნდაშვილი, რომელიც გამოცდაზე გასული პედაგოგების ინფორმაციაზე დაყრდნობით, საგულისხმო ინფორმაციას აქვეყნებს.
ვიდრე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავუკავშირდებოდით, ვეცადეთ, ტესტირების მონაწილე სხვა გამოსაცდელების პოზიციებიც მოგვესმინა.
ძიების პროცესში აღმოჩნდა, რომ საგამოცდო ტესტით უკმაყოფილო მრავალი სხვა მასწავლებელია, რომლებიც თავიანთ პოზიციას როგორც საჯაროდ, ისე დახურულ ჯგუფებში აფიქსირებენ და რეაგირებასაც მოითხოვენ. არაერთი პედაგოგი თვლის, რომ ასეთი ტესტის გამოცდაზე მოტანა წინასწარ გათვლილი იყო და გამოსაცდელების ჩაჭრას უწყობს ხელს.
ტრენერი, მათემატიკოსი მანანა ხვედელიძე იმასაც ამბობს, რომ 2026 წლის მათემატიკის გამოცდა სირთულეზე მეტად სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. თუმცა ადასტურებს, რომ წლევანდელი მათემატიკის გამოცდა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, იგი მოითხოვდა საფუძვლიან საგნობრივ ცოდნას, ყურადღებას, დროის სწორ განაწილებასა და სხვადასხვა თემას შორის სწრაფად გადართვის უნარს.
“თუმცა პროფესიონალი მათემატიკოსისთვის მისი ჩაბარება დაუძლეველი ამოცანა არ უნდა ყოფილიყო. ასევე მოითხოვდა ამოცანის პირობის სწორ წაკითხვასაც (მაგ. 27 ამოცანა, რომელის პირობის არასწორად გაგებამაც ბევრს დრო და ქულაც დააკარგვინა). გვესმის, რომ მათემატიკის ტესტების შედგენა გაცილებით რთულია, რადგან ფორმულებსა და მაგალითებს სპეციალური პროგრამით ვწერთ. სამიანსა და ლოგარითმს შორის “space” აუცილებელი იყო. მაგრამ მხოლოდ ტესტის სირთულეზე საუბარი არასაკმარისია.
ამ გამოცდას განსაკუთრებული ემოციური წნეხი ახლდა, რადგან იგი პირდაპირ უკავშირდება მასწავლებლის დანამატს და, შესაბამისად, მის შემოსავალს. როცა გამოცდის შედეგზე ოჯახის ბიუჯეტი და უკვე მოპოვებული ანაზღაურება ხდება დამოკიდებული, გამოცდა მხოლოდ ცოდნის შემოწმება აღარ არის – იგი ადამიანისთვის ფინანსურ და ფსიქოლოგიურ ბრძოლადაც იქცევა. წელს გაზაფხულზე ბევრმა მასწავლებელმა გაიგო ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც მათემატიკის I–VI კლასების კომპეტენციის მქონე პედაგოგს დანამატი აღარ უნაზღაურდება მაშინ, როდესაც იგი მაღალ საფეხურზე ასწავლის. ეს ინფორმაცია ადამიანებს გაცილებით ადრე რომ სცოდნოდათ, ბევრს ექნებოდა შესაძლებლობა, სათანადოდ მომზადებულიყო VII–XII კლასების გამოცდისთვის. ამიტომ სახელმწიფოსგან გვჭირდება არა მოულოდნელი გადაწყვეტილებები, არამედ გონივრული, თანმიმდევრული და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა”, – აცხადებს მანანა ხვედელიძე.
პედაგოგები ტესტურ დავალებებს კრიტიკულად აფასებენ და სირთულესთან ერთად, კონკრეტულ გაურკვევლობაზეც მიუთითებენ:
– არცერთ წელს ასეთი 7-ქულიანი დავალება არ ყოფილა;
– მიუხედავად იმისა, რომ ტესტი რთულად მეჩვენა, ლოგარითმულ უტოლობაში 3-იანი კოეფიციენტად ეწერა და არა ხარისხის მაჩვენებლად.
– სასაცილო, უფრო სწორედ, სატირალი ის იყო, რომ ბოლო ლოგარითმულ სამუშაოზე ზუსტად 15 წუთი იყო დარჩენილი და შემოდის ქალბატონი, რომელიც აცხადებს, რომ აქ არ გეგონოთ კუბური ფესვი, ის სამიანი გამრავლებით უნდა იყოსო.
– ამოვიღოთ ხმა, ლოგარითმის გაუმართაობა თვითონვე აღიარეს, რადგან შემოვიდნენ გაგვაფრთხილეს, შემოვიდნენ და ქულა უნდა აწიონ.
– მინდა ვთქვა ის, რომ მასწავლებლის სახლის ფუქნცია არ უნდა ყოფილიყო გასული წლების ტესტების გარჩევა. მათი მოვალეობა უნდა ყოფილიყო, ის მასალები დაემუშავებინათ და მიეთითებინათ, რომლებიც საერთოდ არ ყოფილა ან თითქმის არ ყოფილა გასულ წლებში. მაგრამ არა, ისინი იმეორებდნენ, რომ მოსალოდნელია ისევ მსგავსი საკითხები და ტესტები.
– დაგვცინიან და სხვა არაფერი. რად გვინდოდა არაფრისმომცემი ვითომ ტრენინგები, ვიღაცებს მუშაობაში რომ ჩაეთვალოს?!
– თავად დიპლომიც კი არ აქვთ, გამოცდის ჩაბარებაზე ხომ ზემდეტია ლაპარაკი. და მათი ხელფასები 30 ათასს სცდება. უბრალო სკოლის პედაგოგს გამოცდა მოუწყო გამოსაჭერი ამოცანებით, ეს არამარტო არაადეკვატური, მგონი ღირსებისშემლახველიც არის, მაგრამ ჩვენ, მასწავლებლები ხომ დაბალ ღობედ ჩამოვყალიბდით ამ წლებში. არც არავინ გვეკითხება რამეს და არაფრად გვაგდებს.
– რათ უნდოდათ ამხელა ხარისხები, ვიფიქრე, შემეშალა და წინ კუბი წერიათქო, მერე მაგაზე გადავერთე და ორივე ვარიანტის განხილვაში იმხელა დრო გამეპარა, დამრჩა სხვები ამოუხსნელი. იმ პატარა კომპიუტერში ძალიან გაურკვევი იყო კოეფიციენტი იყო თუ ხარისხი. ვბრაზობ, მაგ ამოცანამ შემიწირა. თან ვამბობდი, რას ქვია, ლოგარითმული უტოლობის ამოხსნას რა უნდა?! რა სისულელე იყო ამხელა ხარისხებიანი პასუხი.
– სად არის ნახსენები პროგრამაში ოკესაედრი? რაში დასჭირდათ ეს ამოცანა, ან არკებზე როდის ან სად გაირჩა მასეთი განტოლებები. ღვაბერიძე და ნებისმიერ მათემატიკის მოსამზადებელ წიგნებში მწირი მასალაა არკსინუსზე, რა შემოაგდეს ეს განტოლება. ჩასმიდან ჩასმა, ისევ ჩასმა და სადღაც შეგეშლება. ასეთი მახე ადრე იყო დაგებული, პასუხები რომ დაგაბნევდა. წელს ისევ შემოაგდეს, არაა გაიოლებული, პირიქით… ან ეს ვექტორებზე.
– გაგვწირეს ჩვეულებრივად. არანაირი მსგავსება. ბევრად რთული იყო მაღალქულიანებიც და ერთქულიანების ნაწილიც, გააკეთოს განმარტება მასწავლებლის სახლმა.
რას პასუხობს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
EDU.ARIS.GE-ს კითხვას NAEC-მა სწრაფი და კონკრეტული პასუხი გასცა.
“მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის განკუთვნილი მათემატიკის ტესტის (VII–XII კლასები) ყველა დავალება კორექტულია, მათემატიკურად გამართულია და სრულად შეესაბამება საგამოცდო პროგრამას.
რაც შეეხება სირთულეს, ექსპერტული შეფასებით დაახლოებით წინა წლების საგამოცდო ტესტების სირთულის დონის მსგავსია”.




