39 წელი არარსებული დანაშაულისთვის და ცრემლები სასამართლო დარბაზში – ცრუ ბრალდების გამო მათ ახალგაზრდობა ციხეში გაატარეს

ეს არც ჰოლივუდური დრამის სცენარია და არც გამოგონილი ისტორია – ხშირად ამბობენ, რომ ეს ამერიკის მართლმსაჯულების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, თუმცა, ამავდროულად, ადამიანური სიმტკიცის საოცარი გამარჯვების რეალური ამბავია. ისტორია ადამიანებზე, რომლებმაც საპყრობილეში ახალგაზრდობა და ცხოვრების საუკეთესო წლები დატოვეს, თუმცა სისტემამ მათი გატეხა მაინც ვერ შეძლო…

1975 წლის 19 მაისს, ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პატარა სასურსათო მაღაზიის წინ, ბიზნესმენი ჰაროლდ ფრანკსი მოკლეს, რომელსაც იქ ფულადი გზავნილები მიჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორმა შავკანიანმა მამაკაცმა მას სცემა და სახეში მჟავა შეასხა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა იარაღიდან ორჯერ ესროლა. თავდამსხმელმა კიდევ ერთი ტყვია ისროლა, რომელიც მაღაზიის მფლობელის მეუღლეს, ანა რობინსონს მოხვდა. მამაკაცებმა ფრანკსის საფულე მოიპარეს და მწვანე ფერის ავტომობილით გაიქცნენ, რომელსაც მესამე პირი მართავდა.

პოლიციამ ცხელ კვალზე ვერავინ დააკავა. საქმეში არანაირი ნივთიერი თუ ფოტო მტკიცებულება არ არსებობდა. სამართალდამცველებს არც თითის ანაბეჭდები, არც მოპარული საფულე, არც მწვანე ავტომობილი და არც მკვლელობის იარაღი არ უპოვიათ.

გამოძიება მთლიანად დაეყრდნო იმავე უბანში მცხოვრები გაზეთების დამტარებელი ბიჭის, 12 წლის ედი ვერნონის ჩვენებას, რომელიც ამტკიცებდა, რომ დანაშაულის ჩადენას თავად შეესწრო. ბავშვმა პოლიციის მუქარისა და ძლიერი ზეწოლის შედეგად ხელი დაადო 18 წლის რიკი ჯექსონსა და მის ორ მეზობელ ძმას – 17 წლის რონი და 20 წლის ვაილი ბრიჯმენებს.

უბნელი მოზარდი გოგონა, კერენ სმიტი, ინციდენტამდე მაღაზიის წინ ორ ახალგაზრდა შავკანიან მამაკაცს კი ხედავდა, თუმცა სასამართლოში ჩვენების მიცემისას მან განაცხადა, რომ მათ საერთოდ არ იცნობდა. ბრიჯმენებსა და ჯექსონს კი ძალიან კარგად იცნობდა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მხოლოდ 12 წლის ბავშვის ჩვენება იკმარა.

რიკი ჯექსონს უშუალოდ სროლა ედებოდა ბრალად, რონი ბრიჯმენი თავდასხმაში მონაწილე მეორე პირად იქნა მიჩნეული, ხოლო მის უფროს ძმას, ვაილის, მკვლელების დახმარება და ავტომობილის მართვა დაჰბრალდა. 1975 წელს სამივეს სიკვდილით დასჯა (ელექტროსკამი) მიუსაჯეს. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნაფიც მსაჯულებს საქმის განხილვისას არასწორი მითითებები მიეცათ, ჯექსონს და ძმებ ბრიჯმენებს განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

ძმები ბრიჯმენები იმ უბანში, სადაც ისინი დედასთან – ბესი მეი ბრიჯმენთან, დასთან და კიდევ ერთ ძმასთან ერთად ცხოვრობდნენ, “ძალიან კარგ და ზრდილობიან ბიჭებად” ითვლებოდნენ. რონის პროფესიულ სასწავლებელში ზეინკლის სპეციალობა ჰქონდა შესწავლილი, ხოლო ვაილი საზღვაო ქვეითთა რიგებიდან ჯანმრთელობის გამო საპატიოდ იყო დათხოვნილი. არც ძმებს და არც რიკი ჯექსონს კანონთან პრობლემები მანამდე არასოდეს ჰქონიათ. პატიმრობის პერიოდში მათ უდიდესი ტრაგედია გადაიტანეს – მათი მამა 1974 წელს, ხოლო დედა 1990 წელს ისე გარდაიცვალა, რომ შვილების გათავისუფლებას ვერც ერთი მოესწრო.

რიკი ჯექსონმა საპყრობილეში 39 წელი, 3 თვე და 9 დღე გაატარა – ეს ამერიკის ისტორიაში უდანაშაულო ადამიანის მიერ მოხდილი ყველაზე ხანგრძლივი სასჯელია. საკანში გამოკეტილი რიკი ყოველდღე წიგნებს კითხულობდა და დაუღალავად სწერდა წერილებს ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს. როგორც თავად იხსენებდა:

საკანშიჩემიცხოვრებისიმედებიიმდღესვემოკვდაროცაციხისკარიჩაიკეტამაგრამჩემშიყოველთვისგიზგიზებდაერთიპატარანაპერწკალი – სიმართლისიმედირომელიცფარხმლისდაყრისსაშუალებასარმაძლევდა“.

მისი მეგობარი, რონი ბრიჯმენი, ციხეში ყოფნისას განათლებაზე კონცენტრირდა და სახელიც შეიცვალა – მან კვამე აჯამუ დაირქვა. საპატიმროში 28 წელი გაატარა და 2003 წელს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას მიაღწია. კვამემ საოფისე სამუშაო იშოვა, ცოლი შეირთო, სახლი იყიდა და ახალ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწია, თუმცა მისი მთავარი მიზანი ძმისა და მეგობრის დახსნა იყო. მისი უფროსი ძმა, ვაილი, 27-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 2002 წელს პირობითით კი გაათავისუფლეს, თუმცა საპატიმროში სრულად დაზიანებული ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო, მას ახალ გარემოსთან ადაპტაცია გაუჭირდა. წვრილმანი დარღვევის გამო იგი ციხეში კვლავ დააბრუნეს, სადაც კიდევ 10 წელზე მეტი დაჰყო.

სამართლიანობის აღდგენის პროცესი 2011 წელს დაიწყო, როდესაც კაილ სვენსონმა ჟურნალ Cleveland Scene-ში გამოაქვეყნა ვრცელი საგამოძიებო ანგარიში ამ საქმის ხარვეზებსა და მოწმის ჩვენების აბსურდულობაზე. საქმეში დაუყოვნებლივ ჩაერთო ორგანიზაცია “ოჰაიოს უდანაშაულობის პროექტი” (The Ohio Innocence Project).

გარდამტეხი მომენტი 2013 წელს დადგა, როდესაც მთავარმა მოწმემ, ედი ვერნონმა, საავადმყოფოში მასთან სტუმრად მყოფ სასულიერო პირთან აღსარებისას დანაშაულის გრძნობას ვეღარ გაუძლო და ტყუილი აღიარა. 2014 წლის 18 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მან ტირილით განაცხადა, რომ მკვლელობის დროს ის სხვა ბავშვებთან ერთად სასკოლო ავტობუსში იჯდა, რომელიც დანაშაულის ადგილიდან ერთი კვარტალის მოშორებით იდგა და ფიზიკურად ვერაფერს დაინახავდა. ვერნონმა დაადასტურა, რომ სახელები მას მეგობარმა უკარნახა, ხოლო დეტექტივებმა მუქარითა და ძალადობით აიძულეს, უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.

2014 წლის 20 ნოემბერს პროკურორებმა ბრალდებების მოხსნის თაობაზე შუამდგომლობა წარადგინეს. მომდევნო დღეს, 21 ნოემბერს, 57 წლის რიკი ჯექსონმა და 60 წლის ვაილი ბრიჯმენმა საპატიმრო საბოლოოდ დატოვეს. გათავისუფლებისას რიკიმ საოცარი სულგრძელობა გამოიჩინა და აღნიშნა, რომ ვერნონი არ სძულდა: ისდღესზრდასრულიმამაკაციამაშინკიუბრალოდბავშვიიყო. 2014 წლის დეკემბერში სასამართლომ რონი ბრიჯმენის (კვამე აჯამუს) განაჩენიც ოფიციალურად გააუქმა და სამივე მამაკაცი სრულად რეაბილიტირებულად გამოცხადდა.

სასამართლო დარბაზში მოსამართლე რიჩარდ ნეიმანმა მათ საჯაროდ მოუხადა ბოდიში: მართლმსაჯულებამამჯერადიმუშავათუმცასაშინლადდააგვიანა.

უკანონო პატიმრობისა და დაკარგული შრომითი შემოსავლის სანაცვლოდ, შტატის სასამართლომ მათ მრავალმილიონიანი კომპენსაციები გადაუხადა. რიკი ჯექსონმა ჯამში 3.65 მილიონი დოლარი მიიღო, ვაილი ბრიჯმენს დაახლოებით 2.4 მილიონი დოლარი გადაეცა, ხოლო კვამე აჯამუს – 2 მილიონი დოლარი. მოგვიანებით, 2020 წლის მაისში, ქალაქი კლივლენდი სამივე მამაკაცს, მიმდინარე სასამართლო დავების დასასრულებლად, ერთობლივად დამატებით 18 მილიონი დოლარის გადახდას დასთანხმდა.

თავისუფლების მოპოვების შემდეგ კვამე აჯამუ აქტიურ უფლებადამცველად იქცა, რომელიც აშშ-ში სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ დღემდე აქტიურად იბრძვის. უფროსი ძმის, ვაილი ბრიჯმენის ცხოვრება კი, სამწუხაროდ, მაინც ტრაგიკულად გაგრძელდა – 2019 წლის აპრილში მას ბრალი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანის მკვლელობისთვის წაუყენეს. ვაილი ბრიჯმენი 2021 წლის 27 ივნისს გარდაიცვალა.

რიკი ჯექსონის წარმოუდგენელი გამძლეობისა და ცხოვრების შესახებ რეჟისორებმა დოკუმენტური ფილმი “საყვარელი ჯექსონი” (Lovely Jackson) გადაიღეს, რომელიც ეკრანებზე 2022 წელს გამოვიდა და კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს, რომ სისტემა შეიძლება შეცდეს, მაგრამ ადამიანის, რომელსაც საკუთარი სიმართლის სჯერა, გატეხა შეუძლებელია.