თელავში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, გირაოს ოდენობა 5 000 ლარს შეადგენს.
ბრალდებულ ჭიღლაძის მიმართ თელავის რაიონული სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დიდი ალბათობით, ხვალ იმსჯელებს.
„დაკავებულს ბრალი წარედგინება 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და როგორც აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე არის პრაქტიკაში, აღკვეთის ღონისძიების სახით აქაც მოვითხოვთ გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით 5000 ლარის ოდენობით”, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში.
ცნობისთვის, თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამათლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
ამასთან, ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან მიმართებითაც.
შსს-ს ცნობით, მრელაშვილი პოლიციის განყოფილებაში ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებოთ მოწმის სახით იკითხებოდა, რა დროსაც მან უარი განაცხადა განყოფილებაში დიდი ხნით დარჩენზე, ამის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.




