„ხვალ ვინმე მშენებელმა, რომელსაც ჩაბარდება სხვა სკვერის რეაბილიტაცია და სხვა ფანტანზე იქნება პასუხისმგებელი, მან რა გზავნილი მიიღო? – მან მიიღო გზავნილი, რომ თუ ხელს არ დაადებს, მაგალითად, ქალაქის მერს, თუ იქნება ჩუმად, თუ ზემდგომებს არ დაასახელებს, თუ საზოგადოება ძალიან აღშფოთებული იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს, მაგრამ ეს სასჯელიც ძალიან მალე შეუმცირდება და ციხის უკანა კარიდან გამოიყვანენ,“ – ამბობს იურისტი ანა ნაცვლიშვილი.
მას „ვაკის პარკის საქმეზე“ მსჯავრდებულის გათავისუფლების შემთხვევაზე ვესაუბრეთ, ასევე ხაშურის მაგალითზე: „ოცნების“ ყოფილ დეპუტატს 5 მილიონის მითვისებას ედავებიან, თუმცა იგი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ დროს გირაოს საფუძველზე სასამართლომ არ გაათავისუფლა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელსაც პოლიციელზე სილის გაწვნას ედავებოდა გამოძიება.
მზია ამაღლობელი არც ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. ამ კომისიამ მზია ამაღლობელის შემთხვევა 2026 წლის მარტში განიხილა და გადაწყვიტა: „პატიმარი არ შეიძლება ვადაზე ადრე გათავისუფლდეს“.
უდოს კომისიამ არც რომელიმე სხვა სინდისის პატიმარი გაუთავისუფლებია. მოქმედი კანონმდებლობით, ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები შესაძლებელია პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ, თუკი სასჯელის ნახევარი მოიხადეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის კანონი არ ითხოვს დანაშაულის აღიარებას ან სინანულს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ე.წ. უდოს მექანიზმით ძირითადად „ოცნებასთან“ დაახლოებული ადამიანები სარგებლობენ.
ამ თემაზე „ბათუმელებმა“ უფლებადამცველთან, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრთან, ანა ნაცვლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:
- ქალბატონო ანა, „ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე“ დაპატიმრებული ლაშა ნაცვლიშვილი უდომ გაათავისუფლა სამაჯურით, იგი 2023 წელს დააკავეს, მანამდე 5 მილიონის მითვისებაში ბრალდებული ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე „ოცნებიდან“ 10 ათასი ლარი გირაოთი გაათავისუფლეს… ეს შემთხვევები რას აჩვენებს, შერჩევით სამართალს?
შერჩევითი სამართალი ძალიან მძიმე ცნებაა, უსამართლობის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც ვიღაცას განზრახ მძიმედ სჯი იმიტომ კი არა, რაც მან ჩაიდინა, არამედ იმიტომ, თუ ვინ არის. ასევე, ვიღაცას ათავისუფლებ საკადრისი სასჯელისგან იმიტომ კი არა, რომ დაიმსახურა რაღაც მოცემულობებით, არამედ იმიტომ, რომ „შენიანია“ – ანუ ისევ და ისევ ვინ არის. პრინციპი ასეთია: თუ ჩემია – ვათავისუფლებ ან ვუმსუბუქებ, თუ არ არის ჩემი – მაშინ ვუმძიმებ. ასეთია შერჩევითი სამართლის ადამიანური გაგება.
თუმცა, ვფიქრობ, რაც საქართველოში ხდება დღეს, უკვე გასცდა უსამართლობის იმ დონეს, რომელთან მიმართებაშიც შეიძლება გამოვიყენოთ ეს ტერმინი – „შერჩევითი სამართალი“. ჩვენ გაცილებით უფრო დიდი უსამართლობის ფაზაში ვართ, რომელსაც ეს ტერმინი ვეღარ აღწერს. ტერმინი „პოლიტიკური პატიმარი“ თავისთავად ძალიან მძიმე შინაარსის მატარებელია, მაგრამ ეს ტერმინიც უკვე ვეღარ იტევს იმას, რაც საქართველოში ხდება.
- სინდისის პატიმრების საქმეები და „ოცნებასთან“ დაახლოვებული პირების გათავისუფლება აჩვენებს შერჩევით მიდგომას. თქვენ ამბობთ, რომ ეს აღარაა შერჩევითი სამართალი, რა ეტაპია?
შერჩევითი სამართალი თავის თავში გულისხმობს, რომ რაღაც ფორმით სისტემა ფუნქციონირებს, მაგრამ მას აქვს მძიმე პრობლემები და შერჩევითია, რაღაც საქმეებში. ეს ასე აღარ არის. მართლმსაჯულების სისტემა დღეს საქართველოში საერთოდ აღარ არსებობს.

შინაარსი, რასაც უნდა ატარებდნენ ეს ინსტიტუციები და მათი ქმედებები, გამქრალია. დარჩენილია სასამართლოს შენობა და ადამიანი, რომელსაც აცვია მანტია, დარჩენილია დანაწესი, რომელსაც აქვს გარეგნულად კანონის ფორმა, მაგრამ ამ ყველაფერს შინაარსი აქვს გამოცლილი და წართმეული.
ეს ხომ არ არის ერთი და ორი შემთხვევა? ეს, სამწუხაროდ, არც ბოლო ორი შემთხვევაა, რაზეც თქვენ მკითხეთ. ჩვენ მივედით ამ კონდიციამდე: „ქოთანს საითკენაც გვინდა, იქით მოვაბამთ ყურს“. ეს სამართალი აღარ არის, თუნდაც გამრუდებული და ნაკლული.
უდოზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა: ამას ვიკვლევდი, პარლამენტში როცა ვიყავი – რეგულაციებს, როგორ დგება ეს კომისია, როგორ მუშაობს და რით არის შებოჭილი. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე სურათი არის უდოსთან მიმართებაში. თქვენ, „ბათუმელები“, მაგალითად, რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერს მიჰყვებით, იცით ვინ არიან უდოს კომისიის წევრები? გაგიგიათ, როგორ დაინიშნენ? რა ღირებულებების, რა ღირსების, რა პროფესიონალიზმის მიხედვით დააკისრეს ამ ხალხს ამხელა პასუხისმგებლობა?
მაგალითად, შეწყალების კომისიას რომ შევადაროთ, რომლის მიმართაც სხვადასხვა ეტაპზე მუდმივად იყო საზოგადოების დიდი ინტერესი და ხშირად კრიტიკაც, ზოგჯერ დამსახურებული – ყოველ შემთხვევაში, ვიცოდით ვინ იყო თავმჯდომარე, ვინ იყვნენ კომისიის წევრები და რა პროცესი იყო. კომისიის თავმჯდომარეები, როგორც წესი, გამოდიოდნენ და სიას საჯაროდ კითხულობდნენ. საზოგადოება ამას აფასებდა, ანუ ადამიანს ვხედავდით, ვხედავდით, ვინ აიღო პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე პრეზიდენტის გარდა.
უდოზე რა ვიცით დღეს, საზოგადოების წევრებმა? – ეს არის ბერმუდის სამკუთხედი, სადაც საერთოდ იკარგება სამართალი. ნებისმიერი პირი შეიძლება აღმოჩნდეს ამ ბერმუდის სამკუთხედში, თუ ჩაითვლება ხელისუფლების მხრიდან, რომ ვიღაც უნდა გავუშვათ, თან გავუშვათ ისე, რომ ამის შესახებ მედია თუ არ გაიგებს, საზოგადოება ვერც ვერასოდეს ვერ გაიგებს ვერაფერს.
სისტემას განზრახ აქვს შექმნილი მექანიზმები, რომელიც ფორმით ვითომ სამართლებრივია, მაგრამ შინაარსით კრიმინალურია.
რომ გადავხედოთ საბჭოთა კავშირს, გინდა სხვა რეჟიმებს, რომელიც ისტორიულად აღიარებულია, როგორც ავტოკრატიული თუ დიქტატორული, ვინმეს ჰგონია, რომ იქ არ არსებობდა დოკუმენტები, რომელსაც ჰქონდა კანონის ფორმა? ვინმეს ჰგონია, რომ იქ არ არსებობდა მანტიამოსხმული ადამიანი, რომელიც სასამართლო პროცესს წარმართავდა? – არა, ყველაფერი ეს არსებობდა, ანუ ფორმები არსებობდა, მაგრამ შინაარსი ჰქონდა წართმეული.
- უშვებთ, რომ სამართლის სახელით ჩვენ მივიღოთ იმავე მასშტაბის სისასტიკე, რაც წარსულში გამოვიარეთ?
რა თქმა უნდა. მოსამართლეების ძალაუფლება დღეს სად იწყება და სად მთავრდება? – ჩაქუჩი დააბრახუნოს, თუ დარბაზში ვინმე პროტესტს გამოთქვამს და გააძევოს დამსწრე, მათ შორის, ბრალდებული. აი აქ იწყება და აქ მთავრდება დღეს მოსამართლეების ძალაუფლება. მათ არც შინაარსი მოეკითხებათ და არც არაფრის გადაწყვეტილების უფლება არ აქვთ. დათმობილია ეს ყველაფერი.
- როგორ შეიძლება დაინახოს პრობლემა მოქალაქემ ასე მწვავედ, რომ „ოცნებამ“ მართლმსაჯულების სისტემა სამართლის მიღმა დატოვა?
შადრევნის საქმე უმძიმესია – ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხაშურის საქმე კი, მძიმე კორუფციული საქმეა. შადრევნის ტრაგედიის და ბევრი სხვა ტრაგედიის უკანაც, გარდა სხვა პრობლემებისა, დგას კორუფცია. სინამდვილეში კორუფცია არის მკვლელი დანაშაული.
ჩვენ გვგონია, რომ კორუფცია არის მხოლოდ ფულის ერთი ჯიბიდან მეორეში უკანონოდ გადასვლა. სინამდვილეში, კორუფცია არის მკვლელი დანაშაული – საქართველოში მომხდარი ტრაგედიების უდიდესი ნაწილის უკან იდგა სწორედ კორუფცია.
საზოგადოებამ უნდა დასვას შეკითხვა: რა ლოგიკაა ამის მიღმა, როცა კონკრეტული პირები უფრო ადრე თავისუფლდებიან, ვიდრე ეკუთვნოდათ? ამით სახელმწიფო რა ტიპის პასუხისმგებლობას იღებს – აღარ მოხდება ხვალ ასეთი დანაშაულები? ადამიანი, რომელიც გამოძიებამ დაადგინა და სასამართლომ დაადასტურა, რომ „შადრევნის საქმის“ დანაშაულების უკან იდგა და მერე სახელმწიფო მას უშვებს, არც არავინ თვლის თავს ვალდებულად საზოგადოებას აუხსნას ეს ყველაფერი, მით უფრო მსჯავრდებული: რით დაიმსახურა ასეთი გამონაკლისი?
ეს რა გზავნილია სახელმწიფოდან? ხვალ ვინმე მშენებელმა, რომელსაც ჩაჰბარდება სხვა სკვერის რეაბილიტაცია და სხვა ფანტანზე იქნება პასუხისმგებელი, მან რა გზავნილი მიიღო? – მან მიიღო გზავნილი, რომ თუ ხელს არ დაადებს, მაგალითად, ქალაქის მერს, თუ იქნება ჩუმად, თუ ზემდგომებს არ დაასახელებს, თუ საზოგადოება ძალიან აღშფოთებული იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს, მაგრამ ეს სასჯელიც ძალიან მალე შეუმცირდება და ციხის უკანა კარიდან გამოიყვანენ.
საიდან უნდა მივხვდეთ, რომ სისტემა არ მუშაობს? – დანაშაული როცა მოხდა, ერთია, რომ დაისაჯოს დამნაშავე და დაისაჯოს ჩადენილი დანაშაულის პროპორციულად და მეორე: დაისაჯოს იმგვარად, რომ სხვას აღარ მოუნდეს ისეთი დანაშაულის ჩადენა, ანუ შეაკავოს შემდგომი დანაშაულები. შენ ამ ტიპის ადამიანებს ასე, უკანა კარიდან გამოაპარებ მხოლოდ იმიტომ, რომ შენიანად მიგაჩნია და არა იმიტომ, რომ რამე საჯარო ინტერესს იცავ.
- იკვეთება თუ არა პირდაპირ კორუფციის რისკი ხაშურის შემთხვევაში? – „ოცნების“ ყოფილ დეპუტატს ჯგუფურად 5 მილიონის მითვისებას ედავებიან და გაათავისუფლეს გირაოთი. თანაც, ეს კაცი პატიმრობაში იყო 8 თვე. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, რადგან ბრალდებული პატიმრობაში აღარ იქნება, შესაძლოა ეს საქმე წლობით თაროზე შემოდონ.
ეს არის ზუსტად: თუ სისტემის ნაწილი ხარ, სისტემა მოგერგება შენ. ამით სახელმწიფოს რა გზავნილი აქვს? ხვალ ვინმე უფრო დაფიქრდება, რომ სასჯელის შიშით არ ჩავიდინო იგივე დანაშაული? – პირიქით, უფრო მეტს მოიპარავს: ბევრს რომ მოიპარავს მერე გასაყოფიც მეტი დარჩება.
მესიჯი არის ეგ, რომ მეტი უნდა მოიპარო, მეტი ქსელები უნდა გააბა, მეტი უნდა დააშავო და რაც მეტი გექნება გასაყოფი, რაც მეტი თანამონაწილე გეყოლება დანაშაულში, იმათთვის ხელის დაფარებით, ჩუმად ყოფნით და ა.შ. უფრო გექნება სავაჭრო, რომ გარეთ გამოხვიდე მალე.
სისტემა თავის ფუნქციას აღარ ასრულებს. იმის მაგივრად, რომ შეაკავოს მომავალი დანაშაულები, პირიქით, აგზავნის მესიჯს, რომ ნებისმიერი დანაშაული შეიძლება იყოს „მოგვარებული“, თუ საკმარისად ჭკვიანურად, ანუ კრიმინალურად იმოქმედებს ადამიანი.
- როგორ შეიძლება მართლმსაჯულების სისტემა, როგორც საფრთხე, შეეხოს მოქალაქეს? საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ თუ არ გამოხატავენ პროტესტს და იტყვიან: „პოლიტიკაში არ ვერევი“, შესაძლებელია, ვიღაც უსამართლოდ კი დასაჯონ, მაგრამ მათ ეს არ შეეხება.
კი, ზუსტადაც საფრთხეა ეს სისტემა. ჩვენ უკვე გადავედით იმ ეტაპზე, როცა შერჩევითობა კი აღარ არის, არამედ უკვე არის წყობიდან გამოსული მართლმსაჯულების სისტემა და თავის ფუნქციის შესრულების ნაცვლად სამართალს კლავს. სამართლის მკვლელია ეს სისტემა. იმ ეტაპზეა გადასული უკვე, რომ ერთეულებს კი არ უმიზნებს მარტო, ვინც არის საზოგადოებრივად აქტიური, არამედ გზაზე ვინც შემოხვდება, ყველასთვის საშიშია. უკვე ის ეტაპია, როდესაც ნებისმიერი, აბსოლუტურად აპოლიტიკური მოქალაქეც კი – შეიძლება გახდეს სამიზნე.
საერთოდ, როცა ინსტრუმენტების გროვად გადაიქცევა სისტემა, მას მუდმივად სჭირდება „საკვები“, რომ კუნთები ათამაშოს. დაილევა ეს რესურსი: პოლიტიკოსები, აქტივისტები, ენჯეო სექტორი, ჟურნალისტები, აღარ არის ამდენი „საკვები“ ქვეყანაში, სისტემა გადავა ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეზე.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას რომ გადავხედოთ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფუნდამენტური და მძიმე ნაკლი, რაც ჰქონდა ახალ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც რაღაცნაირად ცდილობდა დემოკრატიულ რელსებზე შედგომას, იყო ზუსტად ის, რომ მართლმსაჯულების მისია ვერ გავიაზრეთ. ყველა ეტაპზე ვერავინ ვერ გაუძლო ცდუნებას, რომ მართლმსაჯულება დაეტოვებინა ხელშეუხებელი და მართლა იმ მისიით, რა მისიაც უნდა ჰქონდეს რეალურად მართლმსაჯულების ინსტიტუციას.
ახლა რაც ხდება, საერთოდ გაუგონარია და არცერთ ეტაპს ამას არ შევადარებ, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაფიო გაკვეთილია, რომ სახელმწიფოს საძირკველი შეიძლება შედგებოდეს სულ რამდენიმე ფუნდამენტური საკითხისგან და მართლმსაჯულებაა ამ ყველაფრის თავი და თავი.
მკურნალობის ეტაპზე როცა გადავალთ, როცა ამის შესაძლებლობა იარსებებს, ეს გაკვეთილები ძალიან მკაფიოდ უნდა დავიმახსოვროთ, რადგან ამ სისტემას ახასიათებს ის, რომ ახერხებს თავის გადარჩენას პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად. ეს არის ყველაზე საზარელი ამბავი.
აღარ უნდა მოახერხოს ამ სისტემამ თავი გადაირჩინოს. ეს სისტემა თავიდან ბოლომდე დასანგრევია. მე ძალიან დიდი ხანია ვამბობდი ამას და ახლა, მით უმეტეს ჩანს, რომ ეს არ არის ის, რაც რეფორმას, ან გარდაქმნას ექვემდებარება. არაფერი მასში ჯანსაღი არ არის – დასაშლელი და მოსაშორებელი მონსტრია იმიტომ, რომ მის ნანგრევებზეც კი, ვერაფერი კარგი ვერ აღმოცენდება, ნანგრევებიც იქნება გასატანი.




