8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე სასამრთლოს ჩვენება ბიძინა გიორგობიანმა მისცა – “ნეიტრალური საქართველოს” წევრმა თავდაპირველად, მედიასთან მისი ჩვენების დეტალების შესახებ განმარტების გაკეთება არ ისურვა.
მოგვიანებით, “ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვების საპასუხოდ თქვა, რომ “ნეიტრალურმა საქართველომ” პროკურატურას მხოლოდ თავიანთი “მოსაზრებები” წარეუდგინა.
სავარაუდოდ, წამოცდენის შემდეგ, ბიძინა გიორგობიანმა სიტყვა – “მოსაზრებები” შეცვალა სიტყვით –“ფაქტები”, თუმცა “პირველების” კითხვაზე, თუ რა ფაქტები იქნა მათი მხრიდან ოპოზიციონერების წინააღმდეგ წარდგენილი საგამოძიებო უწყებაში, გიორგობიანმა ვერც ერთი ასეთი ფაქტი ვერ დაასახელა.
მტკიცებულებების მეტი რა არის – ბევრია. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მიგვემართა პროკურატურისთვის. პაგანინს მოგასმენინებთ… ერთად ვაკეთებდით ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს, არავის უთქვამს.
ვარაუდები არ არის, ეს არის ფაქტები. ეს ძალადობრივი ფაქტები, რომლებიც ვიხილეთ თბილისში და მთელმა საქართველომ იხილა.
ჩემი მოსაზრებები მე წარვადგინე პროკურატურაში და დაიწყი გამოძიება. ჩვენ წარვადგინეთ ფაქტები – ბევრი ფაქტი დევს, მაგრამ მე არ დაგისახელებთ”, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
- ცნობისთვის, სწორედ “ნეიტრალური საქართველოს” წარმომადგენლების განცხადების საფუძველზეც დაიწყო საქმის წარმოება პროკურატურამ.
- გამოძიების ეტაპზე, ჩვენებებში, რომელიც “პირველებს” ჰქონდა მოპოვებული, ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი უმტკიცებენ პროკურატურას, რომ “ოცნების” დასანქცირების მიზნით, დასავლეთში გაგზავნილი წერილები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საჯაროდ გაკეთებული განცხადებებები კი მოღალატეობრივია.
ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მხოლოდ ბადრი ჯაფარიძე და ზურა ჯაფარიძე ესწრებიან.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




