რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ განის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. სტუმრები „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ოლეგ ბარციცმა მიიღო.
„გულწრფელად მიხარია, რომ ვუმასპინძლებ განის რესპუბლიკის პატივცემულ წარმომადგენლებს აფხაზეთში. თქვენ გრძელი გზა გაიარეთ და დღევანდელი ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად სასიხარულო და მნიშვნელოვანი მოვლენაა.
ჩვენ ვიცნობთ და დიდად ვაფასებთ განის რესპუბლიკას, როგორც ძლიერ, სტაბილურ და მაღალგანვითარებულ აფრიკულ სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია ძლიერი ეკონომიკური პოტენციალი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ჩვენთვის პატივია და გვიხარია ჩვენი განელი მეგობრების მასპინძლობა“, – თქვა მან.
ამ ვიზიტის ფარგლებში ოკუპირებული სოხუმი განის ერთ-ერთ ქალაქს, სუჰუმს დაუძმობილდა, აფხაზური სააგენტო „აფსნი პრესი“ კი წერს, რომ „სოხუმი და მსგავსი სახელის მუნიციპალიტეტი განაში დაძმობილებული ქალაქები გახდნენ“.




