მედია: რას მალავს “ოცნების” ლიდერი – ჟურნალისტური გამოძიება (ვიდეო)

“ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კირცხალია იმ დროს, როდესაც საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი იყო, პარალელურად, მამის ჩეხურ კომპანიაში დირექტორის თანამდებობას იკავებდა, რაც კანონდარღვევაა.  “შაბათის ეთერის” ხელშია, 2024 წლის 5 ივლისის დოკუმენტი, როდესაც პრაღაში, კომპანია “ნული პრაღას” პარტნიორთა კრება შედგა და კირცხალია დირექტორის თანამდებობაზე სხვა პირით შეცვალეს. კირცხალია პარლამენტის წევრი 2023 წლის 4 მარტს გახდა, ანუ, ერთი წელი და 4 თვე მამის და მისი პარტნიორების ჩეხურ კომპანიაში დირექტორის პოსტს უკანონოდ იკავებდა.

  • “ნოლი ” პრაღაში, პრიჟსტავუს ქუჩის 7 ნომერშია რეგისტრირებული. კომპანიის 70-პროცენტიანი წილი ირაკლი კირცხალიას მამას ეკუთვნის.  10 პროცენტი გაფორმებულია იოსებ კირცხალიას ბიზნესების მმართველის, ვასილ ჯალაღონიას სახელზე, 20-პროცენტიან წილს კი “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენი, “მეამას” მფლობელი, სულიკო ვარსემაშვილი ფლობს.  ეს კომპანია ჩეხეთის უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებს. ანალოგიურ უძრავი ქონების ბიზნესი აქვთ კირცხალიებს საქართველოში.

ჩეხური ბიზნესის შესახებ კირცხალია დეკლარაციაში არაფერს ამბობს – კანონი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, თანამდებობის პირს კომერციულ საქმიანობას უკრძალავს. კანონმდებელს უფლება არ აქვს მონაწილეობდეს ბიზნესში და იკავებდეს მმართველ პოსტს კომერციულ ორგანიზაციაში.

ირაკლი კირცხალიას მამა, ჩეხეთში კომპანია “ნოლი პრაღას” ქვეყნის ბიზნესმენ სულიკო ვარსიმაშვილთან ერთად დღემდე ფლობს. ​კირცხალიებს ჩეხური კომპანიის საკონტროლი პაკეტი ეკუთვნით.

  • საქართველოში დეპუტატ ირაკლი კირცხალიას მამას, 54 კომპანიაა რეგისტრირებული, ჩეხეთში კი ერთი მოქმედი, ჩვენ არ ვიცით რა კომპანიების მფლობელია ის სხვა ქვეყნებში.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კომპანია “ნოლი პლაზა” ჩეხეთში 2007 წელს დაფუძნდა. 2024 წლის 5 ივლისამდე პერიოდში კომპანიაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა: დამფუძნებელმა, იოსებ კირცხალიამ ჯერ წილის 30 პროცენტი ვასილ ჯალაღონიას, სულიკო ვარსემაშვილს და სერგი მელაძეს მიჰყიდა. შემდეგ, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა ჯალაღონია და ამ პოსტზე საკუთარი ვაჟი – ირაკლი კირცხალია დანიშნა. 2024 წელს კი ირაკლი კირცხალია ისევ გადააყენეს და დირექტორად ხელახლა ჯალაღონია დააბრუნეს.

“შაბათის ეთერმა”, იმ პირსაც მიაგნო, ვისაც ჩეხური რეესტრის თანახმად, ირაკლი კირცხალიას გადაყენების შემდეგ დირექტორის პოსტი ანდეს. ვასილ ჯალაღონია ამბობს, რომ არც კი იცის თუ რაიმეს დირექტორია მით უმეტეს ჩეხეთში. ჩეხეთის რეესტრის დოკუმენტებით ჯალაღონიას სახელით დოკუმენტები ნოტარიული მინდობილობით, ჩეხეთში მოღვაწე ქართველმა ადვოკატმა პაატა ბოეკრიამ წარადგინა.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანია ერთადერთი არ არის, რომელიც ვასილ ჯალაღონიას კირცხალიების ბიზნესთან აკავშირებს – დოკუმენტების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ თითქმის ყველა ბიზნესი, რომელიც დღეს ვასილ ჯალაღონიას სახელზეა რეგისტრირებული, მანამდე  იოსებ და ირაკლი კირცხალიებს ეკუთვნოდათ, ჯალაღონია კი მათი მფლობელი მხოლოდ სიმბოლურ ფასად გახდა

აი, მაგალითად:

  • შპს ენ-ი იოსებ კირცხალიამ ვასილ ჯალაღონიას სულ რაღაც 100 ლარად გადაუფორმა.
  • კომპანია “პლეხანოვში” მან მხოლოდ 30 ლარი გადაიხადა.
  • 100 ლარი დაუჯდა სამშენებლო კომპანია “ეპიკ კონსტრაქშენის” 100-პროცენტიანი წილიც.
  • 100 ლარადვე გადაუფორმა თავისი წილი კომპანია “ნიუ რეალიტიში” თავად დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამაც.

ყველა ამ ბიზნესის მასობრივი გადაფორმება 2020 წელს მოხდა, სწორედ მაშინ, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” ირაკლი კირცხალია საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო სიაში ჩასვა.