საერთაშორისო ურთიერთობებში ყოველ ნაბიჯს თავისი დატვირთვა და სიმბოლიკა აქვს, მიხეილ ყაველაშვილის ირანში ჩასვლა – ეს უკვე არა პროტოკოლური ვიზიტი, არამედ კონკრეტული პოლიტიკური სიგნალია საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ჯერ საქართველოს“ წევრმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
ნიკოლოზ ხატიაშვილის თქმით, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ის, რომ ირანში ჩასულიყო დელეგაცია, არა პრეზიდენტის მეთაურობით, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ან რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარის მეთაურობით.
„ჩვენ გეოგრაფიას ვერ გავექცევით და ზოგადად საჭიროა ირანთან გარკვეული ურთიერთობების არსებობა, წარმართვა, კეთილმეზობლური ურთიერთობის, რომელიც პრაგმატიზმზე იქნება დაფუძნებული. თუმცა ამ შემთხვევაში სულ სხვა გარემოებაა, ვიდრე თუნდაც სამი წლის წინ. სამი წლის წინ რომ ასეთი ვიზიტი განხორციელებულიყო, ამას შეიძლება არანაირი რეაქცია არ მოჰყოლოდა, თუმცა დღეს როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ კონტექსტში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. ირანი სამხედრო დაპირისპირებაშია აშშ-სთან, ჩვენ ვართ აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვესმის, რომ აღვადგინოთ ეს სტრატეგიული ურთიერთობები აშშ-სთან, ხოლო კონგრესში ვნახეთ რამდენი დოკუმენტი დაინიცირდა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ირანს გარკვეული დიდი გავლენები გააჩნდეს საქართველოზე, ამის პარალელურად ევროკავშირს დასანქცირებული ჰყავს ირანი. ამ გარემოში, როდესაც ასეთი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, ირანში ჩადის ასეთი მაღალი დონის დელეგაცია. შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი არის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკაში. ეს უკვე არა პროტოკოლური ვიზიტია, არამედ კონკრეტული პოლიტიკური სიგნალია, ამის აღქმა ასე ხდება დასავლეთის მხრიდან. როდესაც ჩვენი იმიჯი შეირყა და ნდობის მაჩვენებელი საქართველოს მიმართ შემცირებულია, არსებობს ეჭვები ირანთან დაკავშირებით, რატომ დგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც ეჭვებს კიდევ უფრო გააღრმავებს? საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ის, რომ ჩასულიყო დელეგაცია, არა პრეზიდენტის მეთაურობით, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ან რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარის მეთაურობით.
სამი წლის წინ ეს ვიზიტი შეიძლება ძალიან ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო, სააკაშვილის დროს საერთოდ უვიზო რეჟიმი იყო ირანის მოქალაქეებისთვის, როგორც მახსოვს, მაგრამ დროს და კონტექსტს აქვს მნიშვნელობა. ჩვენ როდესაც ირანთან გარკვეული ურთიერთობები გვქონდა, ჩვენ გვქონდა პროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკა, ვიცოდით საით მივდიოდით და რა იყო პრიორიტეტი“, – განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.




