ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მოსალოდნელია, რომ ყოფილი უზენაესი ლიდერის დაკრძალვაზე თეირანის ქუჩებში 20 მილიონამდე ირანელი გამოვა“ (ავტორი – ახტარ მაკოი, პოლიტიკური მიმომხილველი). „იმ დროს, როცა ირანში განხეთქილებაა აშშ-სთან დადებულ სამშვიდობო შეთანხმებასთან მიმართებით, ქვეყნის მასშტაბით სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობას ათობით მილიონი ადამიანი მიიღებს“ – აღნიშნულია მასალაში.
პუბლიკაცია მცირე შემოკლებით:
89 წლის აიათოლა ალი ჰამენეი და მისი ოჯახის წევრები ისრაელის ავიადარტყმის შედეგად ომის დასაწყისშივე, 28 თებერვალს დაიღუპნენ. ქვეყნის ყოფილი უზენაესი ლიდერის მასშტაბური დაკრძალვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ. სამგლოვიარო ცერემონია ირანის დედაქალაქში, მოსალას მოედანზე, სადაც მასობრივი ლოცვები ტარდება ხოლმე, შაბათს, 4 ივლისს დაიწყება.
ხელისუფლებამ საზოგადოებას მოუწოდა ცერემონიაში მონაწილეობა მასობრივად მიიღოს. პოლიცია ვარაუდობს, რომ თეირანის ქუჩებში 17 მილიონი ადამიანი გამოვა. თავის მხრივ, ქალაქის მერმა განაცხადა, რომ დაკრძალვაში მონაწილეობის მისაღებად, თეირანში არანაკლებ 20 მილიონზე მეტი ირანელი ჩავა.
ირანის ოფიციალური პირების შეფასებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით თეირანში, ყუმში, მეშჰედსა და ერაყის წმინდა ქალაქებში – ნაჯაფში და ქერბელაში 18-დან 35 მილიონამდე შიიტი ადამიანი შეიკრიბება, რათა პატივი მიაგონ ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის ხსოვნას. მთავრობამ მომავალი კვირის ხუთშაბათი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
ცერემონია დაიწყება შაბათს მოსალას მოედანზე, სადაც ორი დღის განმავლობაში ყველა მსურველს შეუძლია ალი ჰამენეის ცხედარი ნახოს და დაემშვიდობოს. შემდეგ ცერემონია გაგრძელდება ქალაქ ყუმში, გადაინაცვლებს ერაყში და დასრულდება 9-10 ივლისს მეშჰედში, მაჰმადიანი შიიტების ერთ-ერთ წმინდა ქალაქში, სადაც ალი ჰამენეის იმამ რეზას აკლდამაში ჩაასვენებენ.
ირანში სამგლოვიარო ღონისძიებების გასაშუქებლად უკვე აკრედიტებულია 900 უცხოელი ჟურნალისტი. ასევე მოსალოდნელია, რომ ყოფილი ლიდერის დაკრძალვაში მონაწილეობას მიიღებენ მრავალრიცხოვანი სტუმრები მსოფლიოს 100-მდე ქვეყნიდან.
მოჯთაბა ჰამენეისათვის – განდეგილი რელიგიური მოღვაწისათვის, რომელიც ქვეყნის უზენაეს ლიდერად მამამისის 36-წლიანი მმართველობის შემდეგ აირჩიეს – დაკრძალვა სერიოზულ გამოცდას წარმოადგენს.
მოჯთაბა ჰამენეი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საზოგადოების წინაშე ღიად არ გამოჩენილა. არის შანსი იმისა, რომ სამგლოვიარო ცერემონია ხელს შეუწყობს მისი ავტორიტეტის განმტკიცებას. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ იგი როგორც ირანის უზენაესი ხელმძღვანელი, პირველად აჩვენებს თავის სახეს.
მოსახლეობისათვის, რა თქმა უნდა, საინტერესოა, თუ ვინ ჩაატარებს [პანაშვიდის დროს] ლოცვას და რამდენად არის მზად მოჯთაბა ჰამენეი საზოგადოებასთან ღიად შეხვედრისათვის.
დაკრძალვის ცერემონია იწყება იმ განხეთქილების ფონზე, როცა ირანის საზოგადოება ორად არის გაყოფილი ვაშინგტონთან ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების გამო. არიან რადიკალები – მკაცრი ხაზის მომხრეები და არიან შედარებით უფრო ლიბერალური პოლიტიკის გატარების მხარდამჭერები. სხვათა შორის, არსებობს აზრი, რომ ირანის ხელისუფლებამ დაკრძალვა პროვოკაციულად დაამთხვია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს.
პირველ ივლისს ირანელმა მთავარმა მომლაპარაკებელმა, მეჯლისის (პარლამენტის) სპიკერმა, თეირანის უნივერსიტეტის პროფესორმა მოჰამად ბაგერ-გალიფაბმა მკაცრი ხაზის მომხრეებს ასე მიმართა: „თქვენ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს არც დიპლომატიის დროს არ აკეთებთ და არც ომის დროს. ამიტომ უმჯობესია პრობლემების შექმნას თავი დაანებოთ“. სიტუაცია გაამძაფრა ერთ-ერთი დეპუტატის, კონსერვატორ კამრან გაზანფარის განცხადებამ, რომ შესაძლებელია ირანში სახელმწიფო გადატრიალება მოხდესო: ადამიანები უშუალოდ ხედავენ და გრძნობენ სისტემაში არსებულ განხეთქილებას.
როგორც კამრან გაზანფარი ამბობს, მთავრობის ჩინოვნიკები ცდილობენ რევოლუციის მონაპოვრების იგნორირებას და „ბასიჯის“ („გუშაგთა კორპუსის“ ქვედანაყოფის) დასუსტებას, მობილიზაციის შეწყვეტას. მან პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს როლის უსაფუძვლო განდიდებაში დაადანაშაულა: „ასეთი მცდელობები მიმართულია ჩვენი ლიდერის წინააღმდეგ და გადატრიალებისთვის მზადებას ჰგავს“ მართალია, დეპუტატს თავისი განცხადება ფაქტებით არ განუმტკიცებია, მაგრამ მისი ნათქვამი ასახავს მკაცრი ხაზის მომხრეების თვალსაზრისს და ავლენს იმ რეალურ განხეთქილებას, რომელიც დაკრძალვის დროს ქუჩაში გამოსულებს შორის არსებობს.
მოჯთაბა ჰამენეისათვის გლოვას პირადი ხასიათიც აქვს: ოთხშაბათს მისი ცოლის ზაჰრა ჰაზდად-ადელის – პედაგოგის – დაკრძალვა გაიმართა, რომელიც მამამთილთან ერთად დაიღუპა რეზიდენციაზე თავდასხმის დროს. მოჯთაბა თავისი ცოლის დაკრძალვას არ ესწრებოდა, მაგრამ კუბოსთან მისი სიმამრი იდგა..
ირანის სახელმწიფო ტელევიზია უწყვეტად გადასცემს ეთერში ალი ჰამენეის დარძალვისათვის მზადებას და ამით ხაზს უსვამს ეროვნული ერთიანობის მომენტს – იმის მიუხედავად, რომ ირანის ელიტა უკვე გაყოფილია ქვეყნის განვითარების მიმართულებასთან დაკავშირებით.



