Українська правда წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი და ამჟამად ელჩი დიდ ბრიტანეთში, ვალერი ზალუჟნი, კიევში გამოიძახეს და ჰკითხეს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ პროცესი შემოდგომაზე ჩატარდება.
მედიის ინფორმაციით, ზალუჟნის კიევში გამოძახებას ფორმალური მიზეზი – ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერის გადადგომა ჰქონდა.
УП-ს წყაროების თქმით, მას შემდეგ, რაც ზალუჟნის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სტარმერის გადადგომის შემდგომ ნაბიჯებზე ესაუბრა, ლაპარაკი საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოიწყეს.
“ზელენსკიმ თქვა, რომ ფრონტზე სიტუაცია ბოლო პერიოდში პოზიტიურად ვითარდება, საზოგადოება საკმაოდ კონსოლიდირებული რჩება და ამიტომაც გამოჩნდა არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის ფანჯარა. თუმცა მთავარი დავალებაა მათი ისე ჩატარება, რომ ქვეყანამ არ მიიღოს ახალი შიდა განხეთქილება, რაც ნიშნავს – გააგრძელა პრეზიდენტმა – რომ საჭიროა ისეთი რისკების არიდება, რომლებსაც ზელენსკისა და ზალუჟნის დაპირისპირება მოჰყვება.” – ნათქვამია УП-ს მიერ გამოქვეყნებულ ექსკლუზიურ მასალაში.
УП-ს წყაროების თქმით, საბოლოოდ ზელენსკიმ ზალუჟნის პირდაპირ ჰკითხა: “არჩევნები შემოდგომაზე რომ ჩატარდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას?” – რაზეც ყოფილმა მთავარსარდალმა უპასუხა: “დიახ, მივიღებ”.
როგორც УП წერს, ამის შემდეგ საუბარი კიდევ გარკვეული პერიოდი გაგრძელდა, მაგრამ ზელენსკი ზალუჟნის არ სთავაზობდა არანაირ ვარიანტსაც კი სამომავლო კარიერული გზისთვის. თუმცა, УП-ს წყაროების თქმით, სახელისუფლებო წრეებში შესაძლო შეთავაზებებს შორის არა მხოლოდ დიპლომატიური თანამდებობები, არამედ სახელმწიფო პოზიციებიცაა, მათ შორის მთავრობის ხელმძღვანელის როლი.
მედიის წყაროების თქმით, ზალუჟნიმ ზელენსკის აუხსნა საკუთარი პოზიცია, რომ თავად არასდროს ესწრაფოდა პოლიტიკურ კარიერას, თუმცა მისი იმედი მრავალ ადამიანს აქვს და მათ ვერ აუხსნის, რატომ უნდა უგულებელყოს მათი ნდობა. გენერალმა და პრეზიდენტმა საუბარი ხელის ჩამორთმევით დაასრულეს.
ზალუჟნის შეხვდა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია. როგორც УП წერს, მათ იგივე არგუმენტები გაიმეორეს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ზალუჟნიმ არჩევნებში მონაწილეობა. ზალუჟნიმაც იგივე პასუხი გასცა, რაც ზელენსკის. დამშვიდობების დროს არახამიამ და უმეროვმა ზალუჟნის უთხრეს: “ძმაო, მაინც დაფიქრდი კიდევ ერთხელ”.




