ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ევროკავშირის საბჭომ დღეს, 25 ივნისს, რუსეთის ქმედებების ფონზე, რომლებიც უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს, ევროკავშირის სანქციები კიდევ 12 თვით, 2027 წლის 31 ივლისამდე, გაახაგრძლივა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს 2026 წლის 18-19 ივნისის გადაწყვეტილებას მოყვა, როდესაც ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების 12 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

აღინიშნება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები საკვანძო სექტორებს მოიცავს, მათ შორის ვაჭრობას, ფინანსებს, ენერგეტიკას და ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიებს.

სანქციები, ასევე, მოიცავს რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო გზით ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან გადატანის აკრძალვას, რუსეთსა და მესამე ქვეყნებში რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტისა და კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებლებისთვის ტრანზაქციების აკრძალვას და კრემლის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე დეზინფორმაციული საშუალების ევროკავშირში სამაუწყებლო საქმიანობისა და ლიცენზიების შეჩერებას.

გარდა ამისა, გარკვეული ზომები ევროკავშირს საშუალებას აძლევს დაუპირისპირდეს სანქციებისთვის გვერდის ავლას.