უფლებადამცველები ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმეზე გაჩენილ კითხვებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ როდესაც ადგილი აქვს საპოლიციო ძალადობას, დაზარალებულები იმთავითვე არიან დაუცველ მდგომარეობაში.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, თამარ ონიანის განცხადებით, როდესაც ძალადობას კონკრეტული ძალაუფლების მქონე პირები ჩადიან, დაზარალებულები ასეთ დროს მარტივად შეიძლება დაექვემდებარონ სხვადასხვა სახის მანიპულაციას.
როდესაც ადგილი აქვს საპოლიციო ძალადობას, დაზარალებულები იმთავითვე არიან დაუცველ მდგომარეობაში იმიტომ, რომ ძალადობა ჩადენილი არის მათ მიერ, ვისაც აქვს რეალურად კონკრეტული ძალაუფლება და ასეთ დროს დაზარალებულები მარტივად შეიძლება დაექვემდებარონ სხვადასხვა სახის მანიპულაციას – იქნება ეს იძულება, დაშინება, თუ სხვა რამ. ამიტომაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს პრეტენზიის არ ქონას ცენტრალური მნიშვნელობა არ ჰქონდეს და დევნა განხორციელდეს რეალურად საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, რომელი ინტერესიც უნდა იყოს ის, რომ სამომავლოდ მსგავსი ქმედებების თავიდან აცილებისთვის დაისაჯონ კანონით გათვალისწინებული სასჯელების ფარგლებში ის პირები, ვინც ეს დანაშაულები ჩაიდინა,” – განაცხადა თამარ ონიანმა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი, უფლებადამცველი სანდრო ბარამიძე აღნიშნავს, რომ “საბოლოო ჯამში, ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც გირგვლიანის შემთხვევაში”.
თუ უარს არ იტყვი ე.წ. პრეტენზიაზე, შენ ან შენს ახლობლებს დაემართებათ რაღაც ძალიან ცუდი – ესეც დამკვიდრებული პრაქტიკაა, სამწუხაროდ, ამ რეპრესიულ რეჟიმში და სისტემაში, არავის არ უკვირს და სავსებით ბუნებრივია მოლოდინი, რომ როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ზუსტად ამას ჰქონდა ადგილი. სისტემა ცდილობს, რომ დაიცვას და უზრუნველყოს მინიმალური სასჯელით ადამიანები, რომელთა დანაშაულიც გამოაშკარავებული იქნა და ამას აკეთებ იმიტომ, რომ უზრუნველყოს თავისი მდგრადობა.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც გირგვლიანის შემთხვევაში, მაშინაც ცდილობდნენ, რომ იმ ხალხის ბრალი, რომელთა დანაშაულში მონაწილეობა გამოაშკარავდა, მინიმალურად ყოფილიყო შემცირებული, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი სხვანაირად დასრულდა, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც,” – ამბობს სანდრო ბარამიძე.
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელები შესაძლოა საპატიმროდან გათავისუფლდნენ. ამ ეჭვს შაბათის ეთერის მოპოვებული ინფორმაცია აჩენს.
გადაცემის ცნობით, ბექა კუხალაშვილის, ირაკლი კააციტაძისა და მიხეილ ჯინჭარაძის საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებების მიუხედავად, ბრალდებულთა ადვოკატებმა დაზარალებულებისგან ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები მოიპოვეს, რომლის მიხედვითაც ნაცემ ახალგაზრდებს პოლიციელების მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნიათ.
ამასთან, “შაბათის ეთერმა” გაარკვია, რომ 16 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელი ლუკა ხურცილავა უკვე თავისუფალია. ადვოკატები ადასტურებენ, რომ საგამოძიებო ორგანოში დაზარალებული ოჯახის მხრიდან ნოტარიულად დამოწმებული განცხადება მიიტანეს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვთ.
უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ დაზარალებულები დათმობაზე სისტემის ზეწოლის შედეგად წავიდნენ. მათი შეფასებით, საქმის განვითარებამ შესაძლოა ბრალდებული სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.



