ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში წონასწორობა აღდგა. პირველ მატჩში განცდილი დრამატული მარცხის შემდეგ, „ვალენსია ბასკეტმა“ საკუთარ მოედანზე რევანშის აღება მოახერხა და მეორე შეხვედრაში „ბარსელონა“ სრულიად უშანსოდ, 102:75 დაამარცხა. მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც 26:11 მოიგეს, მესამე პერიოდში კი კატალონიელებს მხოლოდ 14 ქულა ჩააგდებინეს და მატჩის ბედიც ნაადრევად გადაწყვიტეს. სერიაში ანგარიში 1-1 გახდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას გუნდისთვის ეს საღამო საკმაოდ მძიმე გამოდგა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 20:52 წუთი გაატარა და თავის გუნდს 9 ქულა, 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა. თორნიკემ 10-დან 4 ორქულიანი (40%) გამოიყენა, სამქულიანი არ უსვრია, ხოლო 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა (VAL) ამჯერად 6 შეადგინა, ხოლო მოედანზე ყოფნის პერიოდში გუნდის პლუს-მინუს მაჩვენებელი – 8 იყო.
რაც შეეხება ორივე გუნდის სხვა მოთამაშეების მონაგარს: „ბარსელონას“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ხოელ პარა აღმოჩნდა 16 ქულითა და 3 მოხსნით, ხოლო ნიკო ლაპროვიტოლამ გუნდს 14 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა. გამარჯვებულთა მხრიდან საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტით (27) ჯან მონტერო გამოირჩა, რომელმაც 19 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი დააგროვა, ხოლო ბრენდონ კიმ მასპინძლებს 15 ქულა და 6 მოხსნა მოუტანა.
ახლა ფინალური სერია ბარსელონაში გადაინაცვლებს, სადაც მესამე და მეოთხე მატჩები გაიმართება. კატალონიელებმა ვალენსიაში პროგრამა-მინიმუმი შეასრულეს, მოედნის უპირატესობა მოიპოვეს და თუ მომდევნო ორ შეხვედრას საკუთარ კედლებში მოიგებენ, ჩემპიონის ტიტულს დაეუფლებიან. მომდევნო დაპირისპირება 22 ივნისსაა დაგეგმილი.
GBF.GE