– სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს. კიდევ 9 პირს ბრალი წარედგინა – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ -ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ჩხრეკის შედეგად, მათ შორის ამოღებულია სავარაუდოდ ე.წ. ქურდული საერთოსთვის შეგროვებული 62 ათას დოლარზე მეტი თანხა, ბრალდებულების კუთვნილი ავტომანქანები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები.

„სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, ფინანსური დავების მოსაგვარებლად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კრიმინალური ავტორიტეტი“ – ელმურაზ მამედოვი მონაწილეობდა.

ასევე დგინდება, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი უკავშირდებოდა, საქართველოში მასთან კავშირში მყოფ პირებს, რომლებიც, როგორც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ისე კრიმინალური ავტორიტეტის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს, გარკვეულ ვადებში, კუთვნილი ბიზნესიდან დიდი ოდენობით თანხის გადახდას აკისრებდნენ.

კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკავშირდებოდნენ.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ე.წ. ქურდული საერთოსთვის შეგროვებული 62 ათას დოლარზე მეტი თანხა, ბრალდებულების კუთვნილი ავტომანქანები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის ინტენსიურად ტარდება შესაბამის ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დადგენა-გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით”, – განაცხადა დავით კიკნაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ