თოფურია რევანშის მოლოდინშია – ილიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ჯასტინ გეიჯისთან დამარცხების შემდეგ, ილია თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს და დაზიანების სიმძიმე დაუდგინდა.
“მარკას“ ჟურნალისტმა ირატი პრატმა სოციალურ ქსელში თოფურიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა: „კარგი ამბები ვაშინგტონიდან – ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს. ის ისვენებს. თვალბუდის მოტეხილობა არ აქვს, საბედნიეროდ“.
ერთი სიტყვით, ოპერაცია არ დასჭირდება.
პირველი კომენტარი თავად ილიამ გააკეთა. „ჯასტინ, გილოცავ. შენ თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი… და ეს გააკეთე. მარჯვენა თვალში მხედველობა უკვე პირველ რაუნდში დამიკარგე, მეორე რაუნდის ბოლოს მარცხენაშიც. არანაირი გამართლება.
ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ბრძოლაში საუკეთესო ფორმაში და სრულ მზადგოფნაში გამოვედი. გასული ღამე შენი იყო. ასეთია ამ თამაშის ბუნება. დიდება და ტკივილი ერთმანეთის გვერდიგვერდ დადიან. გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და უფრო ძლიერი, ბრძენი და გაცილებით სახიფათო დავბრუნდები.
და მერწმუნე, ჩვენი ისტორია დასრულებისგან შორსაა. ჩვენ რევანში გველოდება“, – დაწერა თოფურიამ თავის „ინსტაგრამზე“.