ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით — ელენე ჯაფარიძე საზმაუს ეთერში მომხდარზე

ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მან “ტვ პირველთან” საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კრიზისულ სიტუაციაში უფროსების, ავტორიტეტული ფიგურების რეაქცია და პასუხისმგებლობის არაღება მოზარდის მენტალობაზე.

ფსიქოლოგის თქმით, ბავშვი კრიზისულ მომენტში ყოველთვის ელოდება მითითებას ზემდგომისგან, თუმცა ამ შემთხვევაში ფაქტის იგნორირება მოხდა. ელენე ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ სერიოზულ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება ბავშვს და რამდენად პრიორიტეტულია მათი უსაფრთხოება. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საზოგადოებამ თავად ასწავლოს შვილებს რეაგირება და დახმარების ინსტინქტი.

“ბავშვი და მოზარდი ყოველთვის ელოდება კრიზისის დროს ზემდგომიდან, ავტორიტეტული ფიგურიდან პასუხს და პასუხისმგებლობის აღებას და ერთგვარ ინსტრუქციას, რომ აი, ესე უნდა მოიქცე, ხო? და მეორე, ეს არის რეაქცია გაგრძელების, ანუ პასუხისმგებლობის არაღება, იგნორირება ძალიან სერიოზული ფაქტის. ანუ, მთავარი იყო, რომ დასრულებულიყო სიმღერა და არა ბავშვის მენტალობა.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით, ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს, საზოგადოება როგორ უყურებს ბავშვს, როგორც ინდივიდს, მნიშვნელოვანს, რამდენად პრიორიტეტულია საერთოდ ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. უთხრა, ფაქტობრივად, თავისი დუმილით მიანიშნა, რომ გააგრძელე ის, რასაც აკეთებდიო, ხო? მაგრამ სხვა შემთხვევაში, ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ჩვენს შვილებს ვასწავლოთ, რომ შენი რეაქცია, ინსტინქტი, როდესაც ვიღაცა ცუდად არის, დახმარების, ყველაზე მნიშვნელოვანია და ნუ ელოდები ნებართვას”, — თქვა ელენე ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, 9 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს სიმღერის დროს როგორ ეცემა ბავშვი, გუნდი კი სიმღერას განაგრძობს. ბავშვის ბებია, ანა კუხალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე. ამ სამი წუთის განმავლობაში არავინ იცოდა, ჰქონდა თუ არა თავის ტრავმა, სჭირდებოდა თუ არა სასწრაფო დახმარება”. მისივე თქმით, “სიმღერის აკადემიას, რაც კი გაკვეთილი ჩაუტარებია გუშინდელ დღემდე, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გაკვეთილი სწორედ გუშინ მიეცა. მაგრამ ეს გაკვეთილი ვერ ჩაატარეს. ყველაზე მთავარი გამორჩათ — ადამიანი, ბავშვი”.

წყარო