საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას უმცროსი ქალიშვილი, ანჩო ჟვანია დაინიშნა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ დაწერა და ნიშნობის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.
“ანჩო დანიშნეს”, – წერს ნინო ქადაგიძე ჟვანია.
ცნობისთვის, ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა. მას სამი შვილი დარჩა – ლიზა, ბუსა და ანჩო. ჟვანიას შვილები იშვიათად ჩნდებიან საზოგადოების წინაშე. ბუსა ჟვანიას თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ის “ამაზონში” მუშაობს.
2023 წელს “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ნინო ქადაგიძე შვილებისა და ზურას ურთიერთობაზე ამბობდა:
“[როდესაც ზურა გარდაიცვალა] მე 38 წლის ვიყავი, ლიზა – 10 წლის, ბუსა 8-ის, ხოლო ანჩო 6 წლის. კვირაში ერთი დღე, კვირას, ზურა აუცილებლად იყო ჩვენთან. დიღმის იქით ერთი სოფელია, იქ გვაქვს სახლი და თითქმის ყოველ შაბათ-კვირას იქ ვიყავით. უცნაური თვისება ჰქონდა – ყველა დეტალს ამჩნევდა. სახლში რომ შემოვიდოდა, ყველაფრის აზრზე იყო. მომთხოვნი იყო, ბავშვებთანაც მკაცრი. ერთხელ, ლონდონში წავედით, ლიზა გვახლდა და აღმოაჩინა, რომ ლიზამ ინგლისური არ იცის. ალბათ, მაშინ ლიზა 8 წლის იქნებოდა, ძალიან იჩხუბა (იცინის) და უთხრა, არ დავინახო, ისე ჩახვიდე ქვეყანაში, რომ ენა არ იცოდე იმ ქვეყნისო. იმ დროს ლიზა სკოლაში გერმანულს სწავლობდა, გერმანულით დაიწყო”.





