ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია:
გუნდის სიმღერის დროს ბავშვის დავარდნასთან და სხვათა მიერ ამ ამბის იგნორირებასთან დაკავშირებით ბევრმა წაიმძღვარა გალაკტიონის მართლაც მშვენიერი და ფეერიული ლექსი “ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი”, თუმცა არსებით მიზეზებზე, თუ რატომ ხდება ასეთი ამბები, საუბარი იშვიათია. ისმის კითხვა, ხომ არ გვაქვს საქმე საზოგადოების (თუნდაც ერთი ნაწილის) დემორალიზაციასთან? ან იქნებ ეს არის ავისმომასწავებელი სიმპტომი დემორალიზაციის პროცესისა, რომელიც დროთა მანძილზე კიდევ უფრო გაღრმავდება?
როდესაც ზვიად გამსახურდიამ, ვინც არამარტო ქვეყნის პირველი პრეზიდენტი და პოლიტიკური ლიდერი იყო, არამედ ადამიანურობის დიდი მოძღვარიც (მერაბთან ერთად) ისაუბრა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაზე, ისიც დასძინა, რომ საჭირო იყო დამოუკიდებლობასთან ერთად ქართველთა ეროვნული ხასიათის რესტავრაციაც, რაც ქართველობას ძველ დროში გამოარჩევდაო; რომელიც, მისი თქმით, უაღრესად კონცეპტუალური და ქრისტიანული მსოფლმხედველობით გამორჩეული ერი იყო, რუსთველური სულით განმსჭვალული. ამ და სხვა განცხადებების გამო ვითომდაც წინწასულმა პუტჩისტურმა საზოგადოებამ და ქვეყნის ინტერესებთან დაპირისპირებულმა მტრულმა ძალებმა მას დასწამა “პროვინციული ფაშიზმი” და “ეთნონაციონალიზმი”.
თავის წიგნში რუსთაველის შესახებ ზვიად გამსახურდია აღნიშნავდა, რომ “ვეფხისტყაოსანში” ადამიანის ცხოვრების და სწავლის მიზანი იყო “შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა”, აქ იგულისხმება ადამიანის განღმრთობა ანუ თეოზისი, რადგან “მწყობრი” დიონისე არეოპაგელის მიხედვით ზეციურ ძალთა ანუ ანგელოსთა მწყობრია. სხვაგან, რაინდული ბუნების შემოქმედის, გურამ რჩეულიშვილისადმი მიძღვნილ ესსეში, ეროვნულ ხასიათზე მსჯელობისას, მას მოჰყავდა ავთანდილის ეს სიტყვები: “მე იგი ვარ, ვინ საწუთროს არ ამოვკრებ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვასისთვის თამაშად და მიჩანს მღერად”.
არც თანამედროვე განათლების, არც საზოგადოებაში მასობრივად დამკვიდრებულ ფასეულობათა სკალაში არც ღვთისთვის და ჭეშმარიტებისთვის, არც მოყვასისთვის თავგამოდება არ იგულისხმება. მსოფლიოს იმ კულტურულ-პოლიტიკურ სივრცეში, სადაც ადრე ქრისტიანული რელიგია გავრცელდა და დამკვიდრდა, დღეს ნეოლიბერალური კულტურა დომინირებს, სადაც “ბაზარი ყველაფერს არეგულირებს”, სადაც მომხმარებლური საზოგადოება ყალიბდება. სადაც ადამიანური ცხოვრების მიზნებში დღეს უმთავრესია “წარმატების” კულტი, როგორც კარიერული, ისე რესურსების აკუმულირების მხრივ; სადაც სახეზეა ან სრული ათეიზმი, ან ისეთი რელიგიურობა, სადაც რწმენა მსუყე სადილზე დასაყოლებელი დელიკატესია, “შაბათ-კვირის” ქრისტიანობაა, როდესაც ადამიანი წირვიდან ზუსტად ისეთივე გამოდის, როგორიც შედის.
ვაჟა ფშაველას აქვს ნაკლებად პოპულარული პოემა “მოხუცის ნათქვამი”, რომელშიც მოხუცი მთიელი, თავის დროზე კრწანისის ბრძოლას შემთხვევით გადარჩენილი უდიდესი ტკივილით ყვება ქართველთა ზნე-ჩვეულებების დეგრადაციაზე:
ეს რა დროებას მოვესწარ?
გამოიცვალა ქვეყანა:
მამალიც ყივის სხვაგვარად,
კაცსა სძულს მისვლა კაცთანა;
…….
სცხვენოდეს ახალ-უხლებსა,
კაც იყოს, თუნდა ქალია,
რომ მთელი მათი არსება
ფუჭმა საგნებმა დალია!
მოხუცის თქმით, ძველ დროში ქართველთა უდიდესი სიქველეები შენახული იყო. ქვეყანა თითქოს ერთიანი საყმო იყო წმინდა გიორგისა:
ქალი და კაციც გაფუჭდა –
აღარ სძევთ ძველი ფერია,
მათ გულში ქაჯი დაბუდდა,
კაცის ნამუსის მტერია.
აფსუსო, ძველო დროებავ!..
არ დაბრუნდები ნეტარა?!
რომ ამაყობდეს დიაცი
ქმრის სიმამაცით მკვეხარა?
2004 წელს, როდესაც უნარ-ჩვევების სწავლა და ჩაბარება შემოიღეს, იქ ასეთ რამეს ვკითხულობდით: თუკი ავტობუსში ზიხართ და ამოდის მოხუცი, ადგილი უნდა დაუთმოთ თუ არა? სწორი პასუხი იყო “არა”, რადგან თქვენ ეს ადგილი შეძენილი გაქვთო. ასევე თუ ხუთი დაპატიჟებული სტუმრიდან მოვიდა მეექვსეც, სწორი პასუხის მიხედვით, ის აღარ უნდა მიიღოთ – თქვენ ხომ სუფრა ხუთ კაცზე გათვალეთო.
ჩემი თაობა საბჭოთა კავშირში და საქართველოს სსრ-ში გაიზარდა, თუმცა მსგავსი გულგრილობა და განურჩევლობა იქ წარმოუდგენელი იყო. ორმა რამემ დააზიანა ჩვენი საზოგადოება და მის ქმნადობაზე ხანგრძლივმოქმედი დესტრუქციული გავლენა იქონია: 1. 1992 წლის 6 იანვრის გადატრიალებამ, “სამხედრო საბჭოს” და “სახელმწიფო საბჭოს” დაფუძნებამ მთელი შედეგებითურთ, რაც ათწლეულობით მოქმედი იყო 2. ნეოლობერალური საბაზრო სისტემის შემოსვლამ სათანადო ეროვნულ-კულტურული ფილტრების გარეშე. ეს კი ნიშნავს უარის თქმას ზვიადის, მერაბის, გურამ რჩეულიშვილის, ასევე ვაჟას და ილიას იდეალებზე.
თუ საზოგადოება საბოლოოდ დაკარგავს თანაგრძნობის, სოლიდარობისა და მოყვასისადმი პასუხისმგებლობის უნარს, იგი თანდათან დაკარგავს საკუთარ იდენტობასაც. ამის გარეშე კი შეუძლებელი იქნება არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების, არამედ მთელი საზოგადოების სულიერი განახლება. სწორედ ამ გზაზე გადის ის ეროვნული რესტავრაცია, რომლის აუცილებლობაზეც საუბრობდნენ ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე გამორჩეული მოაზროვნეები და მოღვაწეები.




