6
ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
დაკრძალვის დღეს ეკლესიაში გარდაცვლილის დასვენება სულაც არ არის არც ქართული ტრადიცია და არც სულის ცხონების გარანტია.
ადრე ეკლესიაში ცხედარი მხოლოდ მაშინ მიჰქონდათ, როცა წესის აგება იყო საჭირო და სასულიერო პირი სახლში ვერ მიდიოდა, თორემ ისე წესის აგება და გასვენება სახლიდან ხდებოდა და მე თუ მკითხავთ, ეგ უფრო სწორი რიტუალი იყო, რადგან სახლიდან გასვენების დროს ძველი წეს-ჩვეულებების რამდენიმე რიტუალი სრულდებოდა, რაც ერთობლიობაში განასახიერებდა მისთვის მშობლიურ, შეჩვეულ ადგილთან გარდაცვლილის დამშვიდობებას და იმას, რასაც “უკან ავი თვალით არ მოგეხედოს” დავარქვით: როცა მიცვალებულს თითქოს ყველას წილი სიკვდილი თან მიაქვს და ცოცხლად დარჩენილთ დალოცვილად ტოვებს.
დიდი არაფერი დააკლდება ლანას, თუ იმ სასულიერო პირების ლოცვა არ გაჰყვება უკანასკნელ გზაზე, რომლებმაც მისთვის გამონაკლისი არათუ არ დაუშვეს, არც კი განიხილეს (არადა, გვახსოვს გამონაკლისები და მაშინ მხოლოდ მადლიერება ისმოდა მათ მიმართ).
სამაგიეროდ, ძველი ტრადიციით თავად ლანა დალოცავს ცოცხლად დარჩენილ ახლობლებს და იმ სასულიერო პირებსაც…
მჯერა, რომ მისი გამოსვენება და უკანასკნელ გზაზე გაცილება საერთო-სახალხო გლოვად იქცევა ზუგდიდში: იქნება უამრავი ადამიანი, გზად შეჩერებული უცხო მანქანებისგან თანადგომის სიგნალები, უცხოელ ტურისტებს გადაუთარგმნიან, რა ხდება და არ დარჩება ქალაქში ადგილობრივი თუ სტუმარი, რომელსაც არ ეცოდინება, რომ იმ დღეს ჩვენი ცოცხალი გმირის შვილის, ტრაგიკული ბედის მქონე 26 წლის გოგოს ცხედარი მივაბარეთ მიწას.
უკან ავი თვალით არ მოგეხედოს, ლანა, შვილო!..

