როგორ ხვდება სატვირთო ტრაილერების მძღოლებისგან ამოღებული მილიონები „ქართული ოცნების“ სალაროში – ამ თემაზე კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, სასაზღვრო ავტოსადგომების ბიზნესი “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათთან დაკავშირებული პირების კონტროლის ქვეშაა და მათთვის სოლიდური შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
უკვე 12 წელია, საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებთან სპეციალური ავტოსადგომები ფუნქციონირებს. ტრაილერები ვალდებულნი არიან ამ სადგომებით ისარგებლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებენ. მხოლოდ გავლისთვის მძღოლები 80 ლარს იხდიან. ქვეყნის მასშტაბით ასეთი რვა ავტოსადგომია, რომელთა მფლობელებიც, კვლევის ავტორების თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები ან პარტიის მსხვილი შემომწირველები არიან.
სარფის ავტოსადგომს შპს „ფიგოლი“ ფლობს. კომპანიის ერთ-ერთი მეწილე „ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ჭყონიაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ჭყონიასთან დაკავშირებულმა პირებმა ივანიშვილის პარტიას 797 ათასი ლარი შესწირეს. დეპუტატი „ტვ პირველის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
წითელი ხიდის ავტოსადგომი წლების განმავლობაში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახის საკუთრება იყო. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ წილის გასხვისება, რომელიც ჯაფარიძის მეუღლემ განახორციელა, შესაძლოა მხოლოდ ფორმალური ხასიათის ყოფილიყო.
დმანისისა და სადახლოს ე.წ. TIR-პარკებს ძმები აბრამიშვილები ფლობენ. მათ „ქართულ ოცნებას“ 700 ათას ლარზე მეტი შესწირეს. რომან აბრამიშვილი საზოგადოებისთვის იმ გარიგებით გახდა ცნობილი, რომლის ფარგლებშიც ვაკეში მდებარე ბინა, კახა კალაძისგან შეძენის შემდეგ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად მიჰყიდა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს.
კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ძმები აბრამიშვილები ივანიშვილის პარტიის აქტიური მხარდამჭერები და დამფინანსებლები არიან, ხოლო მათი კომპანიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემოსავალს სხვადასხვა გზით – ტენდერებისა და სუბსიდიების მეშვეობით იღებენ.




