ბრიტანეთის პრემიერი: 75 წლის მეფეს კიბოს დიაგნოზი ადრე დაუსვეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 6 თებერვალს განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის 75 წლის მონარქს, ჩარლზ III-ს, კიბოს დიაგნოზი ადრე დაუსვეს: „საბედნიეროდ, ის მიკვლეული იქნა ადრე და ახლა ყველა უსურვებს მას, ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა და სრულად გამოჯანმრთელდეს“, – განუცხადა სუნაკმა “ბიბისის”.
იგი ამბობს, რომ კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ რეგულარული კონტაქტი აქვს მეფესთან და ეს კომუნიკაცია გაგრძელება ჩვეულებრივად.
ბუკინგემის სასახლემ 5 თებერვალს გამოაცხადა, რომ ჩარლზს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობა დაწყებულია. ცნობის გავრცელების შემდეგ დიდი ბრიტანეთის მონარქს მთელი მსოფლიოდან უცხადებენ მხარდაჭერას.
გავრცელებული ინფორმაციით, კიბო არ უკავშირდება მეფის მიერ ახლახან ჩატარებულ მკურნალობას პროსტატის ადენომაზე. სასახლე არ აკონკრეტებს, რა ფორმის სიმსივნე აქვს 75 წლის მონარქს.
სასახლის თანახმად, მეფეს ექიმებმა ურჩიეს, „გადაედო საჯარო მოვალეობების შესრულება” – “ამ პერიოდის განმავლობაში მისი უდიდებულესობა გააგრძელებს სახელმწიფო საქმეებზე და ოფიციალურ დოკუმენტებზე მუშაობას.“
ჩარლზი, რომელიც მეფედ 2023 წლის 6 მაისს აკურთხეს, ბრიტანეთის ისტორიაში გახდა მონარქი, რომელიც ტახტზე ყველაზე ხანდაზმულ ასაკში ავიდა. დედამისი, დედოფალი ელისაბედი, 2022 წლის 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში შოტლანდიაში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ