უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, მზადაა, მომავალი კვირის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, თუ უნგრული უმცირესობის ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ.
მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მადიარმა ბერლინში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მადიარმა დაადასტურა, რომ უნგრეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს – ამჟამად ტექნიკურ დონეზე – უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის ენობრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო უფლებებთან დაკავშირებით.
„ეს მოლაპარაკებები ამჟამად ძალიან იმედისმომცემად მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ მათ ტექნიკურ დონეზე ამ კვირაში დავასრულებთ“, – აღნიშნა მადიარმა.
მისი თქმით, მზადაა მომავალი კვირის დასაწყისში შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თუ ისინი შეძლებენ შეთანხმებას უნგრული უმცირესობის ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით.
„უმცირესობისთვის მშობლიური ენის გამოყენება საბავშვო ბაღში, სკოლაში, მთავრობაში ან კულტურული უფლებების დაცვა არ არის რაიმე დამატებითი უფლება. ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და მიგვაჩნია, რომ ქვეყანამ, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, ამ უფლებებს პატივი უნდა სცეს“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.
მისი თქმით, ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ შეძლებენ უკრაინასთან მოაგვარონ ეს სადავო საკითხი, რომელიც ათ წელზე მეტია გრძელდება.
„მზად ვართ, უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადავშალოთ“, – აღნიშნა მადიარმა.



