“ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა” – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ირკვევა, რომ ახალ სამსახურს 10 თანამშრომელი ჰყავს.
განცხადების თანახმად, სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.
“სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს.
სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.
საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა ათი საშტატო ერთეულით.
სამმართველოს თანამშრომლები, საქმიანობას განახორციელებენ იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე მოქმედებს ქვეყანაში” – აცხადებს შსს.
ცნობისთვის, “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სპეციალური მიმართულება გიორგი მინდიაშვილს ჩააბარეს. მინდიაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში ის 2024 წლიდან მუშაობს. მანამდე ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში მუშაობდა.
“სქროლვა-სქრინვის დეპარტამენტი” – ასე უწოდა საზოგადოების ნაწილმა იმ ახალ დანაყოფს, რომელმაც რეიდები სოციალურ ქსელში მოქალაქეების პროფილებზე უნდა ჩაატაროს.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ Facebook-ზე საქართველოში სამ მილიონამდე პროფილი არსებობს. უცნობია, რეალურად რამდენი კაცის შემოწმებას გეგმავს ახალი სამმართველო.




