გიგა ფარულავა უმრავლესობას – თქვენთვის სიძულვილის ენა დასაძლევი პრობლემა კი არა, მთავარი პოლიტიკური იარაღია

სახელმწიფოს მართვა უმაღლეს ზნეობრივ სტანდარტს და პასუხისმგებლობას მოითხოვს, თუმცა დღეს ჩვენ ვხედავთ „ოცნებას“, რომელიც თავად იქცა ამ ქვეყანაში ძალადობისა და ზიზღის მთავარ შემოქმედად, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სიძულვილის ენასთან მებრძოლის როლში გვევლინება ხელისუფლება, რომელმაც პოლიტიკური ლექსიკონის ყოველდღიურ ტერმინებად აქცია სიტყვები: „აგენტები“, „მტრები“, „მოღალატეები“, „გარეწრები“ და სხვა მრავალი.

„სახელმწიფოს მართვა უმაღლეს ზნეობრივ სტანდარტს და პასუხისმგებლობას მოითხოვს, თუმცა დღეს ჩვენ ვხედავთ „ოცნებას“, რომელიც თავად იქცა ამ ქვეყანაში ძალადობისა და ზიზღის მთავარ შემოქმედად.

თქვენთვის სიძულვილის ენა დასაძლევი პრობლემა კი არა, მთავარი პოლიტიკური იარაღია. თქვენ შეგნებულად აპირისპირებთ საზოგადოებას, რადგან ფიქრობთ: თქვენი ერთადერთი შანსი ძალაუფლების შესანარჩუნებლად დაყოფილი და ერთმანეთს გადამტერებული ხალხია.

სიძულვილის ენასთან მებრძოლის როლში გვევლინება ხელისუფლება, რომელმაც პოლიტიკური ლექსიკონის ყოველდღიურ ტერმინებად აქცია სიტყვები: აგენტები, მტრები, მოღალატეები, გარეწრები და სხვა მრავალი.

სინამდვილეში, „ოცნება“ არამხოლოდ სიძულვილის ენის მთავარი ავტორი, არამედ თავად სიძულვილის და მასობრივი ძალადობის მთავარი ორგანიზატორია. შეგახსენებთ, ბოლო წლების განმავლობაში თქვენთან დაკავშირებული ორგანიზებული ჯგუფების მიერ სამოქალაქო აქტივისტებზე, ჟურნალისტებზე თავდასხმებს, სატელეფონო ზარებს, სადაც ორგანიზებულად ურეკავდნენ თქვენს მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს და აგინებდნენ. ეს მხოლოდ მცირე მაგალითებია, რომელზეც სამართლებრივი შედეგები არ დამდგარა.

თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც პარტიას აიგივებს სახელმწიფოსთან და პროპაგანდის შედეგად საზოგადოება გახლიჩეთ და ორად დაყავით: მომხრეებად და მტრებად.

თქვენ არ გინდათ ქვეყანაში ისმოდეს ალტერნატიული აზრი, რაც ხელისუფლებას ამხელს ანტისახელმწიფოებრივი, კორუფციული, ადამიანის უფლებათა შემლახავი ქმედებებში, მხოლოდ საკუთარი პროპაგანდისტული არხების გაძლიერებას ცდილობთ, სწორედ ამას ემსახურება მედიის შეზღუდვის მორიგი მცდელობა, ფინანსური ზეწოლით.

თქვენ სიძულვილის ენას თქვენდამი გამოთქმულ მწვავე კრიტიკას ან შეფასებას უწოდებთ და არ გახსენდებათ თქვენი შეფასებები.

ამ ყველაფრის აღსრულებისთვის, 2018 წელს გახარიას მიერ ადამიანის უფლებების დასაცავად შექმნილ დეპარტამენტს, რომლის საქმიანობამ უამრავი ადამიანი (მათ შორის ქალები და ბავშვები) დაიცვა ძალადობისგან და სიცოცხლის ხელყოფისგან, მოქალაქეების დევნის რეპრესიულ მანქანად აქცევთ.

პოლიციაში „სიტყვის მონიტორინგის“ დაწესება არის არა სიძულვილის ენასთან ბრძოლა, არამედ პირდაპირი საპოლიციო ცენზურა და თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა.

ქვეყანაში, სადაც ადამიანები სიღარიბეზე, უსამართლობაზე, კორუფციაზე, ძალადობაზე და ჩაგვრაზე საუბრობენ, თქვენ პრობლემები კი არ გაწუხებთ, პრობლემებზე გაბრაზებული ხალხი გაწუხებთ.

საქართველოს საზოგადოება ბევრად უფრო გონიერი, მორალურად მაღლა მდგომი და უფრო მეტად მოწოდებული არიან ერთიანობისკენ, ვიდრე თქვენ და ამის ნათელი დადასტურებაა ბოლო რამდენიმე დღეში შეგროვებული მილიონობით ლარი დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.

თქვენი უსუსური მცდელობა, საბოლოოდ გახლიჩოთ და დაიმორჩილოთ ეს ქვეყანა, მარცხისთვისაა განწირული.

საზოგადოების პასუხი ამ სიძულვილზე არის ერთიანობა – ძალა, რისიც თქვენ ყველაზე მეტად გეშინიათ.

თქვენ გეშინიათ ხალხის, რომელიც საერთო სიხარულის ან პრობლემების გარშემო ერთიანდება“, – აღნიშნა გიგა ფარულავამ.