თამთა მიქელაძე: სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ერთდროულად მცირდება როგორც აბორტების, ისე შობადობის რაოდენობა და აბორტების კლება შობადობის ზრდაზე არ აისახება

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე:
ახლა გავაანალიზე ქვეყანაში აბორტების რაოდენობა და შევადარე შობადობის მაჩვენებლებს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ერთდროულად მცირდება როგორც აბორტების, ისე შობადობის რაოდენობა და აბორტების კლება შობადობის ზრდაზე არ აისახება. რაც ჩვენს ქვეყანაში ჩანს ეს ის არის, რომ 2018 წლიდან ქვეყანაში ზოგადად რეპროდუქციული აქტივობაა შემცირებული. ეს, სავარაუდოდ, დაკავშირებულია რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის მიგრაციასთან, ეკონომიკურ არასტაბილურობასთან, ბინებზე მკვეთრად გაზრდილ ფასებთან და ოჯახების სუსტ სოციალურ დაცვასთან.
უფრო ზუსტად რომ შევხედოთ,
აბორტების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალი იყო 2011-2015 წლებში და წლიურად 30 000-ს აღემატებოდა. პიკი 39 200 შემთხვევით 2012 წელს დაფიქსირდა. თუმცა მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო 2014 (33 500) და 2015 (33 400) წლებშიც. 2018 წლიდან იწყება აბორტების განგრძობადი ვარდნა და 2024 წელს აბორტების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმამდე – 11 800-მდე შემცირდა. 2012 წლის ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით, ეს დაახლოებით 70%-იანი კლებაა.
ახლა შობადობას რომ შევხედოთ:
დაბადებების ზრდა იწყება 2008 წლიდან. პიკი 2014 წელს დაფიქსირდა – 60 635 დაბადებით. მაღალი მაჩვენებლები იყო ასევე 2009, 2010, 2015 და 2017 წლებში. 2018 წლიდან კი იწყება შემცირება და 2025 წელს შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე – 37 867-მდე დაეცა. ისტორიულ პიკთან შედარებით, ეს დაახლოებით 37%-იანი კლებაა.
ამიტომ, საქართველოში აშკარად ჩანს ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია: ქვეყანაში ერთდროულად იზრდებოდა და შემდეგ ერთდროულად შემცირდა როგორც აბორტების, ისე შობადობის მაჩვენებლები. ანუ სტატისტიკურად პირდაპირი კორელაცია აბორტების შემცირებასა და შობადობის ზრდას შორის არ ჩანს. უფრო მეტად იკვეთება ის, რომ ქვეყანაში მთლიანად შემცირებულია რეპროდუქციული აქტივობა, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის გადინებას, ეკონომიკურ სირთულეებს და, ჩემი აზრით, ასევე პოლიტიკურ დეპრესიასაც.
პრობლემა სხვაგან არის, თუმცა რეჟიმიც და საპატრიარქოც პრობლემას სხვა მიმართულებით ეძებენ, რადგან რეალურ სოციალურ და დემოგრაფიულ გამოწვევებზე საუბარი არ სურთ.