12-20 მაისს კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობა გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნულ პავილიონს ეროვნული კინოცენტრი და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა “გადაიღე საქართველოში”ერთობლივად წარადგენენ.ყველაზე გავლენიანი კინოფესტივალის ბაზრობაზე საქართველოს დელეგაციის წევრებს, ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებს დაგეგმილი აქვთ ოფიციალური შეხვედრები მსოფლიო დონის პროდიუსერებთან და ფესტივალების პროგრამერებთან, მსოფლიოს წამყვანი კინოინდუსტრიების წარმომადგენლებთან, განიხილება სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები, იგეგმება ქართული ფილმების წარდგენა უცხოელი პარტნიორებისთვის.ვიზიტის განმავლობაში ეროვნულ პავილიონში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სტუმრებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლებენ ქართული ღვინის მიღებაზე. სტუმრები კომპანია “რთველისის” ღვინოს დააგემოვნებენ.კანის კინობაზრობაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კინომემკვიდრეობის ციფრულ რესტავრაციას და ახალგაზრდა, დებიუტანტი რეჟისორების პოპულარიზაციას. წელს ქართველი რეჟისორები წარადგენენ სამ ახალ პროექტს, რომლებიც ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით ხორციელდება.კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სომხეთის კინოფონდთან, რომელიც ითვალისწინებს კინოს დარგის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებას კინოწარმოების მიმართულებით. მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ბლიაძე და სომხეთის კინოფონდის დირექტორი დავიდ ბანუჩიანი.კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე წელს მსოფლიოს 140-ზე მეტი ქვეყნიდან 15 ათასზე მეტ ინდუსტრიის პროფესიონალს ელოდებიან, წარმოდგენილი იქნება 90-ზე მეტი ეროვნული პავილიონი.კანის კინოფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი კინომოვლენაა, რომელიც წელს 79-ედ ტარდება და მის ჟიურის ცნობილი სამხრეთკორეელი რეჟისორი, პაკ ჩან-ვუკი თავმჯდომარეობს.ფესტივალი პირველად 1946 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ის კინოინდუსტრიის პროფესიონალებისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრის ადგილია.ლევან დვალი – საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორი: “კანის კინოფესტივალზე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კინომოვლენაზე საქართველო, ტრადიციულად, წარმოდგენილია თავისი ეროვნული პავილიონით. ჩვენს დელეგაციაში შედიან როგორც ეროვნული კინოცენტრისა და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა “გადაიღე საქართველოში” წარმომადგენლები, ასევე ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები. ის ადამიანები, რომლებიც რეალობაში ქმნიან თანამედროვე ქართულ კინოს. საკმაოდ დატვირთული დღეები გველის, ათეულობით შეხვედრაა ჩანიშნული და ყველა შეხვედრა ეხება და ემსახურება ერთადერთს – ქართული კინოს განვითარებას, მეტი შესაძლებლობის შექმნას, როგორც პროექტების წარდგენას უცხოელი თანადამფინანსებლისთვის თანხების მობილიზების მიზნით, ასევე სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობების დამყარებას, მათ შორის, თანაწარმოების ხელშეკრულებების გაფორმებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.“რენატა პალიზონი – ბრაზილიის კინო სააგენტოს წარმომადგენელი: „მე ბრაზილიის ერთ-ერთი უმსხვილესი კინო სააგენტოს წარმომადგენელი ვარ. ახლახანს დავასრულე შეხვედრა საქართველოს ეროვნულ პავილიონში თქვენი კინოსექტორის წარმონადგენლებთან. ძალიან ნაყოფიერი განხილვა გვქონდა. აღმოვაჩინე, რომ ქართველებს და ბრაზილიელებს ბევრი გვაქვს საერთო. მგონია, რომ მომავალში ძალიან საინტერესოდ ვიმუშავებთ ერთად.”

