რუსეთის დუმამ პუტინის დაკვეთა ზუსტად 5 დღეში შეასრულა. დოკუმენტი ოკუპირებულ ცხინვალთან “თანამშრომლობის გაღრმავების” და ე.წ ღრმა ინტეგრაციის შესახებ უკვე რატიფიცირებულია. კრემლი დროს არ კარგავს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სრული ანექსიისკენ სწრაფი სვლით მიდის, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი პუტინის გეგმას ისევ დუმილით ხვდება.
გაგლოევსა და პუტინს შორის კრემლში ხელმოწერილი ახალი დოკუმენტი – „ღრმა ინტეგრაცია“, პრაქტიკულად ცხინვალის რეგიონის ანექსიის იურიდიული გაფორმებაა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ “ოცნების” ე.წ დათბობის პოლიტიკას შედეგი არ მოაქვს.
მოსკოვი თან საქართველოს ტერიტორიებს იტაცებს და თან ქართულ ოცნებას აქებს. მიხაილ კალუგინის შემდეგ ასპარეზზე პუტინის გუნდის წევრი, დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინია. მოსკოვი ქართული ოცნების ნარატივს ევროკავშირის წინააღმდეგ იყენებს და ივანიშვილის პარტიას თანამშრომლობის ხელს კიდევ ერთხელ უწვდის.




