მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული:
საქართველოს ახალი პატრიარქი ჰყავს.
არ შეიძლება პატივს სცემდე განსვენებულ პატრიარქს, მიგაჩნდეს იგი უაღრესად გამჭრიახ ლიდერად და ამავე დროს პატივი არ სცე მის მიერ გამორჩეულ და მემკვიდრედ დატოვებულ პიროვნებას.
შესაბამისად, ახალ პატრიარქზე ვიშვიში იმ პირებისაგან, რომლებმაც მხურვალედ დაიტირეს განსვენებული, სულ ცოტა ალოგიკურია.
ცხადია, ყველამ ვიცით როგორი უნდა იყოს იდეალური საქართველოს იდეალური პატრიარქი, მაგრამ რეალობას ყოველთვის განსხვავებული კრიტერიუმები აქვს.
რელიგიური ინსტიტუციებიდან ძალიან შორს შორს ვიყავი და ვარ, მაგრამ ელემენტარული ლოგიკის და დაკვირვების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ილია მეორემ უაღრესად გონივრულად შეარჩია თავისი მემკვიდრე.
განსვენებულმა პატრიარქმა შერჩევის პროცესი საკმაოდ ადრე დაიწყო და მაქსიმალური ძალისხმევა მოახმარა მემკვიდრისათვის მნიშვნელოვანი ბიოგრაფიის შექმნას. ილია მეორემ იცოდა, რომ ამ ეტაპზე რუსებთან კონფლიქტს საქართველოს ეკლესიის შიგნიდან დანგრევა შეეძლო; შესაბამისად, ახალ პატრიარქს შეუქმნა საფუძველი ამ კონფლიქტის მინიმალიზაციისათვის.
მემკვიდრე პოლიტიკური ლიდერიც უნდა იყოს, რადგან რელიგიური ინსტიტუტი საქართველოში მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან. ამაში უცნაური არაფერია. თუ მსოფლიოს ერთერთ წამყვან დემოკრატიას სასაცილო ჯინჯილებასხმული კაცი შეიძლება მეფედ ჰყავდეს, რა გასაკვირია რომ საქართველოში პატრიარქი პოლიტიკოსი იყოს. პოლიტიკაში კი სალოსები არ გამოდგებიან. იქ ისინი ყოველთვის ქაოსს და კატასტროფებს იწვევენ.
გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო მემკვიდრის ასაკიც. დაახლოებით 30 წელი ქართულ ეკლესიაში არჩევნები აღარ ჩატარდება. ეს ერთგვარი სტაბილურობის გარანტიაა. ახალ პატრიარქს მიეცემა საშუალება თავისი გარემოცვა თავად ჩამოაყალიბოს, თუ მას გააჩნია საკმარისად მძლავრი ნება.
და ბოლოს, რეპუტაცია და ინტელექტი. არავინ არ უწყოდა უკეთ საკუთარი გარემოცვის რეალური რეპუტაცია და რეალური ინტელექტი, ვიდრე ილია მეორემ.
განსვენებულმა პატრიარქმა მოახერხა და საქართველოს მოსახლეობის „საკონტროლო პაკეტში“ უძლიერესი რეპუტაცია შეიქმნა; შესაბამისად, ობიექტურად უნდა აღინიშნოს მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები მემკვიდრის გამორჩევის პროცესშიც. ილია მეორემ ასარჩევად არ დაუტოვა საქმე საკმაოდ ჭრელ და საკამათო ინტელექტუალური თუ ღირებულებითი ავტორიტეტის მქონე სინოდს. მან გამზადებული კანდიდატი მიაწოდა ეკლესიასაც და ხალხსაც.
ახლა ყველაფერი ახალ პატრიარქზეა დამოკიდებული, რადგან განსვენებული პატრიარქის წვდომა მოვლენებზე არჩევნების დასრულებასთან ერთად დასრულდა.
წარმატებები ვუსურვოთ.




