აქტივისტი ნიკო მანაგაძე:
დღეს კობახიძემ “განათლების რეფორმის” ფარგლებში გამოაცხადა, რომ ქმნიან “საქართველოს დიპლომატიის აკადემიას”, რომელსაც უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი ექნება.
მიზეზად დაასახელა ის, რომ უკვე არსებული სახელმწიფო თუ კერძო სასწავლებლები ვერ ზრდიან კვალიფიციურ კადრებს ამ მიმართულებით.
ქვეყანაში არსებობს საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის ორი მთავარი და ყველაზე პრესტიჟული საბაკალავრო პროგრამა – “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა” და “თავისუფალ უნივერსიტეტში”. ორივე მათგანი არის (ბუნებრივად) მკაფიოდ პროდასავლური ხედვის მქონე, მაღალკვალიფიციური ლექტორებით დაკომპლექტებული და შესაბამისად, ასეთივე სტუდენტების, მომავალი დიპლომატების სამჭედლო (მაშასადამე, რეჟიმის დღევანდელ საგარეო პოლიტიკურ კურსთან წინააღმდეგობაში მოსული). არ ვიცნობ ასე ახლოდან, მაგრამ ალბათ იგივე ხდება სხვა უნივერსიტეტების შემთხვევაშიც.
ეს ამბავი დიდი ხანია აწუხებს რეჟიმს. მათ შორის, კონკრეტული გამოვლინებები სდევდა ამ ყველაფერს თან, მაგალითად, როცა 2023 წელს, “აგენტების შესახებ რუსული კანონის” ინიცირებისას, თსუ-ში “საერთაშორისო ურთიერთობების” სტუდენტებმა ერთხმად უარი ვთქვით რეჟიმის წარმომადგენელს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს წაეკითხა ჩვენთვის ევროპათმცოდნეობის საგანში ლექციები. მაშინ ბატონმა სამხარაძემ უვადო აკადამიური შვებულება აიღო და იმ სემესტრში, ფაქტობრივად, წასვლა მოუხდა უნივერსიტეტიდან. მტკივნეულად ახსოვთ ესეც და მძიმედ აღიქვამენ ზოგადად იმ სურათს, რომ ასეთი მყარი და მონოლითურია ეს ფაკულტეტი (საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე, ბუნებრივად, ერთი “პრორუსი” თუ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ლექტორიც არ არსებობს).
გარდა ამისა, დიქტატორული ძალაუფლების ხანგრძლივად ჩაბეტონების მსურველი ძალისთვის პრობლემა არის ისიც, რომ მკაფიოდ შეცვლილი საგარეო პოლიტიკისა და პრიორიტეტების ფონზე, უნივერსიტეტები მომავალ დიპლომატებად და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებად, ასეთ გარემოში აღზრდილ, (შესაბამისად) მათი პოლიტიკისთვის წინააღმდეგობრივი ხედვის მქონე სტუდენტებს უშვებენ. როგორ გინდა ამ ხალხს ჩააბარო დიპლომატიურ უწყებებში სამომავლოდ საქმე?! ისედაც არ გაკლია მორჩილი კადრების მხრივ ამ სფეროში პრობლემები..
მიმდინარე ე.წ. განათლების რეფორმის პროცესში ალბათ ბევრი იფიქრეს, როგორ შეიძლება მოეგრიხათ კისერი უკვე არსებული ამ “სამჭედლოებისთვის”. ერთი მხრივ, კერძო უნივერსიტეტს ვერ ეხებიან და ასევე ცხადია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაბამისი კურსის სრულად გაუქმება, ან აკადემიური პერსონალის სრულად გაყრა და მათი ახალი, სასურველი ფორმით “გამოძერწილი” ლექტორებით ჩანაცვლება შეუძლებელია. ვერც ახალ სასწავლო მასალას/დირექტივებს დაუწერ, სკოლების მსგავსად.
ამიტომ, მათ გასანეიტრალებლად, უნდა შექმნა ახალი, მასშტაბური და მიმზიდველი ალტერნატივა, სასწავლებელი, რომლის ფორმირებას ფუნდამენტიდანვე საკუთარი ხედვის და ამოცანების შესაბამისად შეძლებ, აბსოლუტურად სასურველ ფორმას და შინაარსს მისცემ, შესაბამისი კადრებით დააკომპლექტებ, და რომელიც სასურველ გენერაციას გამოგიზრდის, პირდაპირ მოგაწვდის.. მთავარი უპირატესობა და ხიბლი ისაა, რომ სწორედ ამ სასწავლებელში გამოზრდილ სტუდენტებს მიენიჭებათ პრიორიტეტი სახელმწიფო დიპლომატიურ სამსახურებში, პირდაპირ გადაინაცვლებენ, მიაწვდის სისტემა ერთი ხელიდან მეორეს.
გგონიათ, ამაზე მეტი სჭირდება სტუდენტების აბსოლუტურ უმრავლესობას?
ესაა კომპლექსური ხედვაც და ქცევაც, რასაც ოსტატურად მისდევს ივანიშვილის დაჯგუფება.
არაერთხელ მითქვამს, რომ ესენი ბევრად ხანგრძლივ პერსპექტივაში უყურებენ საკუთარ ძალაუფლებას, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვებიან ამ პირამიდის მშენებლობას.
დიქტატორული რეჟიმის სახით ჭაობის ლიანა დაგვტრიალებს თავს, რომელიც თანდათან გითრევს და რომლისგანაც თავის დაღწევა მხოლოდ მისი სრული ამოძირკვით, განადგურებითაა შესაძლებელი.




