“რუსთავი” ახლოს იყო კიდევ ერთ ხმაურიან გამარჯვებასთან – ძმები ქუთათელაძეების მიერ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, გია ცეცაძის შეგირდები 88-ე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და დამატებულ წუთებზე ანდრიჩმა წონასწორობა აღადგინა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ტორპედომ” მოიპოვა ქულა, ხოლო “რუსთავმა” დაკარგა ორჯერ მეტი. როგორ ნანობენ ახლა რუსთაველები იმ ორი-სამი რეალური საგოლე მომენტის გამო, რომელიც მეორე ტაიმში გაანიავეს – მათ შეეძლოთ, საქმე გაცილებით ადრე მოეთავებინათ…
“ტორპედომ” კი ვერა და ვერ მიაღწია სტაბილურობას. რამდენიმე შთამბეჭდავ გამარჯვებას კვლავ მოჰყვა უჯიგრო და უფანტაზიო თამაში, რაც მაინცდამაინც კაცნაკლულობით ვერ აიხსნება.
ალბათ, კლუბში იმსჯელებენ ამ საკითხზე და რაღაც გამოსავალს მიაგნებენ, თორემ სადაცაა ევროტურნირები მოგვადგება კარს, სადაც ქუთაისელებს ქვეყნის სახელით მოუწევთ თამაში…
ტორპედო-რუსთავი 1:1
გოლები: 0:1 ნიკოლოზ ქუთათელაძე (88, ალექსანდრე ქუთათელაძის პასით), 1:1 ანდრიჩი (90+2, კოხრეიძის პასით)
ტორპედო: კლიაიჩი, ვარლეი, მანე (ბუკია 46), შიმიჩი, ბასილაძე (ზიტა 78), არაბიძე (კოხრეიძე 83), მამუჩაშვილი, ითრაქი, პირესი (ნადარაია 46), ანდრიჩი, დეისაძე (შერიფი 37)
რუსთავი: ბერიაშვილი, კაპანაძე, იაკობიძე, ფაცაცია, ჩიქოვანი, სეიხასი (ნაკანო 60), პამი (გუჯაბიძე 60), უბილავა (ალექსანდრე ქუთათელაძე 86), კენიო, ალმეიდა (ნიკოლოზ ქუთათელაძე 73), კესი (ჯიბრილი 73)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი
33-ე წუთზე “ბოლო იმედის” ჯარიმისთვის გააძევეს ვარლეი (ტორპედო)