პსჟ-მ „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა და დღეს დილით მიუნხენში გაფრინდება. პარიზულ გუნდს Infinity-ში უნდოდა დაბინავება, სადაც გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალისას იმყოფებოდნენ, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს. „ბაიერნის“ მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ და სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა განაცხადეს, რომ ეს მათი საშინაო მატჩი და მათი ქალაქია და ეს სასტუმრო ბავარიულმა გუნდმა დაიკავა.
კომპანიმ ქომაგებს მიმართა: „ჩემი ერთადერთი თხოვნაა: თუ ვინმე ბილეთს შეიძენს და თავს შეუძლოდ იგრძნობს, სახლში დარჩეს და ბილეთი ყველაზე ჯანმრთელ ადამიანს მისცეს, რომელიც ჩვენი ციხესიმაგრის დაცვაში შეიტანს წვლილს. უნდა გავიმარჯვოთ და 75 ათასი ფანის თანადგომა გვჭირდება“.
„რეკორდმაისტერის“ გენერალური დირექტორის იან-კრისტიან დრეზენის თქმით, წაგებულ პირველ შეხვედრაში (4:5) ქება დაიმსახურეს, მაგრამ ქათინაურებით ფინალში ვერ გავლენ, ამისათვის წარმოუდგენელ „პარი სენ ჟერმენთან“ საფეხბურთო სამყაროს გაოგნება სჭირდებათ.
„ბაიერნი“ პსჟ-სთან ახალი ფორმით ითამაშებს.
პსჟ Andaz-ში დაბინავდება, რომელიც „ალიანც არენასთან“ უფრო ახლოს მდებარეობს. პარიზიდან საყვარელ გუნდს მხარდასაჭერად 3 700 გულშემატკივარი გაჰყვება – ეს ფიფას მიერ სტუმართა გუნდის ქომაგებისთვის დაწესებული 5%-იანი კვოტაა.
„პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელის ლუის ენრიკეს განკარგულებაში მხოლოდ ტრავმირებულები ლუკა შევალიე და აშრაფ ჰაკიმი არ არიან. მაროკოელს უორენ ზაირ-ემერი შეცვლის. ფაბიან რუისი ძირითად შემადგენლობაში იქნება, თუმცა ეჭვობენ ფიზიკური მდგომარეობის გამო 90 წუთი (ან 120) შეძლოს თამაში. სხვა მხრივ სასტარტოში ცვლილებები მოსალოდნელი თითქმის არ არის. „ეკიპის“ ცნობით, გასარკვევია თავიდან თამაშს დეზირე დუე დაიწყებს თუ ბრედლი ბარკოლა.
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: საფონოვი, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე (ან ბარკოლა), კვარაცხელია, დემბელე.