სოსო არჩვაძე – ე.წ. საოჯახო კალათის შემოღება არის შედარებით მოკლევადიანი პერიოდის შედეგის მომტანი – არის ორი საკითხი, რას წამოვწევთ წინ: დღევანდელ „კვერცხს“ თუ ხვალინდელ „ქათამს“

ე.წ. საოჯახო კალათის შემოღება არის შედარებით მოკლევადიანი პერიოდის შედეგის მომტანი და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება – აქ არის ორი საკითხი, რას წამოვწევთ წინ: დღევანდელ „კვერცხს“ თუ ხვალინდელ „ქათამს“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა, სოსო არჩვაძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის დასკვნასა და ასევე, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტზე ფასების გადახედვის თაობაზე ქსელური მარკეტების პოზიციას.

როგორც მან აღნიშნა, „ჩვენ მიზნად უნდა დავისახოთ, არა იმდენად ფასების შემცირება, მთავარი სტრატეგია უნდა იყოს მოსახლეობის შემოსავლების ისეთი ზრდა, რომელიც დაუპირისპირდება ფასების ზრდას“.

„ფაქტობრივად, კომისიის მუშაობამ მოგვცა საშუალება დაგვენახა ის ვიწრო ადგილები, რაც არსებობდა საცალო ვაჭრობაში. ზოგადად, ეს [პირველადი საჭიროების სასურსათო კალათაზე ფასების შემცირება] არის შედარებით მოკლევადიანი პერიოდის შედეგის მომტანი და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება. ჩვენ რამდენიმე მილიარდი დოლარის აგრო სასურსათო პროდუქციის იმპორტი გვიხდება ყოველწლიურად. დაახლოებით 32 მლრდ დოლარის აგრო სასურსათო პროდუქციის იმპორტი განხორციელდა ამ საუკუნეში. უარყოფითმა სალდომ შეადგინა დაახლოებით 14 მლრდ დოლარი, რაც 2.5-ჯერ და მეტჯერ აღემატება ჩვენს აგრარულ სექტორში შექმნილ დამატებული ღირებულებას. ვფიქრობ, ამ მიმართულებით საკითხი უნდა წარვმართოთ, ისე, რომ შევძლოთ რაც შეიძლება ნაკლები ვალუტა გავიდეს ქვეყნის გარეთ, მოვახდინოთ პროდუქციის ჩანაცვლება და ამის საფუძველზე ჩვენ არამარტო გავამყაროთ ეროვნული ვალუტა, არამედ წარმოებას მივცეთ მეტი ეფექტიანობის შესაძლებლობა. ამის გარდა, შეიძლება ზრუნვა კიდევ იმაზეც, რომ ვიფიქროთ, დამატებითი ღირებულების გადასახადის განაკვეთის აწევაზე. ამჟამინდელი 300 ლარიდან რამდენჯერმე იმ ფასების გათვალისწინებით, რაც ყალიბდება ჩვენთან და საზღვარგარეთ. ეს მოგცემს საშუალებას შედარებით გავზარდოთ იაფი პროდუქციის მიწოდება ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჯამში, ყველაფერს კომპლექსურად თუ შევხედავთ, გვექნება შესაძლებლობა ფასების ზრდას სერიოზული წინაღობა გავუწიოთ.

ამასთან, აქ არის ორი საკითხი: რას წამოვწევთ წინ – დღევანდელ კვერცხს თუ ხვალინდელ ქათამს. რა თქმა უნდა, ფისკალურ ეფექტს უკავშირდება და დღგ-ის განაკვეთის აწევა გამოიწვევს მიმდინარე ეტაპზე შემოსავლების მოცულობის კლებას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მოგვცემს საშუალებას, რომ გავზარდოთ მოსახლეობის კეთილდღეობა, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დონე. ამის საფუძველზე მივცეთ მათ საშუალება მეტი მოტივაციისთვის, რომ დასაქმდნენ ეროვნულ მეურნეობაში და ამ დასაქმების საფუძველზე შექმნან არამარტო მეტი დამატებული ღირებულება, არამედ ბიუჯეტთან უფრო მასშტაბური ინექციები განახორციელონ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები არა მოკლევადიან პერიოდზე, არამედ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე. ამის რესურსები ქვეყნის, საზოგადოებას, ბიზნესსექტორსა და მოსახლეობას ნამდვილად გაჩნია. ჩვენ ღია, გახსნილი ეკონომიკის პირობებში გვიხდება ცხოვრება. საქართველოს ეკონომიკური კავშირები აქვს 140-ზე მეტ სახელმწიფოსთან და ის პროცესები, რაც გლობალური მასშტაბით მიმდინარეობს მსოფლიოში, პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს სამომხმარებლო კალათასა და ფასების საერთო დონეზე. ამიტომ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩაკეტილი სისტემის ფორმირებას, ეს არც არის მიზანშეწონილი, არც ეფექტიანია“,- განაცხადა არჩვაძემ.

მისივე თქმით, ჩვენ უნდა შევძლოთ მუდმივი ცვალებადობის რეჟიმში მყოფი გლობალური ეკონომიკის პირობებში შევინარჩუნოთ მოსახლეობის კეთილდღეობა.

„ამასთან, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქვეყანაში გავზარდოთ დასაქმება და კეთილდღეობის ზრდის მთავარი მაგისტრალური ზრდა უნდა იყოს არა ფასების შემცირება, არამედ მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, რომელთა მსყიდველობით უნარიანობა დროთა განმავლობაში რომ იზრდებოდეს. „საიდუმლოს“ გაგიმხელთ, რომ 2008 წლის შემდეგ -შიც კი სამომხმარებლო ფასების დონემ მოიმატა 1.5-ჯერ. ეს ზოგადი ტენდენციაა, ამიტომ ჩვენ მიზნად უნდა დავისახოთ არა იმდენად ფასების შემცირება, მთავარი სტრატეგია უნდა იყოს მოსახლეობის შემოსავლების ისეთი ზრდა, რომელიც დაუპირისპირდება ფასების ზრდას და იქნება ამ ფასების ზრდაზე გაცილებით მეტი.

რომ შევინარჩუნოთ დაბალი ფასები სოციალურად აუცილებელ პროდუქტთა ნაკრებზე ან კალათაზე, ამ მიმართულებით არსებობს გამოცდილება განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში. არ დაგვჭირდება „ახალი ველოსიპედის“ გამოგონება. შეიძლება ამ მიმართულებით წახვიდე რადიკალური ნაბიჯების მხრივ, მაგალითად პირველადი მოხმარების საგნებზე, როგორიცაა პური და რძის პროდუქტები, მოხდეს დამატებული ღირებულების გადასახადის განაკვეთის შემცირება, 2-3-ჯერ. ამ მიმართულებითაც შეიძლება, გამოცდილება არსებობს. ზოგადად, ზრდის ტენდენცია საბაზრო ეკონომიკებისთვის დამახასიათებელი პროცესია, ამას ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ მიზეზშედეგობრივი ხისტი კავშირი იმის გამო, რომ ჩვენ კალათაში შედარებით დაბალფასიანი პროდუქციის გამო მოხდეს სხვა პროდუქციის გაზრდა, კორელაცია სუსტია. არ გამოვრიცხავ, რომ კავშირი არსებობდეს, მაგრამ სუსტია“, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.

ცნობისთვის, „რითეილ ასოციაციამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „რითეილ ასოციაციის“ წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა „ნიკორა სუპერმარკეტმა“ და განაცხადა, რომ ფასებს განაახლებს და ყოველდღიურ პროდუქტებს „კიდევ უფრო ხელმისაწვდომს“ გახდის. განცხადება გაავრცელა „დეილი ჯგუფმაც“ და აღნიშნა, რომ „შეიქმნება პირველადი მოხმარების პროდუქციის კალათა, რომელიც გააერთიანებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს“. კიდევ ერთმა კომპანიამ „გუდვილმა“ კი განაცხადა, რომ „ფასების დაწევის მიზნით, მუდმივ რეჟიმში განხორციელდება გარკვეული პროდუქტების გამოყოფა, რომლებზეც გავრცელდება განსაკუთრებული შეთავაზებები”.